ნიკოლას ვიტსენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლას ვიტსენი
ნიდერლ. Nicolaes Witsen

დაბადების თარიღი 8 მაისი, 1641(1641-05-08)[1] [2]
დაბადების ადგილი ამსტერდამი
გარდაცვალების თარიღი 10 აგვისტო, 1717(1717-08-10)[1] [3] [2] [4] (76 წლის)
გარდაცვალების ადგილი ამსტერდამი
საქმიანობა მწერალი, კარტოგრაფი, პოლიტიკოსი, გეოგრაფი, დიპლომატი და კომერცია
მოქალაქეობა  გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა[5]
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი

ნიკოლას ვიტსენი (ნიდერლ. Nicolaes Witsen; თანამედროვე ნიდ.: Nicolaas Witsen; დ. 8 მაისი, 1641, ამსტერდამი — გ. 10 აგვისტო, 1717, ამსტერდამი) — ნიდერლანდელი მოღვაწე, კარტოგრაფი, გემთმშენებელი, ექსპერტი რუსეთის საკითხებში. რამდენიმეჯერ იქნა არჩეული ამსტერდამის მერად 1682-1706 წლებში. იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც აღწერა ციმბირი, შორეული აღმოსავლეთი და ცენტრალური აზია თავის წიგნში: „ჩრდილო და აღმოსავლეთ თათრეთი“ (Noord en Oost Tartarye).

ჩრდილო და აღმოსავლეთ თათრეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩილ II-ის წერილი ნიკოლას ვიტსენს, ჩრდილო და აღმოსავლეთ თათრეთი, 1705, გვ. 524

ვიტსენმა 1692 წელს გამოსცა ენციკლოპედიური ხასიათის წიგნი სახელწოდებით: „ჩრდილო და აღმოსავლეთ თათრეთი“ (Noord en Oost Tartarye), რომელიც შედგება 660 გვერდისგან და მეგზურობას უწევს დაინტერესებულ პირებს. ამ წიგნის შევსებული რედაქცია (984 გვერდი) ორ ტომად გამოიცა 1705 წელს[6] (თავიდან დაიბეჭდა 1785 წელს), რომლის გვერდების რაოდენობაც ათასს აჭარბებს. თხზულების სახელწოდების მიუხედავად, ვიტსენი სცდება თათრეთის აღწერას და გვაძლევს ვრცელ ინფორმაციას ციმბირის, მონღოლეთის, ცენტრალური აზიის, მანჯურიის, იაპონიის კუნძულ ჰონსიუს ჩრდილოეთით მდებარე კუნძულებს, კორეის, სპარსეთის, ყირიმის, კავკასიის, ვოლგისპირეთისა და ურალის მთიანი ნაწილის შესახებ.

თხზულებაში აღწერილია ქვეყნებისა და მხარეების გეოგრაფია, სახელმწიფო სტრუქტურა, ისტორია და კულტურა, ტრადიციები, ენობრივი მონაცემები, ფლორა, ფაუნა და ა.შ. მასში ასევე შესულია ჰოლანდიურ-ქართული (900 სიტყვა) და ჰოლანდიურ-ყალმუხური (700 სიტყვა) ლექსიკონები. შეტანილი აქვს 25-მდე ენის მონაცემები[7]. იძლევა ქართული, ტიბეტური, მანჯურიული და მონღოლური ენების წერითი სისტემების ილუსტრაციებს.

ცნობები საქართველოს შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Artschillus Bagarationus. Koningh van Iberia en Melita & Nicolaes Davidszoon. Georgiaens Koningh, 1705, p. 524
ქართული ბეჭდური ანბანი, ჩრდილო და აღმოსავლეთ თათრეთი, 1705, გვ. 507

ვიტსენი საქართველოსა და ქართული ენის შესახებ ცნობებს გვაწვდის თხზულებაში: „ჩრდილო და აღმოსავლეთ თათრეთი“ (Noord en Oost Tartarye)[8]. როგორც ჩანს, იგი კონსულტაციებს იღებს არჩილ მეფის მოსკოვის ქართული კოლონიის წარმომადგენელთაგან[9].

ვიტსენი საქართველოზე საუბარს იწყებს გეოგრაფიისა და კულტურული გავლენების მიმოხილვით. აღწერს, რომ ძირითადი მოსახლეობა ძირითადად ქრისტიანია, თუმცა, მისდა სამწუხაროდ, მრავალი ადამიანი გახდა ისლამის მიმდევარი ბოლო პერიოდებში, განასაკუთრებით მას მერე, რაც ზოგიერთმა დიდებულმა მაჰმადიანობა აღიარა საკუთარ რელიგიად[10].

ვრცელი მიმოხილვის შემდეგ იძლევა რიგზე გაწყობილ ქართულ მხედრულ ანბანს, ჯამში 37 გრაფემას, რომელსაც თან აქვს დართული ლათინური ტრანსკრიფცია. აქედან ორი: „ეჲ“ (8) და „ჟან“ (17) ორნაირი დაწერილობით აქვს შეტანილი. მიმდევრობაში გამორჩენილია „ტარი“ და ბოლოს აქვს დართული 37-ე ნომრად. ამას გარდა, შეტანილი აქვს ორი განსხვავებული გრაფემა: „ენა“ (35) და „ლანა“ (36).

ამავე გამოცემას ერთვის არჩილ მეფისა და ირაკლი I-ის (Nicolas Davidsson) პორტრეტი, თუმცა გრავიურის ორიგინალი დაკარგულია და ზუსტად უცნობია, ვინ და როდის შეასრულა იგი.

ამავე გამოცემაშია გამოქვეყნებული არჩილ მეფის წერილი ნიკოლას ვიტსენისადმი, მიწერილი 1686 წელს, რომელშიც მას მადლობას უხდის ამსტერდამში ქართული საგამომცემლო საქმის წამოწყებისთვის.

შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • N. Witsen, Aeloude en hedendaegsche scheepsbouw en bestier (1671)
  • N. Witsen, Architectura navalis et regimen nauticum (მეორე გამოცემა, 1690)
  • N. Witsen, Noord en Oost Tartarye, ამსტერდამი MDCCV. (პირველი გამოცემა: ამსტერდამი, 1692; მეორე გამოცემა (ვრცელი რედაქცია): ამსტერდამი, 1705. ხელახალი გამოცემა 1785)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Nicolaas Witsen — 2009.
  3. Nicolaes Witsen
  4. Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  5. LIBRIS — 2012.
  6. Witsen N., Noord en Oost Tartarye. François Halma, Amsterdam 1705 (2de druk)http://www.dbnl.org/tekst/wits008noor02_01/colofon.php
  7. Graaf, T. de, & B. Naarden. 2007. Description of the Border Areas of Russia with Japan and Their Inhabitants in Witsen's North and East Tartary. In: Acta Slavica Iaponica 24, pp. 205–220.
  8. D. L. Vateishvili, "Nicolaas Witsen and his information about Georgia" in: Georgia and the European countries, Book 2, 348
  9. ხინთიბიძე ე., ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში, გამომცემლობა „ქართველოლოგი“, თბილისი, 2003
  10. Witsen N., Noord en Oost Tartarye, François Halma, Amsterdam 1705 (2de druk), © 2014 dbnl http://www.dbnl.org/tekst/wits008noor02_01/wits008noor02_01.pdf