თესევსის გემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან თეზევსის გემი)

თესევსის გემიაზრითი ექსპერიმენტი იდენტობის მეტაფიზიკაში, რომელიც სვამს შემდეგ კითხვას: ინარჩუნებს თუ არა საგანი მისი ყველა ნაწილის ჩანაცვლების შემდეგ თავის იდენტობას? კონცეფცია ერთ-ერთი უძველესია დასავლურ ფილოსოფიაში. მისი უადრესი განხილვები ჰერაკლიტეს და პლატონს ეკუთვნის (ძვ. წ. 500–400 წლები).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ტიპის აზრობრივ ამოცანას განიხილავენ ანტიკური ხანის ფილოსოფოსები ჰერაკლიტე („კრატილუსი“, 401d) და პლატონი („პარმენიდე“, 139),[1] მოგვიანებით, პლუტარქე,[2] ხოლო შედარებით გვიანდელ ეპოქაში თომას ჰობსი და ჯონ ლოკი. არსებობს მისი რამდენიმე ვარიანტი, მათ შორისაა „პაპის ნაჯახი“, რომელსაც პირიც და ტარიც შეუცვალეს. თავად ამ ვარიანტების მრავალფეროვნებაც თესევსის გემის მაგალითია, რამდენადაც თავდაპირველი ამბის ელემენტები დროთა განმავლობაში ჩანაცვლდა.

თავად „თესევსის გემის“ სახელით ცნობილი ვერსია ბერძნული ლეგენდიდან იღებს სათავეს, რომელსაც ისტორიკოსი, ბიოგრაფი და ესეისტი პლუტარქე გადმოგვცემს:

გემი, რომლითაც თესევსი და ათენელი ახალგაზრდები კრეტიდან დაბრუნდნენ, 30 ნიჩბით იყო აღჭურვილი და ათენელებმა იგი დემეტრიუს ფალარეუსის დრომდეც კი შემოინახეს იმ გზით, რომ დამპალ ფიცრებს აცლიდნენ და ახალი, უფრო გამძლე მასალით ანაცვლებდნენ, იმდენად, რომ გემი ფილოსოფოსებს შორის მაგალითად გამოიყენებოდა ლოგიკური შეკითხვისთვის ისეთ საგანთა თაობაზე, რომლებიც იზრდებიან. ერთი მხარე ამტკიცებდა, რომ გემი იგივე დარჩა, სხვები კი ფიქრობდნენ, რომ გემი იგივე არ იყო.[2]

შედეგად, პლუტარქე სვამს კითხვას, დარჩებოდა თუ არა გემი იგივე, თუ იგი მთლიანად, ნაწილ-ნაწილ ჩანაცვლდებოდა. საუკუნეთა შემდეგ, ფილოსოფოსმა თომას ჰობსმა დამატებითი ამოცანა დასვა: რა მოხდებოდა, თუ ვინმე შეაგროვებდა ძველ, თავდაპირველ ფიცრებს ჩანაცვლების შემდეგ და მათგან ააგებდა გემს.[3] ჰობსი კითხულობდა, თუ რომელი გემი იქნებოდა ამ ორიდან ნამდვილად თესევსის გემი.

ექსპერიმენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავუშვათ, რომ ცნობილი გემი, რომლითაც გმირი (თესევსი) დიდებულ ბრძოლაში მონაწილეობდა, ნავსადგურში სამუზეუმო ექსპონატის სახით ინახება. წლების სვლასთან ერთად ხის მასალის გარკვეულმა ნაწილმა ლპობა დაიწყო და ისინი ახლით ჩაანაცვლეს; შედეგად, დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ, ყველა ნაწილი ახლითაა ჩანაცვლებული. შეკითხვა მდგომარეობს იმაში, არის თუ არა ეს „განახლებული“ გემი კვლავ იგივე საგანი, რაც თავდაპირველად იყო.

