პერიგლაციალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პერიგლაციალური ფორმები
პერიგლაციალური ლანდშაფტი

პერიგლაციალი (ბერძნ. peri – ირგვლივ და ლათ. glacies – ყინული) — კლიმატური თავისებურებებით განპირობებული გეოდინამიკური პროცესების (ყინვისმიერი გამოფიტვა, ნივაცია, სოლიფლუქცია, გრუნტის ყინვისმიერი ამობურცვა, ნამსხვერი მასალის ყინვისმიერი დახასირსება, თერმოკარსტი) ერთობლიობა, რომლის შედეგად ყალიბდება რელიეფის მორფოსკულპტურა.

პერიგლაციურ პროცესებს იწვევს:

  • ნოტიო ნიადაგ-გრუნტების ტემპერატურის ხშირი ხშირი რყევა 0°C-ზე გავლით
  • ნიადაგ-გრუნტებში ყინულის წარმოქმნა (ყინულცემენტი, ყინულის ლინზები, სეგრეგაციები, სოლები)
  • ნიადაგ-გრუნტების ქვედა და ზედა შრეების მოცულობითი წონის სხვაობითა და ტენშემცველობის ცვლილებით გამოწვეული კონვექციური მოძრაობები.

პერიგლაციური პროცესების შედეგად წარმოქმნილი ფორმები (კარკალი, კურუმები, პოლიგონური გრუნტები, ტუფურები და სხვ.) გვხვდება როგორც მზრალობის ფართო გავრცელების ხმარეებში (ციმბირი, კანადა), ისე ლოკალურად მზრალ გრუნტებზეც (მაგ., კავკასიონზე, ალპებში, ტიან-შანში).

ტერმინი „პერიგლაციალი“ შემოიღო პოლონელმა გეოგრაფმა და ნიადაგთმცოდნემ ვალერი ლოზინსკიმ 1909 წელს.

პერიგლაციალური ფორმები საქართველოში[რედაქტირება]

პერიგლაციალური ფორმები საქართველოში მრავალფეროვანი იერსახით არის წარმოდგენილი და ამჟამად კავკასიონზე 1900-2000 მ სიმაღლეზე ვლინდება. პერიგლაციალური რელიეფის ფორმები უშუალოდ არის დაკავშირებული პერიგლაციალურ პროცესებთან, რომლის შედეგად, ძირითადად მაღალმთიანეთებში იქმნება რთული მორფოლოგიური ფორმები. თუმცა დღეისათვის ასეთი ფორმები ზღვის დონიდან მაღლა გვხვდება, წარსულში (მეოთხეულში) პერიგლაციალური ფორმები საქართველოში შედარებით ქვემოთაც ჩნდებოდა, რაც ინდივიდუალური კლიმატური ცვლილებებით იყო შეპირობებული.

პერიგლაციალური ფორმები წარმოდგენილია კარკალებით, კურუმებით, ტუფურებით, პოლიგონური გრუნტებითა და სხვ., რომელიც საქართველოში აქა-იქ მეტ-ნაკლებად კარგად არის გამოკვეთილი.

კარკალი — ალპური ზონის ფორმებია, რაც გამოიხატება სხვადასხვა ფორმის ლოდნარების სახით. კარკალებით ე. ი. ლოდნარებით მოფენილია საქართველოს არაერთი მწვერვალი. კარკალის კარგ მაგალითს გვაწვდის მწვერვალი თავკვეთილი (სამხრეთი საქართველო).

კურუმი — ეწოდება „ქვათა ნაკადს“, რომელიც კარგად ჩანს მაგ., სამხრეთ საქართველოში. საერთოდ, კურუმი ადგილობრივი ტერმინია (აზია), თუმცა პირობითად მაინც შეიძლება ქვათა ნაკადების სინონიმად აღინიშნოს. საქართველოში ასევე ფიქსირდება პერიგლაციალური რელიეფის სხვა ფორმებიც.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]