კიკნაველიძეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კიკნაველიძეები — XX საუკუნის დასაწყისის ქართველ ხე-ტყის მრეწველთა და ქველმოქმედთა ოჯახი, ძმები:

ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ყარამანმა და მისმა ძმებმა გამოიგონეს მარტივი კონსტრუქციის მექანიკური ხელსაბანი, ასევე ქუთაისში, მდ. რიონის სანაპიროზე, ბალახვნის ქუჩაზე მათ გამართეს წყალსატუმბი საწარმო. შემოსული თანხით სოფ. კიკნაველეთში (ახლანდ. სოფ. საკრაულა, ბაღდათის მუნიციპალიტეტი) შეიძინეს მიწის ნაკვეთი და უფასო სკოლა ააშენეს. ძმები აქტიურად მონაწილეობდნენ 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში, რომლის ჩახშობის შემდეგ თავი სპარსეთს შეაფარეს. იქ მუშაობა დაიწყეს „რუსეთ-სპარსეთის ხეტყის მრეწველობის ამხანაგობაში“ კომერციულ აგენტებად, იჯარით აიღეს ტყის დიდი მასივები და დაიწყეს ხის მასალის დამზადება თევზისა და ნავთობგადასამუშავებელი სარეწებისთვის. მონაწილეობდნენ 1909 წელს პარიზში ტყეების სამრეწველო დამუშავების შესწავლისადმი მიძღვნილ მსოფლიო გამოფენაში. კიკნაველიძეებს სახლი და კანტორა ფერეიდანში, მაზანდარანის პროვინციაში, სოფ. გურჯიმალაში ჰქონდათ. უმცროსი ძმა — მანუელი, ფერეიდნელი ქართველების ქომაგი და მათი უფლებების დამცველი იყო, რის გამოც სპარსელების მიერ დაქირავებულმა ბოროტმოქმედებმა 1916 წელს მოკლეს. 1917 წელის რევოლუციის შემდეგ კიკნაველიძეები საქართველოში დაბრუნდნენ და ძმის ნეშტი მშობლიურ სოფელში გადმოასვენეს.

1917 წელს ყარამან კიკნაველიძე მატერიალურად დაეხმარა ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელ საზოგადოებას, რომელსაც ივანე ჯავახიშვილი ედგა სათავეში. კიკნაველიძეებმა თბილისის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუდენტთა ქალაქის ასაშენებლად შეისყიდეს მიწის ნაკვეთი, თუმცა მშენებლობა არ დაწყებულა. მათ დიდი დახმარება აღმოუჩინეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, გაზეთ „ალიონის“ რედაქციის შენობისათვის თბილისში შეიძინეს მიწის ნაკვეთი და მისი მშენებლობაც დააფინანსეს.

1918 წლის 13 თებერვალს ყარამან, ნიკოლოზ, შალვა კიკნაველიძეები და მათი ოჯახის წევრები სოფელ კიკნაველეთში ყაჩაღთა შეიარაღებულმა თავდასხმამ იმსხვერპლა. 2005 წელს თბილისში დარიალის შესახვევს ეწოდა ძმები კიკნაველიძეების ქუჩა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]