თუ არის, დავუშვათ, რომ ძველი, ჩანაცვლებული ნაწილები საწყობში ინახებოდა. დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ, გაჩნდა ტექნოლოგია, რომელმაც შესაძლებელი გახადა ლპობის შეჩერება და ფიცრების აღდგენა, რის შემდეგაც მათგან კვლავ ააგეს გემი. არის თუ არა ეს „აღდგენილი“ გემი თავდაპირველი გემი? თუ ეს ასეა, რა ითქმის „განახლებულ“ გემზე, რომელიც კვლავ ნავსადგურში, ასევე თავდაპირველი გემის სახით ინახება?[4]

ამოხსნის მაგალითები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იდენტობის დაკარგვა დროში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს ამოხსნა ბერძენ ფილოსოფოსს, ჰერაკლიტეს ეკუთვნის, რომელმაც შემოიტანა იდეა მდინარისა, რომლის წყალიც მუდმივად ახლდება. არიუს დიდიმუსი ციტირებს ჰერაკლიტეს: „მათზე, ვინც მდინარეში შეაბიჯებს, ახალი და ახალი წყალი მოედინება“.[5] პლუტარქესთვის ჰერაკლიტეს აზრი ერთსა და იმავე მდინარეში შესვლის შესახებ სადავოა. იგი ამბობს, რომ ეს შეუძლებელია, რადგან მდინარე „იშლება და კვლავ ერთდება, გვიახლოვდება და კვლავ უკან იხევს“.[6]

ოთხი განზომილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტედ საიდერის და სხვათა მოსაზრებით, თუ რომელიმე საგანს განვიხილავთ, როგორც სამგანზომილებიანი „დროითი ნაჭრების“ ოთხგანზომილებიან, დროში განფენილ კაუზალურ სერიას, თესევსის გემის ამოცანა ამოიხსნება. მსგავსი მიდგომით, ყველა ოთხგანზომილებიანი საგანი რიცხობრივად საკუთარი თავის იდენტური რჩება, თუმცა მისი ინდივიდუალური „დროითი ნაჭრები“ შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს. შესაბამისად, ზემოხსენებული მდინარე სხვადასხვა სამგანზომილებიანი „ნაჭრებისგან“ შედგება, თუმცა, მთელი დროის მანძილზე საკუთარი თავის იდენტური რჩება. შეუძლებელია მდინარის ერთსა და იმავე „დროით ნაჭერში“ ორჯერ შესვლა, თუმცა, შესაძლებელია ორჯერ შესვლა ერთსა და იმავე (ოთხგანზომილებიან) მდინარეში.[7]

კოგნიტური მეცნიერება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოამ ჩომსკის მიხედვით (Of Minds and Language, 2009) ეს აზრითი ექსპერიმენტი უკიდურესი ექსტერნალიზმის შედეგია, დასკვნისა, რომ რაც ნამდვილია ჩვენს გონებაში ნამდვილია სამყაროშიც.[8] ბუნების მეცნიერებათა გადმოსახედიდან, ეს დასკვნა, შესაძლოა, არასწორი იყოს, რადგან ადამიანის ინტუიცია ხშირად ცდება.[9] კოგნიტური მეცნიერება ამ ამოცანას ბიოლოგიური კვლევის გადმოსახედიდან შეისწავლიდა, როგორც მენტალურ ფენომენს ადამიანის ტვინის შიგნით. ამ ადამიანური დაბნეულობის შესწავლას მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდება შეუძლია ტვინის მოქმედების შესახებ, თუმცა, ვერაფერს გვეტყვის ადამიანისგან დამოუკიდებელი, გარე (ექსტერნალური) სამყაროს თაობაზე.[10]

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თესევსის პარადოქსი გამოყენებითი ფილოსოფიის რამდენიმე მიმართულებაში გვხვდება.

გონების ფილოსოფიაში გემი პიროვნებითაა ჩანაცვლებული, რომლის იდენტობაც დროის სვლასთან ერთად, შესაძლოა, იცვლება.

სამართლის ფილოსოფიასა და პრაქტიკაში აღნიშნული ექსპერიმენტი ჩნდება მაშინ, როცა განიხილება საგნის მფლობელობის ან მის სახელზე უფლების მოპოვების საკითხი. მაგალითად, ადამიანთა ლეგალურმა დაჯგუფებებმა, როგორიცაა კომპანიები, სპორტული გუნდები, მუსიკალური ჯგუფები და სხვა, შესაძლოა, შეიცვალონ წევრები (ნაწილები), რომლებიც, მოგვიანებით მათ კონკურენტულ ჯგუფებს ჩამოაყალიბებენ, რამაც, შესაძლებელია, ძველ და ახალ ერთეულებს შორის სამართლებრივი დავები წარმოშვას. გარდა ამისა, ტექსტებისა და კომპიუტერული პროგრამების რედაქტირება დროთა განმავლობაში იწვევს ორიგინალი მასალის სრულ ჩანაცვლებას, რაც აჩენს სამართლებრივ კითხვას, ვრცელდება თუ არა თავდაპირველი ვერსიის მფლობელთა უფლებები ამ გზით მიღებულ შედეგზეც.

ონტოლოგიურ ინჟინერიაში, მაგალითად, პრაქტიკული მონაცემთა ბაზებისა და ხელოვნური ინტელექტის სისტემების დიზაინში რეგულარულად ვხვდებით მსგავსი აზრითი ექსპერიმენტის მაგალითებს, როცა მონაცემები დროთა განმავლობაში იცვლება.

თესევსის გემის საკმაოდ ზუსტი ანალოგიაა „ალვინი“, ღრმაოკეანური წყალქვეშა ნავი, რომელიც ინარჩუნებს თავის იდენტობას მიუხედავად იმისა, რომ მისი ყველა ნაწილი სულ მცირე ერთხელ მაინც არის ჩანაცვლებული.[11]

არსებობს მოსაზრება, რომ რნმ, სიცოცხლის უმნიშვნელოვანესი პოლიმერი, ჩამოყალიბდა უფრო ადრეული გენეტიკური პოლიმერისგან ისე, რომ იგი თესევსის გემის ბიოლოგიურ მაგალითს წარმოადგენს.[12]

არქიტექტურაში, ლენს ჰოუზიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ ბარსელონას პავილიონი „თანამედროვე არქიტექტურის თესევსის გემია“. არის თუ არა პავილიონი, რომელიც დაანგრიეს და შემდეგ, დეტალურად აღადგინეს თავდაპირველი სახით, თავდაპირველი, „იგივე“ შენობა? ჰოუზი დეტალურად გადმოსცემს არქიტექტორთა და ისტორიკოსთა მოსაზრებების ორაზროვნებას აღნიშნულ საკითხზე.[13]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Plato (1925). Parmenides. London: Harvard University Press, გვ. 139. 
  2. 2.0 2.1 Plutarch. Theseus (23.1). The Internet Classics Archive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-28. ციტირების თარიღი: 2008-07-15
  3. De Corpore, ch 11.7
  4. Cohen, S. Marc. (2004) Identity, Persistence, and the Ship of Theseus. ციტირების თარიღი: 2019-03-15
  5. Didymus, Fr 39.2, Dox. gr. 471.4
  6. Plutarch. On the 'E' at Delphi. ციტირების თარიღი: 2008-07-15
  7. David Lewis, "Survival and Identity" in Amelie O. Rorty [ed.] The Identities of Persons (1976; U. of California P.) Reprinted in his Philosophical Papers I.
  8. (29 January 2009) Of Minds and Language: A Dialogue with Noam Chomsky in the Basque Country. Oxford University Press, გვ. 382–. ISBN 978-0-19-156260-0. 
  9. Noam Chomsky (2010). Chomsky Notebook. Columbia University Press, გვ. 9–. ISBN 978-0-231-14475-9. 
  10. James McGilvray (25 November 2013). Chomsky: Language, Mind and Politics. Polity, გვ. 72–. ISBN 978-0-7456-4990-0. 
  11. Oberhaus, Daniel (12 December 2020). „The Oldest Crewed Deep Sea Submarine Just Got a Big Makeover“. Wired.
  12. Hud, Nicholas V.; Cafferty, Brian J.; Krishnamurthy, Ramanarayanan; William, Loren Dean (18 April 2013). „The origin of RNA and "my grandfather's axe". Chemistry & Biology. 20 (4): 466. doi:10.1016/j.chembiol.2013.03.012. PMID 23601635.
  13. Hosey, Lance (9 October 2018). „The Ship of Theseus: Identity and the Barcelona Pavilion(s)“. Journal of Architectural Education. 72 (2): 230–247.