იოსებ სტალინის ძეგლი გორში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოსებ სტალინის ძეგლი გორში

იოსებ სტალინის ძეგლი გორშისაბჭოთა კავშირის ლიდერის იოსებ სტალინისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი უკანასკნელი შემორჩენილი მონუმენტი მსოფლიოში. 2010 წლის 18 ოქტომბრამდე აღმართული იყო საქართველოში, სტალინის მშობლიური ქალაქის — გორის ცენტრალურ მოედანზე, საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის წინ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლი სტალინის სიცოცხლეში, 1952 წ. გაიხსნა. მოქანდაკეა შოთა მიქატაძე, არქიტექტორები — ზაქარია და არჩილ ქურდიანები. ბრინჯაოს ექვსმეტრიანი ქანდაკება იდგა გრანიტის ცხრამეტრიან სამიარუსიან კვარცხლბეკზე, რომელიც ამავე დროს ტრიბუნის ფუნქციასაც ასრულებდა. სტალინი მთელი ტანით არის წარმოდგენილი. აცვია სამხედრო ტანსაცმელი.[1]

ძეგლი გადაურჩა სტალინის მემკვიდრის, ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ „პიროვნების კულტის“ დაგმობის შემდეგ დაწყებულ კამპანიას „დიდი ბელადის“ გამოსახულებათა წინააღმდეგ, რომლის დროსაც მოხსნეს ანალოგიური მონუმენტი თბილისში. 1980-90-იანი წლების მიჯნაზე, ქართული ეროვნული მოძრაობის პერიოდში, განზრახული იყო გორში მდგარი ძეგლის განადგურებაც, მაგრამ გორის მოსახლეობის მოთხოვნით მონუმენტი შენარჩუნდა. ამ დროიდან გორის ცენტრში სტალინის ძეგლის არსებობის მიზანშეწონილობაზე კამათი არ შემწყდარა. საზოგადოებრივი აზრი ორადაა გაყოფილი: ბევრისთვის ძეგლი ტოტალიტარიზმისა და საბჭოთა ოკუპაციის სიმბოლოა და მისი არსებობა ამ სახით გაუმართლებელია; სხვები ძეგლის შენარჩუნებასდმი თავიანთ მხარდაჭერას ტურისტული ინტერესით ხსნიან; ზოგიერთი კი მონუმენტს „ისტორიის ნაწილად“ მიიჩნევს და „ყველაზე ცნობილი ქართველის“ ძეგლის დემონტაჟის მოწინააღმდეგედ რჩება.[2][3]

ძეგლის მომავალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წ. აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს გორის ოკუპაციამ და მსოფლიო მედიის გაძლიერებულმა ყურადღებამ ქალაქისა და მისი სიმბოლიკისადმი სტალინის ძეგლის საკითხი კვლავ გამოაცოცხლა. 2008 წ. ოქტომბერში საქართველოს მთავრობის წევრებმა განაცხადეს, რომ სტალინის ძეგლი გადატანილი იქნება საქართველოს ოკუპაციის მუზეუმის ფილიალში, რომელიც გორში სტალინის სახლ-მუზეუმის რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნება.[4][5] ამ განცხადებებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ძეგლის გადატანა გააპროტესტეს საქართველოს კომუნისტური პარტიის თავმჯდომარემ პანტელეიმონ გიორგაძემ[6] და საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.[7] საქართველოს მთავრობას პროტესტის ღია წერილით მიმართეს ასევე რუსმა კომუნისტებმა.[8] 2010 წლის 24–25 ივნისს მოხდა ძეგლის დემონტაჟი.[9]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, გვ. 42. თბ., 1990
  2. (ინგლისური) Lasky, Will. Selling Stalin დაარქივებული 2007-09-20 საიტზე Wayback Machine. . Georgian Business Magazine. Issue 4, 2007 (August).
  3. (ინგლისური) Asatiani, Salome. The Great Terror: In Stalin's Birthplace, Forgiving And Forgetting. Radio Free Europe/Radio Liberty. August 14, 2007.
  4. გორში განთავსებული სტალინის ძეგლი სამუზეუმო ექსპონატი გახდება. ინტერპრესნიუსი. 2008-10-03
  5. ბარამიძე გორის ცენტრში სტალინის ძეგლის მოშორებას მოითხოვს[მკვდარი ბმული]. „ახალი ამბები - საქართველო“. 03.10.2008
  6. პანტელეიმონ გიორგაძე გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლის გადატანას დიდ სირცხვილად აფასებს. ინტერპრესნიუსი. 2008-10-06
  7. "ლეიბორისტული პარტია" გორის ცენტრიდან იოსებ სტალინის ძეგლის შესაძლო დემონტაჟს აპროტესტებს. ინტერპრესნიუსი. 2008-10-06
  8. (რუსული) Руки прочь от памятника И.В. Сталину и его Дома-Музея! Коммунистическая партия Российской Федерации. 2008-10-18
  9. В Гори демонтировали памятник Сталину