თვითნაბადი ოქრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თვითნაბადი ოქრო
თვითნაბადი ოქრო კვარცში
საერთო
კატეგორიათვითნაბადი ელემენტები
ქიმიური ფორმულა
იდენტიფიკაცია
ფერიყვითელი, მოწითალო, მომწვანო
კრისტალის სინგონიაკუბური
სიმაგრე მოოსის სკალით2,5
სიმკვრივე15 600–19 300 კგ/მ³

თვითნაბადი ოქრო — თვითნაბადი ელემენტების კლასის მინერალი, ქიმიურად წარმოადგენს ოქროს, რომელიც მყარი ხსნარის სახით შეიცავს ვერცხლს, მცირე რაოდენობით — ბისმუთს, პლატინას, სპილენძს, პალადიუმს, როდიუმს, ირიდიუმს, რკინას, ტყვიას და სხვა მინარევებს. კრისტალდება კუბურ სინგონიაში. კრისტალები ოქტაედრული, რომბოდოდეკაედრული, კუბური ან უფრო რთული ფორმისა აქვს; ხშირია დამახინჯებული კრისტალები, მავთულები, თმისებრი წარმონაქმნები და სხვ.[1] მათი ზომა ჩვეულებრივ 1 მმ-ზე ნაკლებია, იშვიათად გვხვდება დიდი ზომის კრისტალები (3 სმ-მდე). დამახასიათებელია დენდრიტები. ყველაზე ხშირად თვითნაბადი ოქრო გვხვდება წვრილდისპერსული (10 მკმ-მდე) და „ხილვადი“ (მტვრისებური ან უფრო დიდი, ზომით რამდენიმე სმ-მდე) ნაწილაკებისა და მარცვლების სახით. ყველაზე დიდ თვითნაბად ოქროებს რამდენიმე ათეული კილოგრამის მასა აქვთ და ტრადიციულად ენიჭებათ-ხოლმე საკუთარი სახელები (მაგ., „ჰოლტერმანის ფილა“ მასით 93,3 კგ ავსტრალიიდან, „დიდი სამკუთხედი“ მასით 36,2 კგ რუსეთიდან).[2] თვითნაბადი ოქრო ყვითელია, მინარევების გამო შეიძლება იყოს ღია ყვითელი, მოწითალო ან მომწვანო. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 2,5;[1] სიმკვრივე 15 600–19 300 კგ/მ³.[2] ნაწილაკების ზომა მეტად ცვალებადია. 5 გრამზე მეტი მასის აგრეგატს ზოდი ეწოდება.[1] ძლიერ ჭედადი და ელასტიკურია. წარმოშობა უმთავრესად ჰიდროთერმულია; ქიმიური გამძლეობის წყალობით გროვდება ქვიშრობულ საბადოებში. თვითნაბადი ოქროს არსებითი რაოდენობა კონცენტრირდება მადნეულის საბადოების დაჟანგვის ზონებში გადალექვის გზით. ოქროს მადნების ძირითადი კომპონენტია.[2] ბუნებაში ოქრო ძირითადად თვითნაბადი სახით გვხვდება.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 610.
  2. 2.0 2.1 2.2 Пекова Н. А. Золото самородное // Большая российская энциклопедия. т. 10. — М., 2008. — стр. 534.