პელიუმის ბრძოლა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პელიუმის ბრძოლა
ალექსანდრეს ბალკანეთის კამპანიის ნაწილი
Pelium map en.PNG
ბრძოლის ამსახველი რუკა
თარიღი ძვ. წ. 335
მდებარეობა ქალაქი პელიუმი, მაკედონიის სამეფო (ახლა ალბანეთის ტერიტორიაში)
შედეგი მაკედონელების გამარჯვება
მხარეები
მაკედონია დარდანელები
ტაულანტიელები
მეთაურები
ალექსანდრე დიდი კლიტოსი
გლაუკიასი
ძალები
5,000 მხედარი
25,000 ქვეითი[1]
დანაკარგები
უცნობი, მაგრამ მძიმე

პელიუმის ბრძოლაძვ. წ. 335 წელს გამართული ბრძოლა ალექსანდრე მაკედონელსა და ილირიული ორი ტომის, დარდანელებისა და ტაულანტიელების ბელადებს კლიტოსსა და გლაუკიასს შორის. ბრძოლა გაიმართა მაკედონიის სასაზღვრო სიმაგრე პელიუმისთვის და მაკედონელების გამარჯვებით დამთავრდა. ამ გამარჯვებით ალექსანდრემ თავიდან აიცილა ილირიელების შემოჭრა მისი სამეფოს საზღვრებში.

წინაპირობები[რედაქტირება]

ძვ. წ. 336 წელს ეგიაში ეპიროსის მეფის, ალექსანდრეს და ფილიპე მაკედონელის შვილის კლეოპატრას ქორწილში, ფილიპე მკვლელმა სიცოცხლეს გამოასალმა. მისი სიკვდილის შემდეგ ტახტი მისმა 20 წლის შვილმა ალექსანდრემ დაიკავა.[2] მან თავისი მეფობა საბერძნეთში აჯანყებების ჩახშობით დაიწყო, შემდეგ კი თრაკიისკენ გამოემართა ბალკანეთზე კონტროლის აღსადგენად. მან ლაშქრობა ძვ. წ. 335 წლის გაზაფხულზე წამოიწყო. თავდაპირველად ის თრაკიაში შეიჭრა, რომ ტრიბალების და ილირიელების აჯანყება ჩაეხშო. აქ მას შეუერთდნენ ცოტაოდენი თრაკიელი მოკავშირეები.[3] ალექსანდრეს პირველი შეტეკება, ჰემოსის მთაზე გამაგრებულ თრაკიელების გარნიზონთან მოუვიდა და დაამარცხა ისინი. ჰემოსის მთაზე გამარჯვების შემდეგ, ალექსანდრე ტრიბალების ტერიტორიაზე შეიჭრა და მათი მეფე სარმუსი დაამარცხა ლიგინუსის ველზე, თუმცა სარმუსმა გაქცევა მოახერხა და კუნძულ პეუკეზე გადავიდა. ალექსანდრემ კუნძულის აღება ვერ შეძლო. თუმცა მას შემდეგ, რაც მაკედონელებმა გეტებიც დააჩოქეს, მაკედონელთა მეფეს დესპანი ეწვია სარმუსის, რომელიც ერთგულებას აღუთქვამდა მას.

მოქმედებები ბრძოლამდე[რედაქტირება]

შემდეგ მაკედონელების არმია შევიდა აგრიანელების და პეონიელების მიწაზე, სადაც ალექსანდრეს აცნობეს, რომ დარდანელების მეფე კლიტოსი და ტაულანტიელები გლაუკიასის მეთაურობით აჯანყდნენ და მაკედონიის სამეფოს საზღვრებში შეჭრას აპირებდნენ. ასევე მან შეიტყო, რომ მის არმიაზე თავდასხმას აპირებდნენ აუტარიატელები. თუმცა ამ უკანასკნელის პირისპირ ბრძოლა მაკედონელებს არ მოუწიათ, რადგან ალექსანდრეს მათ წინააღმდეგ თავისი სამსახური შესთავაზა მისმა მეგობარმა, აგრიანელების მეფემ, ლანგარუსმა. ამით ლანგარუსმა ალექსანდრეს შანსი მისცა, რომ მანამდე დაემარცხებინა კლიტოსი, რომელსაც უკვე აეღო მაკედონელების სიმაგრე პელიუმი, სანამ ის გლაუკიასთან შეერთებას მოასწრებდა. მაკედონელები აქსიოსისა და ერიგონის მდინარეების დაყოლებით პელიუმისკენ დაიძრნენ და იქ გლაუკისზე ადრე მოახერხეს ჩასვლა.

