მოგზაურობა ღამის დასალიერში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მოგზაურობა ღამის დასალიერში“
Voyage au bout de la nuit

პირველი გამოცემა, 1932.
ავტორი ლუი ფერდინან სელინი
ქვეყანა საფრანგეთი
ენა ფრანგული
გამომცემელი Éditions Denoël
გამოცემის თარიღი 1932
მედია ბეჭდური
გვერდი 543
ISBN 11306

მოგზაურობა ღამის დასალიერში (ფრანგ. Voyage au bout de la nuit) 一 ფრანგი მწერლის, ლუი ფერდინანდ სელინის რიგით პირველი, ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანი. წიგნი მოგვითხრობს მწერლის ალტერ ეგო პერსონაჟის, ფერდინანდ ბარდამუს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და მის მიერ მიღებულ გამოცდილებაზე პირველ მსოფლიო ომში, კოლონიალურ აფრიკასა და პარიზის ღარიბ გარეუბნებში, სადაც იგი ექიმად მუშაობდა. ნაწარმოებმა 1932 წელს რენოდოს პრემია დაიმსახურა, თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი მაინც გაეხვა კრიტიკის ქარცეცხლში, გამომდინარე მწერლის მიერ ადამიანური ყოფის პესიმისტური აღწერისა და იმ ერთგვარად ინოვაციური წერის სტილისა, რომელიც ფრანგი მუშათა კლასის სამეტყველო იერს წააგავადა და რომელიც სავსე იყო სლენგებითა და ნეოლოგიზმებით.

„მოგზაურობა ღამის დასალიერში“ გასული საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე რევოლუციურ ნაწარმოებადაა მიჩნეული. ეს არის გლობალიზაციის ეპოქის ერთ-ერთი პირველი წიგნი, რომელმაც თითქმის ნახევარი საუკუნით დაასწრო თავად ამ ეპოქის დადგომას.[1]რომანის მთავარი გმირი, რომელიც მთელ სამყაროში მოგზაურობს, ერთგვარად ულისეს პირდაპირი შთამომავალია, რომელიც სისასტიკით აღსავსე სამყაროში ცხოვრობს. მოგზაურობისას ის ხვდება ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ მოკლან ან ჭკუიდან შეშალონ სხვები. სელინი ყვება საზარელ ისტორიებს. იგი ამბობდა: “იმიტომ ვწერდი რომანებს, რომ მათი წაკითხვა შეუძლებელი ყოფილიყო“. და მიუხედავად ამისა ფერდინანდ სელინის ნაწარმოებებს მაინც ყველა კითხულობს, რადგან რომანის „მოგზაურობა ღამის დასალიერში“ იდეა დღესაც აქტუალურია – ადამიანები ცდილობენ ამ პატარა დედამიწაზე გადაირჩინონ თავი ღმერთის დახმარების გარეშე, იმ ღმერთისა, რომელიც, როგორც თავად სელინი აღნიშნავდა უგზავნის მათ სიღარიბეს, ომებს და ტექნიკურ პროგრესს და არავინ იცის, რატომ ხდება ასე.[2]

ფონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სელინმა თავის პირველ რომანზე მუშაობა 1929 წელს დაიწყო 一 მაშინ, როცა ის პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში ჯერ კიდევ ექიმად ირჩენდა თავს, სახელდობრ, კლიშის საჯარო კლინიკაში.[3] ნაწარმოები დაფუძნებულია ავტორის იმ გამოცდილებაზე, როცა ის პირველი მსოფლიო ომის დროს, კოლონიალურ აფრიკაში, ფრანგულ კავალერიაში ირიცხებოდა, აგრეთვე, იმ პერიოდით, როცა ფრანგულ სატყეო კომპანიასთან თანამშრომლობდა და მისი 1925 წლის ვიზიტით აშშ-ში, სადაც ფორდის ფირმაში დაიწყო მუშაობა, როცა ჯანდაცვის ოფიცრად მუშაობდა ერთა ლიგაში და ა.შ. სელინმა რომანის წერა 1931 წელს დაასრულა, თავისი ტექსტი კი ორ მცირე გამომცემლობას, შემდეგ გამომცემლობა Gallimard-ს გაუგზავნა, თუმცა სამივე მათგანმა წიგნის გამოცემა იუარა. საბოლოოდ, მისი გამოქვეყნება დამტკიცდა მეოთხე მცდელობისას, როცა სელინმა გამომცემლობა Denoël et Steele-ს მიაშურა. მოგზაურობა ღამის დასალიერში 1932 წელს გამოქვეყნდა.[4]

