კონვექცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონვექციის მოძრაობა უბრალო მიკროტალღაში

კონვექცია (ლათ. Convectio - მოზიდვა, მოტანა) — სითხეებსა და აირებში სითბური ენერგიის გავრცელება. როდესაც სითხე ან აირი თბება, სითბოს წყაროსთან ყველაზე ახლომდებარე ნაწილი ფართოვდება და ნაკლებად მკვრივი ნაწილი ზემოთ ადის. სითხეებსა და აირებში აღძრულ ასეთ მოძრაობას, კონვექციური ნაკადი ეწოდება.

თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედამიწის გარშემო ქარების მოძრაობა კონვექციური ნაკადებითაა გამოწვეული. ამის მიზეზი ისაა, რომ ეკვატორის მახლობლად დედამიწის ზედაპირს მზის მეტი ენერგია ეცემა. გათბობისას ჰაერი ფართოვდება და მაღლა ადის. თავისუფალი ადგილისკენ მიემართება შედარებით ცივი და მკვრივი ჰაერი, რის შედეგადაც ჩნდება ქარი.

ცნობილია, რომ ოთახის გასათბობ რადიატორთან შეხებაში მყოფი ჰაერი თბება და ფართოვდება ვინაიდან, ამ დროს შესაბამისად მცირდება ჰაერის სიმკვრივე. იგი არქიმედეს კანონის თანახმად, მიემართება ზევით და მის ადგილს იკავებს უფრო დაბალი ტემპერატურის და მაშასადამე უფრო მეტი სიმკვირივის მქონე ჰაერი.

კონვექცია ორი სახისაა:

  • ბუნებრივი
  • იძულებითი

კონვექცია ბუნებრივია, თუ ის თავისუფლად მიმდინარეობს, გარედან ყოველგავრი ჩარევის გარეშე. ბუნებრივი ანუ თავისუფალი კონვექციის წარმოსაქმნელად საკმარისია, სითხე ან აირი ქვემოდან გავათბოთ ან ზემოდან გავაცივოთ, ამასთან ნივთიერება არათანაბრად უნდა იყოს გამთბარი.

იძულებითი კონვექცია კი გარედან ჩარევის შედეგად ხდება : სითხისა და აირის ფენები ტუმბოს ან მექანიკური სარევის დახმარებით გადაადგილდება (სწორედ ტუმბოს საშუალებით ხდება კოსმოსური ხომალდის გათბობისას საჭირო კონვექციური ნაკადის შექმნა).

საშინაო ცდაში წყალზე დაკვირვებით ვამჩნევთ: თბილი, შეფერილი წყალი ბოთლიდან ზედაპირზე ამოდის და მიემართება ყინულისაკენ. წყლის ადუღება აიხსნება თბილი და ცივი წყლის ფენების მოძრაობით. ცივი წყალი ქვევით ჩამოდის, ცხელდება, შემდეგ ისევ ზევით ადის და ა. შ. ადგილი აქვს წყლის ცირკულაციას. სითბოს გადაცემის ამ ხერხს კონვექცია ეწოდება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 5, გვ. 635, თბ., 1980.