ჟან გაბენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან გაბენი
Jean Gabin
Jean Gabin Touchez Pas au Grisbi.jpg
ჟან გაბენი ფილმში „Touchez Pas au Grisbi“ (1954)
დაბ. სახელი Jean-Alexis Moncorgé
დაბ. ადგილი პარიზი, საფრანგეთი
დაბ. თარიღი 17 მაისი 1904
გარდ. თარიღი 15 ნოემბერი, 1976
ნიუ-სიურ-სენი, საფრანგეთი
საქმიანობა მსახიობი
წლები 1924-დან დღემდე

ჟან გაბენი (ფრანგ. Jean Gabin, ნამდვილი სახელი და გვარი ჟან-ალექსის მონკორჟე ფრანგ. Jean-Alexis Moncorgé; (დ. 17 მაისი 1904, პარიზი, საფრანგეთი ― გ. 15 ნოემბერი 1976, ნიუ-სიურ-სენი, ილ-დე-ფრანსი, საფრანგეთი) — გამოჩენილი ფრანგი მსახიობი და ომის გმირი. დაიბადა პარიზში, საფრანგეთი; გაიზარდა სოფელ მერიელში სენ-ე-უაზის პრეფექტურაში (ამჟამინდელი ვალ-დ'უაზის დეპარტამენტი) პარიზიდან ჩრდილოეთით 35 კილომტერში. კაბარეს მსახობების შვილი, შავ მუშად მუშაობდა, თუმცა 19 წლის ასაკში შოუ ბიზნესში მოხვდა მცირე როლით ფოლი-ბერჟერის სპექტაკლში. ჯარში გაწვევამდე აგრძელებდა სხვადასხვა მეორეხარისხოვანი როლების შესრულებას.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

სამხედრო ვალის მოხდის შემდეგ გაბენი ისევ გართობის ბიზნესში ბრუნდება. ამ დროს ირჩევს ფსევდონიმად „ჟან გაბენს“ პარიზის სამუსიკო ჰოლებში თუ ოპერეტებში შემოთავაზებული როლების შესრულებისას. შემდეგ ერთ-ერთ თეატრალურ დასთან ერთად სამხრეთ ამერიკაში ტურით მიმგზავრება, საფრანგეთში დაბრუნებისას კი სამსახურს მულენ-რუჟში პოულობს. მისი სამსახიობო ნიჭი ამ პერიოდში სულ უფრო შესამჩნევი ხდება და, შესაბამისად, უკეთესი როლებიც შესთავაზეს, რის შედეგადაც 1928 წელს ორ მუნჯ ფილმში იღებს მონაწილეობას. ორი წლის შემდეგ ის ადვილად ერთვება გახმოვანებულ კინემატოგრაფიაში როლით 1930 წლის პათე ფრერის ფილმში „Chacun sa Chance“ (თითოეულს თავისი შანსი).

მეორეხარისხოვანი როლებით გაბენი ოთხ წელიწადში 25-მდე ფილმში იღებს მონაწილეობას. თუმცა ნამდვილი წარმატება მოჰყვა მის შესრულებას ჟულიენ დიუვივიეს 1934 წლის ფილმში „მარია შაპდელენი“. 1936 წლის ფილმში „ლა ბანდერა“ შესრულებული რომანტიკული გმირის როლით გაბენი ვარსკვლავის სახელს იხვეჭს. მომდევნო წელს, ისევ დიუვივიესთან ერთად, უაღრესად წარმატებულ ფილმში „პეპე ლე მოკო“ (1937) გაბენი საერთაშორისო აღიარებას ჰპოულობს. იმავე წელს გაბენი თამაშობს ჟან რენუას ფილმში „La Grande Illusion“, რომელსაც კინოგაქირავებაში უდიდესი წარმატება და კრიტიკოსთა უმაღლესი შეფასება მოჰყვა, ნიუ-იორკშიც კი, სადაც ის არნახულად დიდ ხანს — ექვს თვეს გადიოდა კინოთეატრებში. ჰოლივუდიდან უამრავი შემოთავაზების მიუხედავად გაბენი მათ თავდაპირველად უარით ისტუმრებდა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე. გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის დროს ის ჟან რენუასა და ჟულიენ დიუვივიესთან ერთად ამერიკაში გამეგზავრა.

1939 წელს მეორე ცოლთან განქორწინების შემდეგ, ჰოლივუდის პერიოდში, გაბენი მარლენ დიტრიხთან სასიყვარულო ურთიერთობას იწყებს. მისი ამერიკული ფილმები წარმატებით ვერ სარგებლობს და რთული ხასიათისა და ეგოიზმის გამო ჰოლივუდის კარიერა ჩავარდნის პირას მიჰყავს. ჰოლივუდის კინოპროდიუსერებზე განაწყენებული გაბენი გენერალ დე გოლის ფრანგულ განმათავისუფლებელ არმიას უერთდება, სადაც ის სამხედრო მედალსა (Médaille Militaire) და ომის ჯვარს (Croix de Guerre) იხვეჭს საბრძოლო დამსახურებისთვის ჩრდილოეთ აფრიკაში მოკავშირეებთან ბრძოლებში. გამარჯვების დღის შემდეგ, გაბენი იმ სამხედრო კონტინგენტის ნაწილი იყო, რომელიც განთავისუფლებულ პარზში ტრიუმფულად შევიდა. ჟურნალისტების მიერ ფირზე აღბეჭდილია სცენა, სადაც მოუთმენლად მომლოდინე მარლენ დიტრიხი ხალხმრავალ ქუჩაში გაბენს მოჰკრავს თვალს სამხედრო ტანკზე და მისკენ გარბის.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

წელი ქართულად ორიგინალური სახელწოდება როლი
1937 დიდი ილუზია La Grande illusion ლეიტენანტი მარეშალი
1955 ნაპოლეონი Napoléon ჟან ლანი
1965 ზეციური ჭექაქუხილი Le Tonnerre de Dieu ლეანდრ ბრასაკი
1974 ვერდიქტი Verdict მოსამართლე ლეგენი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]