რანგაკუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიტყვა „რანგაკუ“ იაპონურად. პირველი ნიშანი წარმოადგენს სიტყვა „ჰოლანდიის“ შემოკლებულ, ფონეტიკურ ადეკვატს (რომელიც ფორმალურად გამოისახება ასე 阿蘭陀 [ო-რან-და] (ჰოლანდია), ხოლო [რან] არის ამ ფორმის შემოკლებული ვარიანტი). მეორე ნიშანი „გაკუ“ ნიშნავს „სწავლას“.

რანგაკუ (იაპონ. 蘭学, ქართულად სიტყვასიტყვით თარგმანში „ჰოლანდიის კვლევები“) — იაპონური მეცნიერების ერთ-ერთი მიმდინარეობა, რომელიც საკოკუს ხანიდან 1641–1854 წწ. გარესამყაროს შესწავლით იყო დაკავებული.

იაპონელი სწავლულები ეცნობოდნენ ნიდერლანდურ ან ნიდერლანდურ ენაზე ნათარგმნ ლიტერატურას და აანალიზებდნენ მას. აქედან გამომდინარე, რანგაკუ არის იაპონიისთვის ის, რაც დასავლეთისთვის არის ორიენტალისტიკა ან იაპონოლოგია.

რანგაკუ აღნიშნავს დასავლეთის გაცნობას ნიდერლანდური ენის მეშვეობით, რომელსაც ადგილი ჰქონდა იაპონიაში ქვეყნის ე.წ. „დახურვის ჟამს“ — 1641 წლიდან 1820 წლამდე.

ტერმინოლოგია[რედაქტირება]

ცნება „რანგაკუს“ საყოველთაო შემოტანა და დამკვიდრება უკავშირდება სუგიტა გემპაკუს (Sugita Gempaku) და XVIII საუკუნის სხვა პიონერების სახელს. განსაკუთრებით აღსანიშნავია სუგიტას მემუარები (რანგაკუ კოტო ჰაჯიმე, ქართ. „ჰოლანდიის კვლევის დასაბამი“), რომელმაც დიდი გავლენა იქონია თანამედროვეებზე და საერთოდ, ისტორიოგრაფიაზე. თავის მხრივ, მემუარების პოპულარიზების საქმეში დიდი როლი ითამაშა ფუკუზავა იუკიჩის (Fukuzawa Yukichi), თანამედროვე იაპონიის ერთ-ერთი მესაძირკვლის, ნაწერებმა.

ისტორია[რედაქტირება]

1720 წლის შემდეგ, როდესაც შოგუნ ტუკუგავა იოშიმუნემ (Shôgun Tokugawa Yoshimune) უცხოური წიგნების შესწავლის ნებართვა გასცა, იაპონელი მთარგმნელები, ექიმები და სწავლულები შეუდგნენ ნიდერლანდურენოვანი - ორიგინალური, ან ნიდერლანდურ ენაზე ნათარგმნი, წიგნების იაპონურად თარგმნა-ადაპტირებას.

იაპონელები აგროვებდნენ ინფორმაციებს ევროპელთა შესახებ და სწავლობდნენ ობიექტებს, რომლებიც აღმოსავლეთ-ინდოეთის კომპანიას (შემოკლ. VOC = Vereenigde Oostindische Compagnie) შემოჰქონდა ქვეყანაში. განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდა მედიცინა, სამხედრო ტექნიკა, აგრარული მეცნიერებები. ევროპაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები იწვევდა არანაკლებ ინტერესს.

რამდენადმე განსხვავებულ ცნობებს გვაწვდიან თვითონ ნიდერლანდელები, რომლებიც პირველნი იყვნენ, რომლებსაც იაპონურ მიწაზე ფეხის დადგმის უფლება მიიღეს. ისინი ყოველწლიურად იღებდნენ შეკვეთებს კუნძულ დეჯიმაზე, მომავალ წელს კი აწვდიდნენ იაპონელ შემკვეთებს სასურველ წიგნებს. ადაპტირებულ წიგნებს დიდი გავლენა ჰქონდა სწავლულთა მცირე ჯგუფსა და ზოგ ამ წიგნიერ პირებთან ახლო კონტაქტში მყოფ ხელოვანზე.

რანგაკუს წყალობით იაპონია, მუხედავად რესტრიქტიული ხასიათის ურთიერთობისა უცხოეთთან, არ დახვდა მთლად მოუმზადებელი ამერიკელი მეთიუ პერის (Matthew Perry) დანაყოფებს , როცა ისინი 1853 წელს შავი ხომალდებით მიადგნენ ედოს ყურეს; იაპონელებმა უკვე კარგად იცოდნენ დასავლეთის სახელმწიფოთა კოლონიალური მისწრაფებების შესახებ აზიაში, შესწავლილი ჰქონდათ სხვადასხვა ტექნოლოგიები და დასავლური ნოუ-ჰაუს გააზრების შედეგად მათ შესაძლებელი გახადეს XIX საუკუნის მეორე ნახევარში მოემზადებინათ ქვეყნის სწრაფი მოდერნიზირების მყარი საფუძველი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Numata Jirō: Western learning. a short history of the study of western science in early modern Japan. Übersetzt von R. C. J. Bachofner, Japan-Netherlands Institute, Tokio 1992.
  • Carmen Blacker: The Japanese Enlightment. A study of the writings of Fukuzawa Yukichi. Cambridge 1964.
  • Sugita Gempaku: Rangaku kotohajime (ქართ. „ჰოლანდიის კვლევების დასაბამი“). Übersetzt von Kōichi Mori, Sophia-Universität, Tokio 1942.
  • Kazuyoshi Suzuki (鈴木 一義}): Mite Tanoshimu Edo no Technology (見て楽しむ江戸のテクノロジー, ქართ. „ედოს ტექნოლოგია“. Sūken Shuppan, Tokio 2006, ISBN 4-410-13886-3
  • Timon Screech: Edo no Shisō Akima (江戸の思想空間, ქართ. „ედოს სამყაროს ინტელექტუალები“). Seidosha, Tokio 1998, ISBN 4-7917-5690-8
  • Wolfgang Michel: Aufbruch in „innere Landschaften“. Zur Rezeption westlicher Körperkonzepte in der Medizin der Edo-Zeit. MINIKOMI, No. 62 (Wien, 2001/4), გვ. 13–24. (PDF-Datei, Kyushu University Repository)
  • Wolfgang Michel: Japanische Importe optischer Instrumente in der frühen Edo-Zeit. In: Yōgaku – Annals of the History of Western Learning in Japan, Vol.12 (2004), გვ. 119–164 (იაპონურად). (PDF-Datei, Kyushu University Repository)
  • Wolfgang Michel, Torii Yumiko, Kawashima Mabito: Kyûshû no rangaku - ekkyô to kôryû (ヴォルフガング・ミヒェル・鳥井裕美子・川嶌眞人共編『九州の蘭学 ー 越境と交流, ქართ. ჰოლანდიის კვლევები კიუსიუში — საზღვრის გადალახვა და გაცვლა). Shibunkaku Shuppan, Kyôto, 2009. ISBN 978-4-7842-1410-5