ალექსანდრეს სპარსეთის კამპანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრეს სპარსეთის კამპანია
ალექსანდრე მაკედონელის ომების ნაწილი
თარიღი 334 - 327
მდებარეობა მცირე აზია, სირია, ბაბილონეთი, სპარსეთი
შედეგი მაკედონელების გამარჯვება
მხარეები
მაკედონია სპარსეთის იმპერია
მეთაურები
ალექსანდრე დიდი დარიოს III

ალექსანდრეს სპარსეთის კამპანია

მცირე აზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"პარმენიონის განკარგულებაში იყო 12 ათასი მაკედონელი, 7 ათასი ალიანსებიდან და 5 ათასი დაქირავებული ქვეითი. მას ასევე ახლდნენ ოდრისელების, ტრიბალების და ილირიელების 7 ათასიანი ინფანტერია. მშვილდოსნები და აგრიელების ათასიანი რაზმი კი მის საერთო რაოდენობას, 32 ათას ქვეითს შეადგენდა. კავალერიიდან კი არმიაში შედიოდა 1,800 მაკედონელი, პარმენიონის შვილის ფილოტას მეთაურობით; 1,800 თესალიელი, ჰარპალუსის შვილის კალას მეთაურობით; 600 ბერძენი ეურიგიუსის მეთაურობით და 900 თრაკიელი და პეონიელი კასანდრეს წინამძღოლობით. ყველა ეს ჩამოთვლილი საერთო ჯამში შეადგენდა 4,500 მხედარს. აი ამ არმიამ გადაკვეთა ჰელესპონტი ალექსანდრესთან ერთად."

დიოდორე სიცილიელი ალექსანდრეს არმიის შესახებ. "ისტორიის ბიბლიოთეკა" წიგნი XVII გვ.167

ძვ. წ. 334 წლის მაისში ალექსანდრემ ჰელესპონტი გადაკვეთა თავისი არმით. პლუტარქე[1] გვამცნობს, რომ ალექსანდრეს არმიის რაოდენობა სხვადასხვა წყაროების მიხედვით 34,000-დან 46,000 მეომრამდე მერყეობს.[2] მაკედონიაში ალექსანდრემ თავისი გენერალი ანტიპატრე დატოვა 12,000 ქვეითით და 1,500 კავალერისტით.[3]

სანამ არმია 160[4] ტრირემის მეშვეობით ჰელესპონტს კვეთდა ალექსანდრემ მოინახულა დანგრეული ტროა, აქილევსის საფლავი და სხვა მითოლოგიური ღირსშესანიშნაობები. ამის შემდეგ კი ალექსანდრემ მცირე აზიაში ბერძნული ქალაქების განთავისუფლება დაიწყო.გავრცობა შეიძლება, წყარო: არიანე სპარსელები დიდი ხანი იგნორირებას უწევდნენ მაკედონიის არმიის მოქმედებას, თუმცა შემდეგ სასწრაფოდ შეიკრიბა საბჭო საბრძოლო გეგმის შესადგენად ქალაქ ზელეაში. კრებას ესწრებოდნენ არსამესი, რეომითრესი, პეტინესი, ნიფატესი, სპითრიდატესი, მემნონ როდოსელი და სხვა მეთაურები.[5] მათ შორის საუკეთესო იყო დაქირავებული ბერძენის, მემნონ როდოსელის გეგმა. მისი გეგმის მიხედვით, სპარსელებს გადამწყვეტი ბრძოლისთვის თავი უნდა აერიდებინათ და ომი უნდა გაეჭიანურებინათ, უკანდახევისას კი მტრისთვის არმიის მომარაგება გაერთულებინათ. ამავე დროს თავიანთი სახმელეთო და საზღვაო ძალები მაკედონიისკენ უნდა გადაესროლათ და ომი აზიიდან ევროპაში გადაეტანათ.[6] თუმცა სპარსელმა მეთაურებმა ეს გეგმა არ მოიწონეს. მათ გადაწყვიტეს ალექსანდრესთან ბრძოლა გაემართათ. ორი არმია ერთმანეთს მდინარე გრანიკოსთან დაუპირისპირდა.

