საქართველოს სამინისტროები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს სამინისტროები — იქმნება კანონის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად[1]. იგი ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მას აქვს სამინისტროს აქვს დებულება, დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით[2].

სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე[3].

კომპეტენცია[რედაქტირება]

სამინისტრო ასრულებს მოქმედებებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. სამინისტროს კომპეტენცია დგინდება კანონით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და მთავრობის დადგენილებით. მას უფლება არ აქვს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს გადასცეს უფლება-მოვალეობები, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი[4].

სამინისტროს მმართველობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით. თუ საკითხი, რომელიც კანონით გადაცემულია აღმასრულებელი ხელისუფლების გამგებლობაში, არ მიეკუთვნება არც ერთი სამინისტროს გამგებლობის სფეროს, მასზე გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს ასევე გადაწყვეტილება შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხზე, თუ შესაბამისი სამინისტრო არ იღებს გადაწყვეტილებას ან აყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას აღნიშნულ საკითხზე, გარდა ქვეყნის უშიშროების, თავდაცვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან და საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხებისა. თუ საკითხი მიეკუთვნება რამდენიმე სამინისტროს გამგებლობის სფეროს და განსაზღვრული არ არის მასზე გადაწყვეტილების მიმღები სამინისტრო, გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა[5].

დებულება[რედაქტირება]

სამინისტროს გააჩნია დებულება, რომელიც მის მმართველობის სფეროს. სამინისტროს დებულებას, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროების დებულებებისა, მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა. საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროების დებულებებს მთავრობის წარდგინებით, ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი[6].

სამინისტროს დებულება უნდა შეიცავდეს სამინისტროს სრულ დასახელებას და იურიდიულ მისამართს, მისი საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს, სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობებს, სამინისტროს სისტემას, სტრუქტურას, სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას, სხვა არსებით საკითხებს სამინისტროს საქმიანობის ორგანიზების შესახებ[7].

სტრუქტურული ქვედანაყოფები[რედაქტირება]

სამინისტრო, დებულების შესაბამისად, იყოფა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად, რომლის კომპეტენციაც განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით[8].

სამინისტროს სისტემაში არსებული იმ დეპარტამენტის, ინსპექციის, მთავარი სამმართველოს, სამმართველოს, სხვა სტრუქტურული ერთეულის კომპეტენცია, რომელიც ახორციელებს მმართველობით ფუნქციებს, სახელმწიფო ზედამხედველობას და კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში – სახელმწიფოებრივ იძულებას, განისაზღვრება სამინისტროს დებულებით[9].

ტერიტორიული ორგანო[რედაქტირება]

სამინისტროს ტერიტორიული ორგანო იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს მთავრობის დადგენილებით, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. იგი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს და მის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი[10].

საქართველოს სამინისტროები[რედაქტირება]

ამჟამად, საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში შედის თექვსმეტი სამინისტრო[11]:

სამინისტროები
განათლებისა და მეცნიერების
გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
ენერგეტიკის
თავდაცვის
იუსტიციის
კულტურისა და ძეგლთა დაცვის
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
საგარეო საქმეთა
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა
სოფლის მეურნეობის
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
ფინანსთა
შინაგან საქმეთა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტი
  2. საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ მე-15 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები
  3. საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ მე-20 მუხლის პირველი პუნქტი
  4. საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ მე-15 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები
  5. საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ მე-16 მუხლი
  6. საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები
  7. საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი
  8. საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ მე-18 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები
  9. საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ მე-18 მუხლის მე-8 პუნქტი
  10. საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ მე-19 მუხლი
  11. საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი