ველური აკვარიუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვენესუელაში შექმნილი ველური აკვარიუმი

ველური აკვარიუმი — დროებითი აკვარიუმი, რომელიც შეიცავს იმავე მასალებს რაც ჰაბიტატშია.

შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ველური აკვარიუმი შეიქმნა 2011 წელს ვენესუელის ტროპიკულ ჯუნგლებში. მისი ავტორი ვენესუელელი ფოტოგრაფი, მკვლევარი, წყლის ექსპერტი, აუდიო/ვიზუალების მხატვარი, და დოკუმენტური ფილმების ავტორი აივან მიკოლჯია.

ველური აკვარიუმის იდეა აგრეთვე განხორციელდა 2016 წელს საქართველოში (გორი/მდ. მეჯუდა) აივან მიკოლჯის პროექტის თანაავტორ გიორგი ხიზანიშვილის მიერ. მან თავისი აკვარიუმთან მუშაობის და ურთიერთობის 26 წლიანი გამოცდილებით, შეძლო შეექმნა ველური აკვარიუმი[1].

მოკლე მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ველური აკვარიუმი ავსებს ბიოტოპური აკვარიუმისა და ბუნებას შორის არსებულ ნიშას/შუალედს. ბიოტოპური აკვარიუმის შექმნისას ადამიანთა გარკვეული ნაწილი ეძებს ინფორმაციას და კითხულობს კონკრეტული ტიპის ბიოტოპის და მისი ბინადრების შესახებ, ზოგიც კი არასწორად ქმნის ბიოტოპს. ველური აკვარიუმი კი მაყურებლისთვის სრულ ინფორმაციას იძლევა — სად და როგორ ბუნებრივ პირობებში ბინადრობს თევზის, კიბოსნაირის თუ წყლის მცენარის სახეობა.

ველური აკვარიუმები ბევრად საჭიროა ვიდრე ბიოტოპური აკვარიუმები. ისინი პირდაპირ აჩვენებენ ადგილსამყოფელს, რომლისგანაც უნდა იქნეს გამოყენებული ბიოტოპი. ველური აკვარიუმი დიდ როლს თამაშობს მხატვრულ შემოქმედებაში, მას ისეთ მუსიკას უძღვნიან, რომელსაც უსმენს ადგილობრივი რეგიონის ხალხი. ეს აკვარიუმთა ჰობის ანთროპოლოგიაა.

აივან მიკოლჯი ველური აკვარიუმის შექმნისას

ველურ აკვარიუმში შეიძლება შეიქმნას განუმეორებელი ხელწერა, ყველასგან განსხვავებული სტილი და რაც მთავარია, მას ახასიათებს იმპროვიზაცია. ველური აკვარიუმი არის დროებითი/მომენტალური და ის აუცილებლად ღია ცის ქვეშ იქმნება. სახლში მას ვერ ვიქონიებთ. ველურ აკვარიუმს შეუძლია განიცადოს "მეტამორფოზა" თუ მას სახლში შევიტანთ ის დაკარგავს ველური აკვარიუმის სახელს და გახდება უნიკალური ბიოტოპური აკვარიუმი.

ნებისმიერი ბიოტოპური თუ ბუნებრივი აკვარიუმი წარმოადგენს ჩაკეტილ სისტემას გარდა ველური აკვარიუმისა, რადგან ბოლოს ველური აკვარიუმის ყველა ბინადარი თავის ადგილს უბრუნდება. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებაში არაფერია მუდმივი, ითვლება, რომ ველურმა აკვარიუმმა შესაძლოა, შეცვალოს შეხედულებები. 2016 წელს ან თვეების წინ იგივე ადგილას სადაც თევზები ბინადრობდნენ, აღნიშნულ ადგილზე აღარ იყვნენ, რადგან თევზების ზოგიერთ სახეობას ახასიათებს ადგილსამყოფელის შეცვლა გამრავლების და ზრდის პროცესში, ან საკვების ბაზის ამოწურვის შემდეგ. მსგავსი ინფორმაცია დაეხმარება როგორც მკვლევარებს, ისე აკვარიუმის მოყვარულებს.

ველური აკვარიუმის შექმნის პროცესი

ოთახებში, დარბაზებში ან სხვა დახურულ შენობებში შექმნილი ბიოტოპები თუ სხვა ბუნებრივი აკვარიუმები იქმნება მასალის იმ მცირე არჩევნის გათვალისწინებით (ფესვები, ქვები, ფოთლები, წყლის მცენარეები) და ასე შემდეგ. ველური აკვარიუმი კი ღია ცის ქვეშ იწყობა, სადაც არჩევანი უსაზღვროა. ერთმანეთის გვერდით წარმოდგენილია ბუნებრივი დეკორაციები.

ველური აკვარიუმი ადამიანს დაეხმარება ეკოლოგიურ პრობლემებზე ინფორმაციის სწრაფად მიღებაში. ველური აკვარიუმი შეცდომას არ უშვებს, ის სავსეა იმ ბალანსით, რომელიც ევოლუციის მილიონობით წლების განმავლობაში დამყარდა ბუნებაში, რაც ადამიანს მხოლოდ კარგისკენ ან ახლისკენ უბიძგებს. ეს თვისება სხვა აკვარიუმებს არ ახასიათებთ.

