საქართველოს თევზის მრეწველობის საწარმოო გაერთიანება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს თევზის მრეწველობის საწარმოო გაერთიანება — შეიქმნა 1975 წელს. უფრო ადრე 1930—1966 წლებში იყო სათევზმრეწვის ტრესტი, რომელიც 1966 წელს გადაკეთდა საქთევზმრეწვის საწარმოო სამმართველად.

საქართველოს თევზის მრეწველობის საწარმოო გაერთიანებაში შედიოდა: ფოთის საოკეანო თევზის სამმართველო, აჭარის ასსრ თევზმჭერი ფლოტის სამმართველო, სოხუმის თევზის დასამუსავებელი კომბინატი, გაგრის თევზის დასამუშავებელი ქარხანა, საქართველოს შიდაწყალსატევების თევზის მეურნეობის კომბინატი, ბათუმის, ფოთის, სოხუმისა და გაგრის თევზის მომპოვებელი კოლმეურნეობები.

საქართველოს თევზის მრეწველობის საწარმოო გაერთიანება თევზს მოიპოვებდა მსოფლიო ოკეანეებში, შავსა და აზოვის ზღვაში, საქართველოს შიდაწყალსატევებსა და თევზსაშენ სატბორე მეურნეობებში.

თევზის დასამუშავებელი საწარმოები მოპოვებული თევზის ნედლეულისაგან ამზადებდნენ დამარილებულსა და სურნელოვან-დამარილებული თევზის პროდუქციას. რესპუბლიკის შიდა წყალსატევებში მოპოვებული თევზის — კობრი, სიგი, ხრამული, ლოქო, შამაია, კალმახი და სხვა — რეალიზაცია ხდებოდა ძირითადად ცოცხალი და გაცივებული სახით, ხოლო ოკეანეებში მოპოვებული თევზისა — გაყინული, შებოლილი, დამარილებული და კონსერვების სახით.

საქართველოს თევზის მრეწველობის საწარმოები თევზის და ზღვის ცხოველებისაგან ამზადებდნენ თევზის ფქვილს, რომელსაც ფაქთოდ იყენებენ ცხოველებისა და ფრინველების საკვებად. საქართველოში თევზის მრეწველობის სწრაფად განვითარებასთან ერთად მომზადდა მეთევზეთა კვალიფიკაციური კადრები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]