რომან გველესიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გველესიანი.

რომან ალექსანდრეს ძე გველესიანი (დ. 17 აგვისტო, 1888 — გ. 2 აპრილი, 1949, ლონდონი, დაკრძალულია ბრომპტონის სასაფლაოზე) — ქართველი სამხედრო მოღვაწე. რუსეთის, საქართველოს და პოლონეთის არმიების პოლკოვნიკი.

დაიბადა რუსეთის არმიის ოფიცრის, ალექსანდრე გველესიანისა და თამარ (ვარვარა) დავითის ასული ჭავჭავაძის ოჯახში. 1909 წლიდან სამხედრო სამსახურში იყო. I მსოფლიო ომის (1914-1918) დროს მსახურობდა ლაიბ-გვარდიის ერევნის მე-13 პოლკის პორუჩიკად, 1916 წლიდან — რჟევის 490-ე ქვეითი პოლკის კაპიტნად. ბრძოლის ველზე თავის გამოჩენისთვის დაჯილდოებული იყო წმ. ანას IV (1915), III (1915) და II (1916), წმ. სტანისლავის III (1915) და II (1916), წმ. ვლადიმერის IV (1916) და III (1917) ხარისხის ორდენებით. 1917 წლის თებერვალში მიიღო პოდპოლკოვნიკის წოდება. 1918 წლიდან იყო საქართველოს ჯარის პოლკოვნიკი.

1921 წელს, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, გველესიანი ემიგრაციაში იყო პოლონეთში, სადაც დაამთავრა ბიდგოშჩის უმცროს ოფიცერთა სკოლა (1923), შემდეგ სწავლობდა ვარშავის უმაღლესი სამხედრო სკოლაში. 1926 წლის ოქტომბრიდან კონტრაქტით მსახურობდა პოლონეთის არმიაში. 1927-1929 წლებში რომან გველესიანი იყო პულავის მენაღმეთა მე-2 პოლკის მეთაურის მოადგილე, ხოლო 1930 წლიდან ირიცხებოდა მე-4 ქვეითი დივიზიის შტაბში. 1938 წლის მარტიდან მსახურობდა მე-6 ქვეითი დივიზიის მეთაურის მოადგილედ. II მსოფლიო ომის (1939-1945) დასაწყისში ხელმძღვანელობდა კრაკოვის გამაგრებულ რაიონს. შემდეგ იმყოფებოდა პრჟემისლში, ბრიგადის გენერალ ბოლესლავ იატელნიცის შტაბში; იცავდა დნესტრის ხაზს. პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ ერთხანს წინააღმდეგობის მოძრაობაში იყო, მალე სხვა პოლონელ სამხედროებთან ერთად ევაკუირებული იყო რუმინეთში, საიდანაც ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი დიდ ბრიტანეთში გადავიდა. აქტიურად თანამშრომლობდა პოლონურ პოლიტიკურ ემიგრაციასთან. გარდაიცვალა და დაკრძალულია ლონდონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Wojciech Materski. Gruzini oficerowie kontraktowi Wojska Polskiego w kampanii wrześniowej 1939 r. Pro Georgia. Journal of Kartvelological Studies, No 26 — 2016 — s. 262.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]