გეოგრაფიული მდებარეობა[რედაქტირება]

ქალაქი პელიუმი სამი მხრიდან შემოსაზღვრული იყო ტყეებითა და მთებით. იქამდე ერთადერთი მისასვლელი იყო ვიწრო, ტყიანი ხეობა ეორდაიკოსის მდინარის გასწვრივ, რომელსაც მგლის გასასვლელს ეძახდნენ. ეს ვიწრო ხეობა გვერდიგვერდ მოსიარულე მხოლოდ 4 ადამიანს იტევდა. ხეობის გაღმა კი მდებარეობდა პატარა ვაკე.[4] კლიტოსს დაეკავებინა სიმაღლეები, მგლის გასასვლელის თავზე და მასაც აკონტროლებდა[5]

ბრძოლა[რედაქტირება]

პირველი შეტაკება[რედაქტირება]

ბრძოლამდე დარდანელებმა ომის ღმერთს შესწირეს სამი ბიჭი, სამი გოგო და სამი შავი ცხვარი.[6] შემდეგ კი ალექსანდრეს ძალებს შეუტიეს, თუმცა დამარცხდნენ. მათ დათმეს თავიანთი პოზიციები და ქალაქში გამაგრდნენ. ფლავიუს არიანეს სიტყვებით:

ვიკიციტატა
„მათ დატოვეს დაკავებული პოზიციები ისეთი აჩქარებით, რომ მათი შეწირული მსხვერპლები, როდესაც შეიპყრეს ჯერ კიდევ მიწაზე სულს ღაფავდნენ“
(არიანე - ალექსანდრეს კამპანიები, V თავი)

ალექსანდრემაც თავის მხრივ არმია ქალაქთან ახლოს დააბანაკა და უკვე ალყისთვის ემზადებოდა, როდესაც გლაუკიასის არმია შემოემატა ბრძოლის ველს. ისინი განლაგდნენ მთის ხეობაში მაკედონელების არმიის ზურგში და გაწყვიტეს ალექსანდრეს კომუნიკაციის ხაზი.[7] ალექსანდრეს გაუჭირდა თავისი 30 ათასიანი არმიის გამოკვება და ამიტომ მან გაგზავნა ფილოტა ჰეტაირი კავალერისტების თანხლებით, ჩრდილოეთის მიმართულებით კორიცას დაბლობისკენ სურსათის მოსამარაგებლად. უკან დაბრუნებისას ესკორტს უნდა გამოევლო ცანგონის ხეობა,[8] რომელიც დაკავებული ჰქონდა გლაუკიასს ფილოტას შესაჩერებლად. როგორც კი ალექსანდრემ შეიტყო, რომ მისი კავალერია და სურსათი საფრთხეში იყო, ის მაშინვე გაეშურა მათ დასახმარებლად 400 მხედართან, ჰიპასპისტებთან, მშვილდოსნებთან და აგრიანელებთან ერთად. გლაუკიასმა ეს შეიტყო და მიატოვა ხეობა. ასე, რომ ფილოტას დანაყოფმა სურსათთან ერთად მშვიდობიანად მიაღწია ბანაკამდე.

მეორე შეტაკება[რედაქტირება]

ამის მიუხედავად ალექსანდრე ჯერ კიდევ გამოუვალ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი. მას არ შეეძლო ქალაქზე იერიშის მიტანა, რადგან ამ შემთხვევაში ის თავს ვერ დაიცავდა ტაულანტიელებისგან. არც ლოდინი იყო შესაძლებელი, რადგან მას არ ჰქონდა სურსათის საკმარისი მარაგი.

მეორე დილას ალექსანდრემ ფალანგები მოაწყო 120 რიგად და მათ თითოეულ ფლანგზე დააყენა 200 მხედარი. მეფის ბრძანებით ჯარისკაცებს უნდა შეენარჩუნებინათ სრული სიჩუმე. სწორედ ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა შეტაკების ბედი. ამითა და კიდევ ფალანგების მოწყობის ალექსანდრესეული მეთოდით გაკვირვებული ტაულანტიელები ნელნელა ქვემოთ ჩამოდიოდნენ პოზიციებიდან.[9] სწორედ ამ დროს წამოიწყო შეტევა ალექსანდრემ. შეტევაზე ჯერ მხედრები გადავიდნენ, შემდეგ კი მათ ქვეითებიც წამოეხმარნენ.[7] მტერი დაფრთხა და პოზიციები მიატოვა.

დაკავებული პოზიციებიდან ალექსანდრეს არმია ისევ უკან მდინარისკენ უნდა დაებრუნებინა, თუმცა ამისთვის საჭირო იყო მას გაენადგურებინა ტაულანტიელები, რომელთა მცირე რაზმი კიდევ შემორჩენილიყო ერთ-ერთ სიმაღლეზე[10] და უკან დახევის შემთხვევაში საფრთხეს შეუქმნიდნენ მათ. ალექსანდრე, თავისი თანმხლები კავალერიით (ჰეტაირები) მათკენ გაემართა. მას უკვე ნაბრძანები ჰქონდა, რომ მხედრების ნახევარს ქვეითად უნდა ებრძოლა, თუმცა შეტაკება საერთოდ არ მომხდარა. მტერმა, რომელმაც შენიშნა რა ალექსანდრე მაკედონელთა სათავეში, უბრძოლველად დატოვა პოზიციები.