სახეობის გავრცელების არეალი წარმოადგენს ტერიტორიას, რომელზეც სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმების ჯგუფი ბინადრობს. როგორც წესი მსგავსი არეალი სხვადასხვა ტიპის ბიოტოპებს მოიცავს. აქედან გამომდინარე, სახეობების გავრცელების არეალში შესაძლებელია შეიქმნას რამდენიმე სხვადასხვა ველური აკვარიუმი, რაც ხელს შეუწყობს მის მრავალფეროვნად წარმოჩენას. მეტიც, არა მარტო გავრცელების არეალში, არამედ ერთ წყლის სისტემაშიც კი შეიძლება არსებობდეს რამდენიმე ბიოტოპი გასნხვავებული პირობებით და ცოცხალი ორგანიზმებით (მაგალითად სწრაფი დინების მქონე ცივი და ჟანგბადით მდიდარი წყლების ბიოტოპი, ან მდინარის მეჩხერი წყლების ბიოტოპი, რომლის ფსკერი უხვადაა დაფარული ფესვებითა და გაცვენილი ფოთლებით, ხოლო წყლის pH მაჩვენელი დაბალია და ა.შ.). ამ ყველაფრის დეტალურად, სრულყოფილად და სწრაფი ინფორმაციის მიღებაში ადამიანს დაეხმარება ველური აკვარიუმი.

როგორც ბუნებრივი ეკოსისტემა, აკვარიუმი შეიცავს გარემოს და ცოცხალ ორგანიზმებს. ამოცანაა, შეიქმნას მეტნაკლებად წარმატებული და საჭირო პირობები თევზებისთვის, კიბოსნაირებისთვის თუ წყლის მცენარეებისთვის. ველურ აკვარიუმში ეს ამოცანა გადაჭრილია, თუმცა რამდენიმე წუთით ან საათით. ფილტრის ჩაყენებით ან რამდენიმე დღით დატოვებით ის დაკარგავს ველური აკვარიუმის ფუნქციას.

ველური აკვარიუმი

მიუხედავად იმისა, რომ ველური აკვარიუმი არის დროებითი და მომენტალური, მას შეუძლია ადამიანს მიაწოდოს ისეთი ინფორმაცია, როგორიც არის გეოგრაფიული მდებარეობა, ბიოტოპების მრავალფეროვნება, ეკოლოგიური პრობლემები, ცოცხალი ორგანიზმების სახეობრივი მრავალფეროვნება, ცოცხალი ორგანიზმების ხარისხი, ადგილსამყოფელის ხარისხი, ამინდიდან გამომდინარე, თევზების და წყლის ფერი (ღრუბლიანი, მზიანი, წვიმა, თოვლი და ასე შემდეგ.) მეტიც, ველურ აკვარიუმებს ახასიათებს დაბალანსების მრავალფეროვნება – ერთ-ერთი მათგანი სუნია. ნებისმიერ სხვა ყველა აკვარიუმს სჭირდება გარკვეული დრო ბალანსისთვის, ბალანსის დასრულებისას კი ნორჩი ყვავილის სუნი დაჰკრავთ. თუ ადამიანი სხვადასხვა ველურ აკვარიუმს დაყნოსავს, მიიღებს სხვადასხვა სუნს, გეოგრაფიული მდებარეობიდან და ბიოტოპებიდან გამომდინარე – არის ეს გრუნტი, ფოთლები, ტოტები, ფესვები, შავი თუ თეთრი წყლები და მათში შემავალი უამრავი ნივთიერება – თიხა თუ სხვა. ეს გამოწვეული იქნება ფორმირებული ბიოტიკურ და აბიოტიკურ ფაქტორთა კომპლექსით.

ველური აკვარიუმი, როგორც ბუნების ნაწილი, გადმოტანილი ხელოვნურ სივრცეში, ნათდება ბუნებრივი საშუალებით — მზის სხივებით, იმისთვის, რომ სრულფასოვნად იყოს აღქმული წყლის სამყაროს სიდიადე. სწორედ ბუნებრივი პირობების (მზე, მთვარე, ამინდი, ირგვლივ ცოცხალი ბუნება) სინთეზში ხდება მისი როგორც უნივერსალური აკვარიუმის აღქმა აკვარიუმის მოყვარულთა მიერ.

ველურ აკვარიუმს შეიძლება ჰქონდეს როგორც უნივერსალური აკვარიუმის ფუნქცია აკვარიუმის მოყვარულთათვის, ასევე გამოიყენებოდეს მეცნიერთა მხრიდან წყლის სამყაროს სამეცნიერო კვლევებისა და დაკვირვებებისთვის. ველურ აკვარიუმს არ გააჩნია სტანდარტები და მკაფიო საზღვრები, ნებისმიერი სხვა აკვარიუმი კი სტანდარტებს ითხოვს. ველური აკვარიუმი არ არის შეზღუდული კონკრეტული ბიოტოპის საბინადრო პირობებით. მასში შეიძლება იმაზე მეტი თევზის მოთავსება, ვიდრე გათვლილია მათი რაოდენობა მოცემულ ტევადობაზე. ბუნებაში შესაძლებელია მოცემული აკვარიუმის ტევადობაზე გათვლილი თევზების ორი, სამი ან ოთხი ათეულით მეტი რაოდენობის ხილვა.

ველური აკვარიუმები აგრეთვე შექმნილია სხვადასხვა ქვეყნებში. მისი ავტორები არიან ენრიკო გუი (იტალია, 2016), პაველ ვოგელსინგერი (პოლონეთი, 2016), ელენა მაზურეკი (რუსეთი, 2016).

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გადახაბაძე, ეკა. (11 ნოემბერი, 2017) კავკასიური ბიოტოპი - მდინარე მეჯუდის ველური აკვარიუმი ქართული. კვირის პალიტრა. ციტირების თარიღი: 11 ნოემბერი, 2017.