პეტრე ოცხელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოთელო, პეტრე ოცხელი

პეტრე გრიგოლის ძე ოცხელი (დ. 25 სექტემბერი/8 ოქტომბერი, 1907, ქუთაისი ― გ. 1937) — ქართველი თეატრის მხატვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა ცნობილი ქუთაისელი კათოლიკეების ოჯახში. იოსებ ოცხელი იყო პეტრეს ბიძა.1920-იდან ქუთაისის რეალურ სასწავლებელში სწავლის პარალელურად მეცადინეობდა სასწავლებელთან არსებულ მცირე სახელოსნო-სტუდიაში, 1927-1928 სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1927 ოცხელმა თბილისის მუშათა თეატრში გააფორმა ა.ლუნაჩარსკის "ცეცხლის გამჩაღებლები". 1928 კ. მარჯამიშვილმა იგი ქუთაისის ქართული დრამის სახელმწიფო თეატრში მიიწვია, სადაც ოცხელმა გააფორმა შ. დადიანის "კაკალ გულში" (1928) და კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა" (1929). ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა მხატვარმა თავისი ნიჭისა და მხატვრული ხედვის წყალობით შექმნა განზოგადების ძალის მქონე მოცულობითი ესკიზები. 1930-იან წლებში მხატვარმა გააფორმა პ. ბ. შელის "ბეატრიჩე ჩენჩი" (1930), ნ. პოგოდინის "ფოლადის პოემა" (1931), კ. კალაძის "ხატიჯე" (1930), გ. ბააზოვის "მუნჯები ალაპარაკდნენ" (1932), უ. შექსპირის "ოტელო" (1933, ყველა ქუთაისის ქართული დრამის თეატრი). ამ ნამუშევრებში გამოჩნდა ოცხელის დახვეწილი გემოვნება, კოლორიტის ფაქიზი გრძნობა, პოეტურობა, სცენის სივრცის აღქმის უტყუარი ალღო, ეპოქისა და ნაწარმოების შინაგანი არსის ღრმა წცდომის უნარი. 1931 კ. მარჯანიშვილმა მოსკოვის კორშის თეატრში დადგა ჰ. იბსენის "მშენებელი სოლნესი". სპექტაკლის გასაფორმებლად რეჟისორმა ოცხელი მიიწვია. სპექტაკლის მხატვრობას უდიდესი წარმატება ხვდა. 1936-1937 ოცხელმა მოსკოვის მცირე თეატრში გააფორმა ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული" და ვ. გუსევის "დიდება", ამავე თეატრის ფილიალში - ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო". 1939 ლონდონში თეატრის მხატვართა გამოფენაზე ოცხელის ესკიზები ოქროს დიდი მედლით დააჯილდოვეს. 1937 კ. სტანისლავსკის მიერ მოწყობილ ჯ. ვერდის "რიგოლეტოს" დადგმის კონკურსზე ოცხელის ესკიზებმა პირველი პრემია დაიმსახურა. ოცხელმა მხოლოდ 9 სეზონი იმუშავა თეატრში, მაგრამ მოკლე დროში შექმნა ნაწარმოებები, რომელთაც არსებითი როლი შეასრულეს ქართული თეატრის მკაფიოდ თავისებური სახის შექმნაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ალიბეგაშვილი გ., პეტრე ოცხელი, თბ., 1964;
  • პეტრე ოცხელი, (ალბომი), შემდგ. ლ. ლომთათიძე, თბ., 1973;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]