მარგერიტა პალეოლოგინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარგერიტა პალეოლოგინა
მონფერატის მარკიზა
მმართ. დასაწყისი: 1533
მმართ. დასასრული: 1536
წინამორბედი: ჯოვანი ჯორჯო I
მემკვიდრე: ფედერიკო II
მანტუის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 3 ოქტომბერი, 1531
მმართ. დასასრული: 28 აგვისტო, 1540
წინამორბედი: წოდება შეიქმნა
მემკვიდრე: კათარინა ავსტრიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 11 აგვისტო, 1510
დაბ. ადგილი: მონფერატო, იტალია
გარდ. თარიღი: 28 დეკემბერი, 1566, (56 წლის)
გარდ. ადგილი: მანტუა, იტალია
მეუღლე: ფედერიკო II, მანტუის ჰერცოგი
შვილები: ფრანჩესკო III, მანტუის ჰერცოგი
გულიელმო, მანტუის ჰერცოგი
ლუიჯი, ნევერის ჰერცოგი
ფედერიკო, კარდინალი
დინასტია: პალეოლოგოსები
მამა: გულიელმო IX, მონფერატის მარკიზი
დედა: ანა ალენსონელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარგერიტა პალეოლოგინა (იტალ. Margherita Paleologa; დ. 11 აგვისტო, 1510, მონფერატო — გ. 28 დეკემბერი, 1566, მანტუა) — პალეოლოგოსების დინასტიის წარმომადგენელი. მონფერატის მარკიზა 1533-1536 წლებში როგორც გულიელმო IX-ის ასული. მისი მანტუის ჰერცოგ ფედერიკო II-ზე ქორწინების შედეგად მონფერატო გონძაგების მფლობელობაში შევიდა. იგი გახდა მანტუის პირველი ჰერცოგინია და თავისი ორი ვაჟის რეგენტი 1540-1556 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგერიტა დაიბადა 1510 წლის 11 აგვისტოს მონფერატის სამარკიზოში. იგი იყო მონფერატის მარკიზ გულიელმო IX-ისა და მისი ფრანგი მეუღლის, ანა ალენსონელის ქალიშვილი. დედამისი ვალუას დინასტიის წარმომადგენელი და მაშასადამე საფრანგეთის მეფე ლუი XII-ის ბიძაშვილი იყო, რის გამოც იტალიაში, სადაც საფრანგეთის გავლენა დიდი იყო, იგი ყოველთვის დიდი გავლენით სარგებლობდა. რაც შეეხება მამამისს, მარკიზ გულიელმოს, იგი თავად ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე II-ის შთამომავალი იყო, რომლის წინაპრებმაც მონფერატის ტახტი ანდრონიკეს ცოლის, დედოფალ იოლანდა მონფერატელის მემკვიდრეობით დაიკავეს და ასე დამკვიდრდნენ იტალიაში. გარდა ამისა, მამამისის დედა თავად მარია სერბი იყო, სერბეთის მეფის ასული, რითაც იგი ბრანკოვიჩების საგვარეულოს შთამომავალიც იყო.

მარგერიტა ოჯახში მეორე ბავშვი იყო სამიდან. მისი უფროსი და, მარია პალეოლოგინა 21 წლის ასაკში გარდაიცვალა, რასაც მოჰყვა მისი ძმის, ბონიფაციუს IV-ის 18 წლის ასაკში უშვილოდ დაღუპვა. ამის გამო მონფერატის ტახტი მათმა ბიძამ, ჯოვანი ჯორჯო პალეოლოგოსმა დაიკავა, რასაც მარგერიტას დედა, ანა ალენსონელი დიდად ეწინააღმდეგებოდა.

ჯერ კიდევ 1517 წლიდან, მარია პალეოლოგინა დანიშნული იყო მანტუას მარკიზ ფედერიკო II გონძაგაზე. ისინი იქორწინებდნენ კიდევაც, მაგრამ 1530 წელს მარია ფედერიკოს საყვარელმა, კალვიზანოს გრაფის მეუღლემ, იზაბელა ბოშეტმა მოწამლა.

