პორტალი:ახალი ამბები/2010 აგვისტო 5

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 5 აგვისტო, 2010 (2010-08-05) (ხუთშაბათი)
  • საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ბელგიაში, ანტვერპენში გამართულ მატჩში ბელგიის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებთან 10 – ქულიანი სხვაობით დამარცხდა. ბელგიელებმა იგორ კოკოშკოვის გუნდის შეცდომებით ისარგებლეს და საქართველოს ნაკრებს 74-64 მოუგეს. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ზაზა ფაჩულია იყო. მან ეროვნულ გუნდს 20 ქულა შესძინა. შესარჩევ ეტაპზე ჩატარებული 2 შეხვედრის შემდეგ იგორ კოკოშკოვის გუნდი 3 ქულით ჯგუფში კვლავ პირველ ადგილზე იმყოფება. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს თბილისის სპორტის სასახლეში 11 აგვისტოს გამართავს. იგორ კოკოშკოვის გუნდის მეტოქე პორტუგალიის ეროვნული გუნდი იქნება. (I არხი)
  • ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 39 სამოქალაქო პირი დაიღუპა სარაკეტო იერიშის დროს, რომელიც გასულ თვეში განახორციელა ნატომ - დაიღუპა ნაკლები, ვიდრე ავღანეთში თავდაპირველად იუწყებოდნენ, მაგრამ გაცილებით მეტი, ვიდრე ნატო აღიარებს. ნატოს პრეს-მდივანმა დღეს განაცხადა, რომ ვერ გააკეთებს კომენტარს ცნობაზე 39 სამოქალაქო პირის დაღუპვის შესახებ. ნატომ ინციდენტის შესწავლის პირველ ეტაპზე განაცხადა, რომ ჰელმანდის პროვინციაში სარაკეტო იარიშის დროს 6 ადამიანი დაიღუპა - უმეტესწილად მეამბოხეები. (რადიო თავისუფლება)
  • დღეს ხანძარი გაჩნდა ახალციხის რაიონის სოფელ აწყურის მახლობლად. რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტის ცნობით, ცეცხლის ალი ერთდროულად რამდენიმე ადგილას ავარდა. ხანძრის ჩაქრობაში ავიაციის ჩარევა გახდა საჭირო. ოფიციალური ინფორმაციით, იწვის 15 ჰექტარი ტყის მასივი. ხანძარი მთაში გაჩნდა, რაც ქართან ერთად ართულებს ჩაქრობის პროცესს. ბორჯომის ხეობაში კი ხანძრის ღია კერები აღარ არსებობს და რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტის ცნობით, სპეციალისტები განმარტავენ, რომ მიმდინარეობს მიწისქვეშა ხანძარი. ამის გამო ადგილზე რჩებიან მეხანძრეები და მაშველები, რათა არ დაუშვან ღია კერების ისევ გაჩენა. (რადიო თავისუფლება)