გრანიკოსის ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრანიკოსის ბრძოლა, ჩარლზ ლებრუნის ნამუშევარი

ბრძოლას წინ უძღოდა ალექსანდრესა და პარმენიონის ლაპარაკი. პარმენიონმა ალექსანდრეს ურჩია, რომ დაბანაკებულიყვნენ და მეორე დღემდე არაფერი მოემოქმედებინათ. თუმცა ალექსანდრემ პარმენიონის რჩევა არ მიიღო[7] და არმიის ბრძოლისთვის მზადყოფნაში მოყვანა ბრძანა. მან მარცხენა ფლანგის სამეთაუროდ პარმენიონი გააგზავნა, თვითონ კი მარჯვენა ფლანგს ჩაუდგა სათავეში.მოწინააღმდეგეზე პირველი იერიში ამინტასმა მიიტანა, თუმცა სპარსელებმა ის მოიგერიეს და უკუაგდეს. მაკედონელების შემდეგი შეტევა ისევ მარჯვენა ფლანგიდან დაიწყო. ამჯერად შეტევას ალექსანდრე თვითონ წარუძღვა. მან მთელი მარჯვენა ფლანგით სპარსელების მარცხენა ფრთაზე მიიტანა შეტევა, სადაც იმ დროს თავმოყრილნი იყვნენ სპარსელი მეთაურების და სატრაპების უმეტესობა. მოწინააღმდეგეთა შორის ხელჩართული, პოზიციური ბრძოლა გაიმართა. მ ბრძოლის დროს ალექსანდრემ დახოცა სპარსელი მეთაურები:მითრიდატე და როსაკესი. ამ უკანასკნელის ძმა, სპითრიდატესი კი კლიტოს შავმა გამოასალმა სიცოცხლეს მაშინ, როდესაც მას უკვე აღმართული ჰქონდა მახვილი ალექსანდრეზე.[8] ამ ბრძოლის პარალელურად მაკედონელების ცენტრში თავმოყრილმა ჰოპლიტებმა მდინარის გადალახვა დაიწყეს. მათ მიბაძა პარმენიონის მარცხენა ფლანგმაც.[9] ამასობაში ალექსანდრეს ჯარისკაცებმა უპირატესობა მოიპოვეს სპარსელებზე და საბოლოოდ დაახლოებით ერთსაათიანი ბრძოლის შემდეგ მათ გაქცევა დაიწყეს. სპარსელების მარცხენა ფლანგთან ერთად გაქცევა დაიწყეს ცენტრსა და მარჯვენა ფრთაზე განლაგებულმა კავალერისტებმაც. ალექსანდრეს მტრის დევნა დიდხანს არ განუგრძია, რადგან ბრძოლის ველზე ჯერ კიდევ დარჩენილნი იყვნენ ბერძენი ჰოპლიტები. მაკედონურმა ფალანგებმა პირდაპირი იერიში მიიტანეს მათზე. ალექსანდრესა და პარმენიონის მხედრებმა კი მათ ფლანგებიდან შემოუარეს. შეტაკების შემდეგ ბერძენი ჰოპლიტები მთლიანად განადგურდნენ. ალექსანდრემ გრანიკოსზე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. ბრძოლის ველზე დაიღუპა სპარსელთა მეთაურების უმეტესობა. სპარსელებთან შედარებით მაკედონელთა რიგებში დანაკარგები გაცილებით მცირეა.