პალეოლოგოსებს იმდენად უნდოდათ გონძაგებთან დამოყვრება, რომ მარგარიტა თავისმა ძმამ სასწრაფოდ დანიშნა ფედერიკო II-ზე, რასაც მარიას მოწამვლიდან ერთ წელიწადში, 1531 წლის 3 ოქტომბერს მოჰყვა მარგერიტა პალეოლოგინასა და ფედერიკო გონძაგას ქორწინება. მომავალში საღვთო რომის იმპერატორმა კარლ V-მ ფედერიკო გამოჩენილი ერთგულებისათვის დააწინაურა და მარკიზობიდან ჰერცოგობამდე აამაღლა, რითაც მარგერიტა მანტუის პირველი ჰერცოგინია გახდა.

1533 წელს მისი ბიძის, ჯოვანი ჯორჯოს უშვილოდ გარდაცვალების გამო, მარგერიტა მონფარეტის მარკიზი გახდა, თუმცა მალევე, 1536 წელს თავისი ქმრის, ფედერიკო II-ის სასარგებლოდ გადადგა ტახტიდან, რითაც მონფერატოში იწყება გონძაგების მმართველობის ხანგრძლივი ეპოქა.

ფედერიკოს მმართველობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რადგან იგი 1540 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ იგი მათმა უფროსმა ვაჟმა, ფრანჩესკო III-მ ჩაანაცვლა, რომელიც ამ დროს მხოლოდ 7 წლის იყო, რისგამოც რეგენტად მარგერიტა დაენიშნა. მიუხედავად დედის წარმომავლობისა, მარგერიტა ანტიფრანგულ პოლიტიკას ატარებდა და იტალიურ ომებშიც ჰაბსბურგებს ემხრობოდა. სწორედ ამიტომ, მან თავისი უფროსი ვაჟი, ფრანჩესკო III დააქორწინა საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ I-ისა და დედოფალ ანა უნგრელის ქალიშვილ კათარინა ავსტრიელზე, ხოლო უმცროსი ვაჟი, გულიელმო გონძაგა კათარინას უმცროს დაზე, ელეონორა ავსტრიელზე.

1550 წელს, კათარინაზე ქორწინებიდან ერთ წელიწადში ფრანჩესკო III უშვილოდ დაიღუპა, რის გამოც ტახტი მისმა ძმამ, გულიელმომ დაიკავა, დაქვრივებული კათარინა კი მისივე დის ქვრივს, პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ II-ს მიათხოვეს. მარგერიტამ შეძლო და შეინარჩუნა რეგენტობა, თუმცა ამ შემთხვევაში იგი პოსტს მაზლთან, ერკოლე გონძაგასთან იყოფდა.

მარგერიტა პალეოლოგინა გარდაიცვალა 1566 წლის 28 დეკემბერს მანტუაში, 56 წლის ასაკში. მისი გარდაცვალებით შეწყდა პალეოლოგოსების დინასტიაც. იგი დაკრძალეს მის მშობლიურ მონფერატოში, მშობლების გვერდით.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ფრანჩესკო III (1533-1550), მონფერატისა და მანტუის ჰერცოგი. ცოლად შეირთო კათარინა ავსტრიელი, მაგრამ გარდაიცვალა უშვილოდ;
  2. ელეონორა (1535), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  3. ანა (1536), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  4. იზაბელა (1537-1579), ცოლად გაჰყვა სიცილიის ვიცემეფე ფრანჩესკო ფერდინანდო დე ავალოსს;
  5. გულიელმო (1538-1587), მონფერატისა და მანტუის ჰერცოგი. ცოლად შეირთო ელეონორა ავსტრიელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  6. ლუიჯი (1539-1595), ნევერის ჰერცოგი. ცოლად შეირთო ანრიეტა კლეველი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  7. ფრანჩესკო (1540-1565), კარდინალი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Romano’s [Royal Collection, London] and Titian’s portraits [KHM, Vienna] were both assumed as Isabella d’Este. By the change of Romano’s portrait to Margherita Paleologa (i.e. eye colour), the same identification should be discussed for Titian’s portrait, because there are inconsistences as Isabella d’Este; see i.e.: Ozzola, Leandro (1931): Isabella d’Este e Tiziano. In: Bolletino d’Arte del Ministero della pubblica istruzione. BdA (Rome) 1931 No. 11, pp. 491-494
  • Cawley, Charles, Medieval Lands, Medieval Lands database, Foundation for Medieval Genealogy;
  • Roberto Maestri, Una protagonista del Rinascimento: Margherita Paleologo duchessa di Mantova e Monferrato, Circolo Culturale "I Marchesi del Monferrato", Alessandria 2013.