წიგნის სათაური მომდინარეობს იმ სიმღერის პირველი სტროფიდან, რომელიც თავად ავტორმა შვეიცარიულ გვარდიას მიუძღვნა. მისი ფრანგული თარგმანი, ამავდროულად, სელინის წიგნის ეპიგრაფსაც წარმოადგენს: «Notre vie est un voyage / Dans l'Hiver et dans la Nuit / Nous cherchons notre passage / Dans le Ciel où rien ne luit» (ჩვენი ცხოვრება მოგზაურობაა / ზამთარში და უკუნეთში; / ჩვენ ჩვენს გზებს ვუყურებთ / ცის კამარაზე, სინათლის გარეშე).[5] (სინამდვილეში, შვეიცარიული გვარდია საფრანგეთში მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს გაუქმდა.[6] ერთი ვერსიით, ტექსტი მომდინარეობს კარლ ლუდვიგ გისეკის ლექსიდან 一 მოგზაურობა ღამეში (1792). მოგვიანებით, ფრიდრიხ ვილკემ მასზე თავისი ცნობილი მუსიკალური ნაწარმოები დააფუძნა.[7] თავის მხრივ, ეს უკანასკნელი ფრანგული არმიის რუსეთში შეჭრასთან ასოცრიდებოდა, რომელში მონაწილეობასაც შვეიცარიული გვარდიის ქვედანაყოფებიც იღებდნენ).

სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისევე, როგორც სელინის სხვა ნაწარმოებები, მისი პირველი რომანიც ავტობიოგრაფიული ხასითისაა. რომანის მთავარი გმირის, ფერდინანდ ბარდამუს განვლილი გზა აბსოლუტურად შეესაბამება თავად ავტორის ცხოვრებისეულ მოვლენებს 一 მონაწილეობა პირველ მსოფლიო ომში, აფრიკულ კოლონიებში მუშაობა, მოგზაურობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამედიცინო პრაქტიკა პარიზის უღიმღამო გარეუბნებში და სხვა მრავალი.

რომანის უმეტესი ნაწილი ეძღვნება ადამიანის ცხოველურობის, მატერიალური სისაძაგლისა და მორალური სიბინძურის აღწერას, რომელშიც იძირებიან ნაწარმოების პერსონაჟები, მათ შორის მთავარი გმირი, რომლის მიერაცაა მოთხრობილი ეს ამბავი. ამავდროულად, ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ წიგნი გამიჯნულია ფრანგული ნატურალისტული ტენდენციებისგან, რაც გამოიხატება იმით, რომ ავტორს არ ადარდებს მორალის გაქილიკება, თუნდაც უკიდურეს ფორმებში და ზოლასგან განსხვავებით, უპირისპირდება სოციალური დეტერმინიზმის ფუნდამენტურ იდეას.

სელინის შემოქმედების თანამედროვე მკვლევარი, ანრი გოდარი ვარაუდობს, რომ პროტაგონისტი და მისი თავისებური ორეული, ლეონ რობინსონი, განმსჭვალულნი არიან სიკვდილის ქვეცნობიერი სურვილით. რობინსონის სიკვდილის შედეგად, რომანის ბოლოს, ბარდამუ „ღამის იმ ზღვრამდე აღწევს, სადაც მას სხვა ვერავინ გაჰყვება და სადაც საკუთარ თავთან განმარტოვდება“, რაც ერთგვარ სიმბოლიკას ქმნის სიკვდილის არსთან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.abebooks.com/9780811200196/Journey-End-Night-0811200191/plp
  2. https://press.tsu.ge/data/file/30/selini1..jJOmeDjs2q.pdf
  3. Vitoux, Frédéric (1991). Céline: a biography. New York: Paragon House, გვ. 184–188. ISBN 1-55778-255-5. 
  4. Vitoux, Frédéric (1991), pp. 196-200, 211.
  5. Céline, Louis-Ferdinand (2006) Journey to the End of the Night's epitaph. ISBN 9780811216548. 
  6. Henry, Philippe: "Gardes suisses", in: Dictionnaire historique de la Suisse (DHS), 29.06.2007: Swiss Guards fr. ციტირების თარიღი: 21 August 2021
  7. Die Nachtreise (1792), text for Beresinalied. ციტირების თარიღი: 21 August 2021