პეტრე ლაზარევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეტრე ლაზარევი
დაბ. თარიღი 31 მარტი (12 აპრილი), 1878 ან 1878
დაბ. ადგილი მოსკოვი
გარდ. თარიღი 23 აპრილი, 1942(1942-04-23)[1]
გარდ. ადგილი ალმათი
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა ბიოქიმიკოსი
მუშაობის ადგილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბაუმანის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი

პეტრე ლაზარევი (რუს. Пётр Петро́вич Ла́зарев; დ. 14 აპრილი, 1878 — გ. 23 აპრილი, 1942) — რუსი ფიზიკოსი. ლაზარევი იყო საბჭოთა კავშირში ბიოფიზიკურ გამოკვლევათა ფუძემდებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტრე ლაზარევი დაიბადა 1878 წლის 14 აპრილს ქალაქ მოსკოვში, ინჟინრის ოჯახში. გიმნაზიის დამთავრების შემდგომ იგი შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. 1901 წელს მან უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა. ერთი წლის შემდეგ ლაზარევმა ჩააბარა გამოცდები რათა მიეღო დოქტორის ხარისხი, ხოლო შემდგომ მან მუშაობა დაიწყო ასისტენტად, მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ყელ-ყურის კლინიკაში. მედიცინის გარდა ლაზარევი ფიზიკითაც იყო გატაცებული. 1903 წელს სახალხო განათლების სამინისტროს საგანგებო ნებართვით მან ექსტერნის წესით ჩააბარა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სრული კურსის გამოცდები. ასეთმა მდიდარმა ძირეულმა ცოდნამ დიდად შეუწყო ხელი მის შემდგომ სამეცნიერო მოღვაწეობას.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლინიკაში მუშაობის დროს ლაზარევმა გამოიკვლია ობერტონების როლი ბგერების აღქმისას და დაადგინა, რომ ობერტონების ფაზებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ბრეგის აღქმის პროცესში. მიღებული შედეგი სავსებით დაემთხვა ჰელმჰოლცის სმენის რეზონანსულ თეორიას და ითვლება მის ერთ-ერთ დამამტკიცებელ ფაქტად. მან კლინიკაშივე დაადგინა და გამოიკვლია შეგრძნების ორგანოთა ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც შემდგომში საფუძვლად დაედო საბჭოთა მეცნიერების უფრო გვიანდელ გამოკვლევებს. 1903 წლიდან ლაზარევმა მუშაობა დაიწყო ლებედევის ლაბორატორიაში. ამ ლაბორატორიაში ლაზარევმა მოამზადა ორივე დისერტაცია ფიზიკაში — სამაგისტრო და სადოქტორო.

ლაზარევმა სადოქტორო დისერტაციაში „საღებავთა და პიგმენტთა გამოხუნება სინათლეზე“ გამოიკვლია სინათლის ქიმიური მოქმედების ძირითადი კანონზომიერებები. იგი იყო პირველი ვინც ახსნა დამოკიდებულება სინათლის მიერ დაშლილი ნივთიერების რაოდენობისა და შთანთქმულ ენერგიას შორის, რეაქციის სიჩქარესა და სინათლის ტალღის სიგრძეს შორის, აგრეთვე - ჟანგბადის გავლენა გახუნებაზე. ეს ნაშრომი მიჩნეულია ერთ-ერთ ძირითად და საწყოს ნაშრომად ფოტოქიმიურ რეაქციათა საერთო კინემატიკაში.

1912 წელს ლაზარევი აირჩიეს მოსკოვის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის პროფესორად, ხოლო 1916 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორად (თუმცა მან ამ თანამდებობაზე უარი განაცხადა). 1917 წელს ლაზარევი პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრია. ლაზარევი აგრეთვე აქტიურად იყო ჩართული სახალხო საქმეებშიც, როგორიცაა: სახალხო მეურნეობა და სამხედრო საქმე.

1918 წელს ლენინის წინადადებით ლაზარევი მიიწვიეს კურსკის მაგნიტური ანომალიის შესასწავლად. 1919 წელს ლაზარევის ინიციატივითა და აქტიური მონაწილეობით მოსკოვში შეიქმნა ფიზიკისა და ბიოფიზიკის სპეციალური ინსტიტუტი, სადაც მუშავდებოდა ბიოფიზიკის, მოლეკულური ფიზიკის, აკუსტიკის, ოპტიკის, ფოტოქიმიისა და გეოფიზიკურ სამუშაოთა საკითხები.

ლაზარევის აგზნებადობის იონური თეორიის საფუძველზე დადგენილ იქნა, საერთოდ, ცოცხალი მატერიისა და კერძოდ ჩვენი შეგრძნებათა ორგანოთა კანონზომიერებანი. მან პირველმა შეიმუშავა და ექსპერიმენტალურად შეამოწმა შეგრძნების ორგანოთა ადაპტაციის თეორია გარე გამაღიზიანებელთა მოქმედებისას. 1918 წელს ლაზარევი ხელმძღვანელობს ბიოფიზიკურ განყოფილებას ექსპერიმენტალური მედიცინის საკავშორო ინსტიტუტში. დიდია ლაზარევის, როგორც პედაგოგის დამსახურებაც. ლაზარევის კალამს ეკუთვნის მთელი რიგი ნაშრომები მეცნიერების ისტორიში.

დიდი სამამულო ომის წლებში მეცნიერებათა აკადემიის ბიოფიზიკური ლაბორატორია ევაკუირებულ იქნა ალმა-ათაში, სწორედ აქ გარდაიცვალა პეტრე ლაზარევი 64 წლის ასაკში, 1942 წლის 23 აპრილს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, გვ. 187-189, თბ., 1980.
  • П. П. Лазарев, Сочинения, т. 1, М.-Л., 1957.
  • Э. П. Шпольский, П. П. Лазарев, У Ф Н, 1945, т. 27, вып. 1.
  • Т. П. Кравец, Творческий путь академика П. П. Лазарев, там же.
  1. https://www.britannica.com/biography/Pyotr-Petrovich-Lazarev