კადრიე ნურმამბეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კადრიე ნურმამბეტი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 21 აგვისტო, 1933(1933-08-21)
დაბ. ადგილი Dobrich
გარდ. თარიღი 31 იანვარი, 2023(2023-01-31)[1] (89 წლის)
გარდ. ადგილი ბუქარესტი

კადრიე ნურმამბეტი ( რუმ. Kadriye Nurmambet ყირიმ. Qadriye Nurmambet ; დ. 21 აგვისტო, 1933, ბაზარჯიკი — გ. 31 იანვარი, 2023 ბუქარესტი ) — რუმინელი ყირიმელი თათარი ხალხური სიმღერების შემსრულებელი და ფოლკლორისტი . საკუთარ ქვეყანაში — რუმინეთში მას მეტსახელად დობრუჯას ბულბული შეარქვეს. [2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კადრიე ნურმამბეტი დაიბადა 1933 წლის 21 აგვისტოს რუმინეთის სამეფოს დობრუჯის რეგიონში, (ახლანდელი დობრიჩი, ბულგარეთი ) ყირიმელი თათრების ოჯახში. მისი მამა არტილერიის ოფიცერი იყო. როდესაც მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში რუმინეთმა სამხრეთ დობრუჯა ბულგარეთს დაუთმო, კადრიეს ოჯახი გადავიდა ჩრდილოეთით მეჯიდიაში, სადაც მისი მამა დაინიშნა სამხედრო გარნიზონის მეთაურად. [3]

კადრიე ნურმამბეტმა ჩააბარა ბუქარესტის უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1957 წელს. იგი გახდა პირველი ყირიმელი თათარი ქალი ადვოკატი რუმინეთში. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სამსახური დაიწყო კონსტანტაში ადვოაკატთა კოლეგიაში.

კადრიე ნურმამბეტი ბავშვობიდანვე გატაცებული იყო მუსიკით. თუმცა განსაკუთრებულ ინტერესს ავლენდა ფოლკლორისა და ხალხური მუსიკის მიმართ. გოგონა ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდანვე ღებულობდა მონაწილეობას სხვადასხვა კონცერტებში. იგი გამოდიოდა ყირიმელი თათრების და რუმინული ფოლკლორული ჯგუფების შემადგენლობაში. აღსანიშნავია დამწყები მომღერლის მონაწილეობა 1950 წლის კონცერტში, როდესაც რუმინეთში Athenaeum-ის სცენაზე, ქვეყანაში არაერთ ცნობილ არტისტთან ერთად გამოვიდა. [4]

1954 წელს მომღერლის მიერ შესრულებულმა სიმღერებმა ბუქარესტის მუსიკის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორის ტიბერიუ ალექსანდრუს დიდი მოწონება დაიმსახურა. სწორედ ტიბერიუ ალექსანდრუს წყალობით გაისმა პირველად რადიოში კადრიეს ხმა. მისი პირველი ჩანაწერი გამოვიდა 1960 წელს Electrecord-ის ლეიბლით, რასაც მოჰყვა სხვა ჩანაწერები 1963, 1974, 1980, 1982 და 1989 წლებში.

კადრიემ პირველი ხალხური სიმღერები დედისგან შეისწავლა. მოგვიანებით მან დიდი ინტერესი გამოავლინა ტრადიციული სიმღერების მოძიების და შეგროვების მიმართ. მომღერალი მოგზაურობდა დობრუჯის სოფლებში და ეძებდა ყირიმული თათრული, ნოღაელების და თურქული კულტურების მატარებელ ადგილობრივ მოსახლეობას. 1957 წელს კადრიე ნურმამბეტი მიიწვიეს 90-ზე მეტი ტრადიციული თათრული და თურქული სიმღერის ჩასაწერად ბუქარესტის ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის ინსტიტუტის ოქროს ხმის არქივში. მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, მომღერალმა დიდი ძალისხმევა გამოიჩინა რუმინეთში მცხოვრები თურქებისა და თათრების ტრადიციული მუსიკის შესანარჩუნებლად, ასწავლიდა რა შემსრულებლებს ფოლკლორულ მუსიკას.[5]

კადრიე ნურმამბეტის ბოლო სტუდიური ალბომი სახელწოდებით თათრული და თურქული ტრადიციული ხალხური სიმღერები გამოვიდა 2009 წელს ლეიბლით Electrecord .[6]

მომღერალი გარდაიცვალა 2023 წლის 31 იანვარს ბუქარესტში 89 წლის ასაკში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bocai, Adina (2009-10-19). „Kadriye Nurmambet "pledează", din nou, pentru "Melodii populare tătăreşti şi turceşti" (რუმინული). Cuget Liber. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-24. ციტირების თარიღი: 2014-08-15.
  2. Agi-Amet, Gemal (1999). Dicţionarul personalităţilor turco-tătare din România (in Romanian). Constanta: Metafora. ISBN 9789739340274.
  3. Romanian Institute for Research on National Minorities. "Lansare de CD: Kadriye Nurmambet, "Melodii populare tătăreşti şi turceşti"". ispmn.gov.ro (რუმინ.). ISPMN. Retrieved 15 August 2014.
  4. "S-a stins din viață priveghetoarea cântecului popular tătăresc și turcesc, Kadriye Nurmambet (1932–2023)". Radio România Constanta. 1 February 2023. Retrieved 2 February 2023.
  5. Bucinschi, Raluca (2012). Bibliografia Nationala Romana: Documente muzicale tiparite si audiovizuale, Anul XLIV/2011 დაარქივებული 2023-05-03 საიტზე Wayback Machine. (PDF) (რუმინ.). Bucharest: Editura Bibliotecii Nationale a Romaniei. p. 14.