გერცელ ბააზოვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გერცელ დავითის ძე ბააზოვი (დ. 28 ოქტომბერი, 1904, ონი — გ. 1938), ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა ებრაელი სასულიერო და საზოგადო მოღვაწის დავით ბააზოვის ოჯახში. სწავლობდა თბილისის ჰუმანიტარულ ტექნიკუმში (ყოფილი სათავადაზნაურო გიმნაზია), რომელიც დაასრულა 1922 წელს. 1926 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიური ფაკულტეტის იურიდიული განყოფილება. ერთხანს ადვოკატად მუშაობდა, შემდეგ იყო ჟურნალ "საბჭოთა სამართლის" რედაქციის პ/მგ. მდივანი. 1918 ქუთაისის გაზეთ "ებრაელის ხმაში" გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსები. 1921-1922 მხატვარ უ. ჯაფარიძესთან და თეატრმცოდნე დ. ჯანელიძესთან ერთად გამოსცა ლიტერატურული ჟურნალი "ონი" (ინიციატორი იყო "ცისფერყანწელი" პოეტი ჯაფარიძე, გ. ჯაფარიძე). 1922 დამკვიდრდა თბილისში. აქაურ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა მისი ლექსები, წერილები და თარგმანები. 1924-1925 ბააზოვის ინიციატივით დაარსდა ქართველ ებრაელთა თვითმოქმედი დრამატული დასი "კადიმა".

ბააზოვის პირველი დრამატული ნაწარმოები იყო ალეგორიულ-სიმბოლური ხასიათის დრამა "დილლეამარი" (1928, ცალკე წიგნად 1929). ერთსულოვანი აღიარება მოუტანა ბააზოვს ქართველ ებრაელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველმა პოესამ "მუნჯები ალაპარაკდნენ" (1931; დაიდგა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში 1931-1932, ცალკე წიგნად გამოვიდა 1937).მორალის პრობლემები წარმოაჩინა პოესაში "განურჩევლად პიროვნებისა" (1933). ისტორიულ-რევოლუციური ხასიათისაა პიესა "იცკა რიჟინაშვილი" (1936). დაწერა აგრეთვე პიესები "ხაგაი", "შავი ზღვის პირას" (1938 რეპეტიციიდან მოიხსნა, რადგან მწერალი 1937 რეპრესირებული იყო; რეაბილიტირებულია სიკვდილის შემდეგ), საბავშვო პიესა "ჭინჭარი" (იდგმებოდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში) და სხვ. ბააზოვის პროზაული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია მოთხრობები "შემარიას უკანასკნელი სიტყვა" და "გელათის ქუჩის დასასრული" (ორივე 1931), ტრილოგიად ჩაფიქრებული რომანი "ფეთხაინი" (1934, I ნაწილი რუსულად - 1936) და სხვა. 1938 წელს ემსხვერპლა საბჭოთა პოლიტიკურ რეპრესიებს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჟღენტი ბ., ქსე, ტ. 2, გვ. 116, თბ., 1977