ლენქორანული ხერკინა
| ლენქორანული ხერკინა | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Parrotia persica | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
ლენქორანული ხერკინა, ბოკაუტი სპარსული პაროცია (Parrotia persica), ჰამამელისისებრთა ოჯახის რელიქტური პაროციას გვარის ერთადერთი სახეობა. მისი სიმაღლე 25 მ აღწევს, ძირიდანვე ძლიერ დატოტვილი ზაფხულშწვანე ხეა. გავრცელებულია აზერბაიჯანსა (თალიშში და აქა-იქ კავკასიონის სამხრეთ კალთების ძირას, აფთარანის ვაკეზე) და ჩრდილოეთ ირანში (კასპიის ზღვისპირეთში). ქმნის წმინდა კორომებს (ზღვის დონიდან 250 მ-მდე) ან შერეულია ფოთლოვან (წაბლფოთოლა მუხის, რცხილის და ძელქვის) ტყეში (ზღვის დონიდან 600-800 მ), ცალკეული ხეები გვხვდება ზღვის დონიდან 1200 მ-მდე.
ლენქორანული ხერკინა იზრდება თბილ და ტენიან გარემოში, თუმცა — 32°C-მდე ყინვასაც უძლებს. ჩრდილოსამტანია, ნელა იზრდება. 150 წლისა 15 მ-მდე სიმაღლეს და 30 სმ სისქეს აღწევს, ცოცხლობს 200 წლამდე. ყვავილობს თებერვალ-მარტში, შეფოთვლამდე (აპრილში). ნაყოფს ისხამს სექტემბერ-ოქტომბერში. დეკორატიულია, წითლად შეფერილ ფოთლებს დეკემბრამდე ინარჩუნებს. მისი გართხმული ტოტები ადვილად ფესვიანდება, ერთმანეთს შეეზრდება ხოლმე და ამიტომ საუკეთესოა ცოცხალ ღობედ. იტანს კრეჭას. აქვს ლამაზი მოყავისფრო-ვარდისფერი („კავკასიის ვარდისფერი ხე“), ძალიან მაგარი, მძიმე და გამძლე მერქანი. იყენებენ სადურგლო და სახარატო საქმეში, აკეთებენ მანქანის ნაწილებს, საფეიქრო მაქოებს, მხატვრულ ნახელავებს. ფოთოლი შეიცავს ტანინებს (7%) და ხმარობენ ხალხურ მედიცინაში ჭრილობის მოსაშუშებლად. თესლი შეიცავს ტექნიკურ ზეთს. ამრავლებენ თესლით და ვეგეტატიურად.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- სახოკია მ., ქსე, ტ. 6, გვ. 190, თბ., 1983
სტატიის