ნუკრი მაჭარაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნუკრი მაჭარაშვილი (დ. 2 აგვისტო, 1940, თბილისი) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1962 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა ელექტრო-მექანიკოსის კვალიფიკაცია.

1962 წელს მუშაობა დაიწყო ჭიათურის მაღაროთა სამმართველოს ცენტრალური ფაბრიკის მთავარი მექანიკოსის მოადგილედ. 1964-1966 წლებში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №8 სამშენებლო ტრესტ „ჭიათურმანგანმშენი“-ს სამშენებლო სამმართველო „ბინმშენის“ სამუშაოთა მწარმოებლად. 1966-1968 წლებში იყო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ „საქსანტექმონტაჟი“-ს მთავარი ენერგეტიკოსი. 1968-1974 წლებში იყო სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო „თბილსანტექმონტაჟი“-ს სამუშაოთა მწარმოებელი, საგეგმო განყოფილების უფროსი. 1974-1976 წლებში მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სამონტაჟო და სპეციალური სამუშაოების მთავარი სამმართველოს „საქმთავარმონტაჟსპეცმშენო“-ს განყოფილების უფროსად. 1976-1986 წლებში ამავე მთავარი სამმართველოს, ჯერ რესპუბლიკური სამმართველო „რეწვენტილაციის“, შემდეგ კი რესპუბლიკურ სამმართველო „თერმოიზოლაციის“ უფროსად. 1989-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უფროსად. 1999-2007 წლებში იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი კონსულტანტი სპეციალური და სამონტაჟო სამუშაოების მიმართულებით. მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელებულ იქნა: ჭიათურისა და ნაგუთის საცხოვრებელი დასახლების კომპლექსის მშენებლობა, რუსთავის აზოტის, მეტალურგიული და ცემენტის ქარხნების სავენტილაციო სისტემების მონტაჟი, ასევე ზესტაფონის ფეროშენადნობთა და ქუთაისის საავტომობილო ქარხნების სავენტილაციო სისტემების მონტაჟი, ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის თერმოიზოლაციის სისტემების მონტაჟი. აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების სავენტილაციო და თერმოსაიზოლაციო სამუშაოების შესრულება. მათ შორის: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის, გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და საცურაო აუზის სავენტილაციო და თერმოსაიზოლაციო სისტემების მონტაჟი და სხვა. მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, წიგნი 2, თბ., 2021, გვ. 183-184

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]