მცირე აზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრანიკოსის ბრძოლის შემდეგ ალექსანდრემ პარმენიონი გაგზავნა ფრიგიის სატრაპიის დედაქალაქის, დასკილიუმის ასაღებად, რაც მან წინააღმდეგობის გარეშე განახორციელა.[10] ფრიგიის მმართველად მან დატოვა ერთ-ერთი სარდალი, კალა,[11] თავად კი სარდისისკენ, ლიდიის სატრაპიის დედაქალაქისკენ გაემართა. ქალაქის ციტაელის მეთაურმა მითრინესმა სარდისი მაკედონელებს მანამდე ჩააბარა სანამ ისინი იქამდე მიაღწევდნენ. ალექსანდრემ მათ თვითმმართველობა შეუნარჩუნა.[12] შემდეგ ალექსანდრე დიდის არმია გაემართა ეფესოსკენ, სადაც გამაგრებულები იყვნენ დაქირავებული ბერძნები. მაკედონელების იქ გამოჩენისთანავე მათ და ამინტასმა, ანტიოქუსის ძემ თავის მაკედონელ მეომრებთან ერთად, რომელნიც სპარსელების სამსახურში შესულიყვნენ დატოვეს ქალაქი. ალექსანდრემ ეფესო უპრობლემოდ აიღო, იქ დემოკრატია დაამყარა და სპარსელების მოსვლისას გაძევებული მთავრები უკან დააბრუნა. მათ გადაწყვიტეს, რომ შური ეძიათ მათზე, ვინც მემნონი ქალაქში შემოუშვა და ქვებით ჩაქოლეს ოლიგარქი სირფაქსი, შვილთან და ძმიშვილებთან ერთად. საბოლოოდ, როდესაც დაინახა, რომ ეს ქმედებები ვნებდნენ უდანაშულო მოსახლეობას, ალექსანდრემ შეაჩერა ისინი.[12] არიანეს მიხედვით მის სამხედრო მოქმედებებთან ერთად ეფესოში მომხდარმა მოვლენებმა ყველაზე მეტად განაპირობა მისი პოპულარობა მცირე აზიაში.[13] ეფესოს აღებიდან ცოტა ხნის შემდეგ ტრალესისა და მაგნეზიის წარმომადგენლებმა ქალაქები ჩააბარეს ალექსანდრეს, რომელმაც იქ პარმენიონი გაგზავნა 5,000 ქვეითით და 200 მხედრით. იონიაში სპარსელების მიერ კონტროლილებად სხვა ქალაქების აღება მაკედონელმა დაავალა ალქიმაქოსს, რომელსაც 300 მხედარი და 5,000 ქვეითი ჩააბარა, მათ შორის 2,500 მაკედონელი, 2,500 კი მოკავშირე.[10] მცირე აზიაში ალექსანდრეს მხოლოდ ორმა ქალაქმა, მილეტმა და ჰალიკარნასმა გაუწია წინააღმდეგობა.

მილეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მილეტის აღება, ანდრე კასტანის ნამუშევარი

მილეტის გარნიზონის მეთაურმა ჰეგისისტრატუსმა ბრძოლის გარეშე დაუთმო მოწინააღმდეგეს ქალაქის გარე კედლები და ქალაქის ალექსანდრესთვის ჩაბარებასაც აპირებდა, თუმცა შემდეგ, როდესაც შეიტყო, რომ სპარსელების ფლოტმა კარია დატოვა და მილეტისკენ მოიწევდნენ, გადაწყვიტა ქალაქის დაცვა.[14] მეფემ ქალაქთან ახლოს ბანაკი გაშლა და მილეტის კედლებზე ყოველდღიურად მცირე იერიშებს ახორციელებდა.[15] ამას დაერთო ისიც, რომ ბერძნული ფლოტის მეთაურმა, ნიკანორმა სპარსელების გამოჩენამდე სამი დღით ადრე შეძლო მილეტის პორტში შესვლა და კუნძულ ლადეს დაკავება.[16] სპარსელების ფლოტი მიკალეს მთასთან გაჩერდა. მილეტელების დელეგაცია გლაუკიპუსის მეთაურობით ცდილობდა დაერწმუნებინა ალექსანდრე რათა არ განეხორციელებინა ქალაქის შტურმი, და ჰპირდებოდნენ ნეიტრალიტეტს ომში, მაგრამ მეფემ მოითხოვა უსიტყვო კაპიტულაცია. მეორე დღეს მაკედონიელებმა საალყო დანადგარების მეშვეობით ჩამანგრიეს კედლები, შეცვივდნენ ქალაქში და დესანტირდნენ ნავმისადგომებში.[16][17] გარნიზონის წინააღმდეგობა ძლიერი არ გამოდგა და მაკედონელებს იქ გაბატონება არ გასჭირვებიათ. მოწინააღმდეგეთა დიდი ნაწილი ბრძოლაში დაიღუპა, ზოგმა კი გაქცევით უშველა თავს. მეფემ გადაწყვიტა გამოეჩინა სულგრძელობა, შეიბრალა ისინი ვინც გადარჩა ცოცხალი, და ქალაქში დემოკრატიული წყობა დაადგინა.[17]

