ოხრახუში (Petroselinum), მცენარის გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. ერთ ან ორწლოვანი ბალახია. მისი სამშობლოა ხმელთაშუაზღვისპირეთი. გავრცელებულია თითქმის ყველგან. ცნობილია ოხრახუშის 3 სახეობა, კულტურაშია ერთი — ბოსტნის ოხრახუში (Petroselinum sativum), ორწლოვანია, პირველ წელს ივითარებს ფოთლებსა და ძირხვენას, მეორე წელს — საყვავილე ღეროსა (75 - 150 სმ) და თესლს. ყინვაგამძლეა, თესენ გვიან შემოდგომით, ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე. თესლი 2-3 °C ტემპერატურაზე ღივდება, ტენს ზომიერად მოითხოვს. ოხრახუში მდიდარია ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებითა და ეთერზეთებით. იყენებენ ნედლად და გამხმარს კულინარიასა და საკონსერვო მრეწველობაში, მედიცინაში (შარდმდენ საშუალებად). ოხრახუშის 2 სახესხვაობაა ძირხვენა ოხრახუში და ფოთლოვანი ოხრახუში. ეს უკანასკნელი ფართოდაა გავრცელებული საქართველოში „ქუთაისურის“ სახელწოდებით.
- რობაქიძე თ., ქსე, ტ. 7, გვ. 626, თბ., 1984