მესამე შეტაკება[რედაქტირება]

შემდეგ ალექსანდრემ მშვილდოსნებსა და აგრიანელ პელტასტებს, რომელთა რაოდენობა 2000 აღწევდა უბრძანა მდინარე გადაელახათ და იქ დაეკავებინათ პოზიციები, სანამ ფალანგები და ჰიპასპისტები შეუერთდებოდნენ მათ. ამ დროს ტაულანტიელებმა, რომელთაც უკვე მოესწროთ თავიდან დარაზმვა, შეტევა წამოიწყეს ალექსანდრეს არმიაზე. მაკედონელმა კავალერისტებმა და ქვეითებმა მტრის შეტევა მოიგერიეს და შემდეგ დაიწყეს უკან დახევა მდინარის მიმართულებით. ამასობაში კლიტოსიც წამოეხმარა გლაუკიასს და ორივე ილირიული არმია ჩაერთო მტრის დევნაში. ალექასნდრემ, რომელსაც უკვე მდინარე გადაეკვეთა, მდინარის ნაპირზე განალაგა ქვეითი მსროლელები (მშვილდოსენები და პელტასტები) და კატაპულტები.[11] ბალკანელებმა, რომლებისაც უკვე ერთდროულად მშვილდებით, შუბებითა და მძიმე ქვებით უტევდნენ, შეწყვიტეს მტრის დევნა. არიანეს მიხედვით უკან დახევისას არც ერთი მაკედონელი არ მომკვდარა.

მეოთხე შეტაკება[რედაქტირება]

ალექსანდრემ არმია რამდენიმე კილომეტრით უკან გადაანაცვლა და ამით გაქცევის იმიტაცია გაითამაშა. სამი დღის შემდეგ მისმა მზვერავებმა შეატყობინეს, რომ ილირიელები უკვე აღნიშნავდნენ მტერზე გამარჯვებას და საგუშაგოებითაც კი აღარ იცავდნენ თავს. მეორე ღამეს ალექსანდრემ ჩუმად გადალახა მდინარე და მტერს მოულოდნელად შეუტია. ილირიელები მალევე დაფრთხნენ და გაქცევა იწყეს, თუმცა მათ ალექსანდრე დაედევნა თავისი კავალერიით. კლიტოსი და გლაუკიასი ჯერ ქალაქში შევიდნენ, იქაურობა გადაწვეს, შემდეგ კი ტაულანტიელების მიწას შეაფარეს თავი.

შედეგები[რედაქტირება]

ბარბაროესბის არმიის მცირე ნაწილმა გაქცევა მოახერხა, უმეტესობა ბრძოლებში ან ალექსანდრეს კავალერიის დევნისას განადგურდა. ზოგიც მაკედონელმა ჯარისკაცებმა შეიპყრეს, ჯერ კიდევ მძინარენი შეიპყრეს.[12] ცოტა ხნის შემდეგ კლიტოსი ალექსანდრეს დანებდა.[13]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ჯეიმზ ეშლი - მაკედონიის იმპერია: ფილიპე II-ისა და ალექსანდრე დიდის ომები, ძვ. წ. 359-323, გვ.171
    ჰემონდი - ალექსანდრე დიდის გენიალობა, აშშ, 1997, გვ.36
  2. მაკკარტი,ალექსანდრე დიდი, გვ. 30-31.
    * პლუტარქე,ალექსანდრეს ზეობა, გვ.262-263
    * რენო,ალექსანდრე დიდის ბუნება, გვ. 61-62
    * ფოქსი,ალექსანდრეს ძიებაში, გვ. 72
  3. ლევან სანიკიძე - ალექსანდრე მაკედონელი, თბილისი, 1985, გვ. 54
  4. ჯეიმზ ეშლი - მაკედონიის იმპერია: ფილიპე II-ისა და ალექსანდრე დიდის ომები, ძვ. წ. 359-323, გვ.171
  5. არიანე – ალექსანდრეს კამპანიები, ნაწილი 5
  6. ჯონ უილიამსი - ალექსანდრე დიდის ცხოვრება და მოღვაწეობა
  7. 7.0 7.1 ჯეიმზ ეშლი - მაკედონიის იმპერია: ფილიპე II-ისა და ალექსანდრე დიდის ომები, ძვ. წ. 359-323, გვ.172
  8. ჰემონდი - ალექსანდრე დიდის გენიალობა, აშშ, 1997, გვ.37
  9. არიანე – ალექსანდრეს კამპანიები, ნაწილი 6
    ჰემონდი - ალექსანდრე დიდის გენიალობა, აშშ, 1997, გვ.36
  10. რუკაზე ნაჩვენები, როგორც K2
  11. ალბანელების კავშირი - ალექსანდეს ბალკანეთის კამპანიის აღწერა
  12. არიანე – ალექსანდრეს კამპანიები, ნაწილი 6
  13. ჯეიმზ ეშლი - მაკედონიის იმპერია: ფილიპე II-ისა და ალექსანდრე დიდის ომები, ძვ. წ. 359-323, გვ.173