პარმენიონი ალექსანდრეს ურჩევდა, რომ საზღვაო ბრძოლაში დაპირისპირებოდა მოწინააღმდეგეს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი რაოდენობრივად აღმატებოდნენ მათ, თუმცა ალექსანდრე მას არ დაეთანხმა, რადგან წინდაუხედავი ნაბიჯად მიიჩნია გამოუცდელი საზღვაო ძალის დაპირისპირება ფინიკიელი და კვიპროსელი დისციპლინირებული მეზღვაურების წინააღმდეგ.[16][18] მილეტის ალყის დროს ნათამაშები უმნიშვნელოვანესი როლის მიუხედავად, ალექსანდრემ მის განკარგულებაში მყოფი ბერძნული ფლოტი დაშალა და ისინი, რამდენიმე ტრირემის გამოკლებით სამშობლოში დააბრუნა.[19]

ჰალიკარნასი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანამ ჰალიკარნასზე გაილაშქრებდა, ალექსანდრე დაუკავშირდა კარიის ყოფილ სატრაპს, ადას და ამით ადგილობრივები მიიმხრო.[20] ქალაქს მემნონი როდოსელი ხელმძღვანელობდა, რომელიც დარიოს III-ს მცირე აზიის მმართველად დაენიშნა.[21][22] ჰალიკარნასი კარგად იყო მომზადებული ალყისთვის, ამიტომ მაკედონელმა სცადა პატარა სანავსადგურო ქალაქ, მინდუსში ზღვით გადმოეტანა საალყო დანადგარები. თუმცა ქალაქის აღება ვერ მოახერხა და ისევ ჰალიკარნასს მიუბრუნდა.[21][23] რამდენიმე დღე მაკედონელები ახორციელებდნენ უწყვეტ, წარუმატებელ იერიშებს ქალაქის კედლებზე[24], მათ შორის ერთხელ შეტაკება გამოიწვია ორმა ჯარისკაცმა პერდიკასის ფალანგებიდან, რომელთაც ნამგლისებრ კედელს შეუტიეს.[24][25] მემნონმა რამდენიმეჯერ სცადა ალექსანდრეს საალყო მანქანების განადგურენა, თუმცა მხოლოდ ერთი კოშკის დაწვა მოახერხა.[25] ამის შემდეგ ბერძენმა ეფიალტემ წამოიწყო იერიში. მან თავისი 2000 მებრძოლი ორ რაზმად გაჰყო და მაკედონელებს ორი მხრიდან შეუტია. ისედაც არახელსაყრელ ვითარებაში ჩავარდნილ ალექსანდრეს წინააღმდეგ ბრძოლაში მემნონიც ჩაერთო თავისი დამხმარე ძალით. საბოლოოდ, ბრძოლის ბედი პტოლემეს გამოცდილმა მაკედონელებმა გადაწყვიტეს, რომელთაც ისეთი ძალით შეუტიეს ეფიალტეს რაზმს, რომ მალე მეთაურიც მოკლეს და ამით დაპანიკებულ ბერძნებს გაქცევა აიძულეს.[26][27] ბრძოლის შემდეგ მემნონმა ხალხი კუნძულ კოსზე წაიყვანა, ორონტობატესი კი საუკეთესო მეომრებთან ერთად ორ სანაპირო ციტადელში გამაგრდა.[28] 1 წლის შემდეგ, ორონტობატესი ღია ბრძოლაში დაამარცხეს ჰალიკარნასში დატოვებულმა მაკედონელებმა, პტოლემესა და ასანდრუსის მეთაურობით.[29]

მცირე აზიის დამორჩილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრძოლის შემდეგ ალექსანდრემ გადაწყვიტა, რომ მაკედონიის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე დაქორწინებული მეომრები კარიიდან უკან დაებრუნებინა ზამთარი თავიანთ ოჯახებთან ერთად რომ გაეტარებინათ. მან მათ მეთაურ პტოლემეს (სელევკოსის ძე) აგრეთვე დაავალა, რომ უკან რაც შეიძლება მეტი ახალი რეკრუტით დაბრუნებულიყო. ამ მოქმედებით მან დიდი პოპულარობა მოიპოვა მაკედონელებს შორის.[30]

