ნაწლავღრუიანები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაწლავღრუიანები
Comb jellies-mba.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ნაწლავღრუიანები
ლათინური სახელი
Coelenterata

ნაწლავღრუიანები (Coelenterata), უხერხემლო ცხოველების ტიპი. უმეტესობა ზღვის ბინადარია, ზოგი მტკნარ წყალში ცხოვრობს. გვხვდება ნაწლავღრუიანების მარტოული და კოლონიური ფორმები. ზოგი ნაწლავღრუიანები მჯდომარეა (მტკნარი წყლის ჰიდრები, ჰიდროიდული ფა მარჯნის პოლიპები), ზოგი — თავისუფლადმცურევი (მედუზები). ნაწლავღრუიანების მრავალ სახეობას ახასიათბს მეტაგენეზი. ნაწლავღრუიანების მარტივ ან საკნებად დაყოფილ ერთადერთ ნაწლავის ღრუში ხდება საკვების მონელება. ნაწლავის ღრუ გარემოს უკავშირდება პირის ხვრელით, რომელიც გარშემორტყმულია საცეცებით. ნაწლავღრუიანების სხეული შედგება ექტოდერმისა და ენტოდერმისაგან, რომელთა შორის განვითარებულია მეზოგლეა. ექტოდერმა ძირითადად შედგება ეპითელიუმურ-კუნთოვანი, მსუსხავი და არადიფერენცირებული უჯრედებისაგან. ენტოდერმაში მოთავსებულია ეპითელიუმურ-კუნთოვანი და ჯირკვლოვანი საჭმლის მომნელები უჯრედები, რომლებიც ამების ცრუფეხების მსგავსი გამონაზარდებით ნაწლავის ღრუდან უჯრედში შეიტაცებენ ნაწილობრივ მონელებულ საჭმლის ნაწილაკებს და იწყება უჯრედშიგა მონელება. გადამუშავებელი ნარჩენები პირის ხსვრელით გარეთ გამოიდესვნება. ნაწლავღრუიანებს ნერვული სისტემა წარმოდგენილია სუბპითელიუმური ნერვული ბადით. გრძნობის ორგანოებიდან აღსანიშნავია შუქშემგრძნობი თვალები და სტატოცისტები (წონასწორობის ორგანო), რომლებიც მხოლოდ მედუზებს აქვთ. ნაწლავღრუიანები, როგორც წესი, ჰაყოფილსქესიანებია. განაყოფიერება გარეგანია. ზიგოტიდან ვითარდება ლარვა-პლანულა, რომლისაგანაც მეტამორფოზის შედეგად მიიღება პოლიპი (იშვიათად მედუზა). მრავლდებიან ვეგეტატიურადაც (დაკვირტვა ანუ სტრობილაცია), რომლის შედეგადაც უფრო ხშირად კოლონია წარმოიქმნება. ზოგი ნაწლავღრუიანები თევზების საკვებია. ნაწლავღრუიანები ივითარებენ კიროვან ჩონჩხს, რომელიც წარმოქმნის წყალქვეშა და წყალზედა კლდეებს (რიფები, ატოლები). ნაწლავღრუიანებთაგან აღსანიშნავია კეთილშობილი (წითელი) მარჯანი, რომლის ვარდისფერი კიროვანი ღერძი საიუველირო ნაკეთობების დასამზადებლად გამოიყენება. ზოდ მედუზას ადამიანი საკვებად იყენებს, ზოგიერთის მსუსხავი უჯრედები მობანავეთა მძიმე ტოქსიკოზს და სიკვდილსაც კი იწვევენ. ნაწლავღრუიანების ტიპი 3 კლასს შეიცავს: ჰიდროიდულები, სციფოიდურები და მარჯნის პოლიპები. ზოგჯერ ნაწლავღრუიანებს მიაკუთვნებენ სავარცხლურებსაც. ცნობილია ნაწლავღრუიანების 9000-მდე თანამედროვე სახეობა. ცნობილია აგრეთვე ნაწლავღრუიანების 20000-მდე გადაშენებულისახეობა, რომელთა უმეტესობამ მონაწილეობა მიიღო მძლავრი კირქვიანი შრეების წარმოქმნაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]