მაკედონელებს უკვე მცირე აზიის ყველა მნიშვნელოვანი ქალაქი დამორჩილებული ჰქონდათ, ამიტომ ალექსანდრემ რამდენიმე გენერალი თავისივე სამფლობელოს ფარგლებში გაგზავნა იქაურობის დასამორჩილებლად,[31] მათ შორის პარმეონიონიც, რომელიც თესალიელ მხედრებთან ერთად სარდისში დაბრუნდა, შემდეგ კი ფრიგიაში შევიდა.[30] თავად ალექსანდრემ კი ლიკია, პამფილია და კილიკია დალაშქრა.

სირია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეგვიპტე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. პლუტარქე - ალექსანდრე, გვ. 10
  2. დიოდორეს მიხედვით არმია შეადგენდა 32,000 ქვეითსა და 4,500 კავალერისტს, არიანესა და ებოტის მიხედვით კი 30,000 ქვეითს და 5,000 კავალერისტს
  3. დიოდორე სიცილიელი, ისტორიის ბიბლიოთეკა, VIII ნაწილი (XVII წიგნი), გვ.167
    ლევან სანიკიძე - ალექსანდრე მაკედონელი, თბილისი, 1985, გვ. 60
  4. არიანე, 1.11.
  5. არიანე - ალექსანდრეს აზიის კამპანიის ძირითადი ბრძოლები, გვ. 3
  6. დიოდორე სიცილიელი, ისტორიის ბიბლიოთეკა, VIII ნაწილი (XVII წიგნი), გვ.169
    არიანე, 1.12.9.
  7. დიოდორე ამ ამბავს საპირისპიროდ ყვება. მისი ნაწერებიდან ირკვევა, რომ ალექსანდრემ მოქმედება მხოლოდ მეორე დღის განთიადისას დაიწყო და არმია მეორე ნაპირზე მანამდე განალაგა, სანამ სპარსელები მის შეჩერებას შეძლებდნენ
  8. არიანე - ალექსანდრეს აზიის კამპანიის ძირითადი ბრძოლები, გვ.6
  9. დიოდორე სიცილიელი - ისტორიის ბიბლიოთეკა, VIII ნაწილი (XVII წიგნი), გვ.173
  10. 10.0 10.1 ჯეიმზ ეშლი - მაკედონიის იმპერია: ფილიპე II-ისა და ალექსანდრე დიდის ომები, ძვ. წ. 359-323, გვ.203
  11. შეფარდი - ალექსანდრე დიდი ომებში: მისი არმია - მისი ბრძოლები - მისი მტრები, დიდი ბრიტანეთი, 2008, გვ.129
  12. 12.0 12.1 არიანე - 1.17
  13. ჯონ უილიამსი - ალექსანდრე დიდის ცხოვრება და მოღვაწეობა, გვ.77
  14. ეშლი, გვ.203
  15. დიოდორე სიცილიელი, ისტორიის ბიბლიოთეკა, VIII ნაწილი (XVII წიგნი), 22, გვ.181
  16. 16.0 16.1 16.2 არიანე - 1.18.
  17. 17.0 17.1 დიოდორე, XVII, 22, გვ.181
  18. უილიამსი - გვ.79
  19. ჯონ მაქსველ ობრაიენი - ალექსანდრე დიდი: უხილავი მტერი: ბიოგრაფია, გვ. 65
  20. იონა ლენდერინგი - სტატიები ანტიკურ ისტორიაზე,ადა დაარქივებული 2013-05-01 საიტზე Wayback Machine.
  21. 21.0 21.1 არიანე - 1.20
  22. დიოდორე – XVII. 23
  23. ეშლი - გვ.206
  24. 24.0 24.1 დიოდორე – XVII. 25
  25. 25.0 25.1 არიანე - 1.21
  26. დიოდორე – XVII. 26
  27. ეშლი – გვ.208
  28. არიანე – 1.23
  29. ეშლი – გვ. 209
  30. 30.0 30.1 არიანე - 1.24
  31. დიოდორე – XVII. 27