ვასო პატარაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვასო პატარაია
დაბადების თარიღი 19 მარტი, 1895(1895-03-19)
დაბადების ადგილი ბანძა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 13 იანვარი, 1969(1969-01-13) (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი და დრამატურგი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვასო ბართლომეს ძე პატარაია (დ. 19 მარტი, 1895, ბანძა, ახლანდელი მარტვილის მუნიციპალიტეტი — გ. 13 იანვარი, 1969, თბილისი) — ქართველი მწერალი და დრამატურგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მშობლიურ სოფელში დაამთავრა ორკლასიანი სასწავლებელი. გაემგზავრა რუსეთში და სწავლა განაგრძო დონის ოლქის ქალაქ ალექსანდროვსკ-გრუშევსკის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და მასწავლებლობა დაიწყო.

1918 წელს ჩაირიცხა ახლად დაარსებულ თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. პირველი იუმორისტული ლექსი, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში დაბეჭდა გაზეთ „ტრიბუნაში“. აქედან მოყოლებული ვ. პატარაიას სატირული ნაწარმოებები, სკეჩები, ვოლდევილები სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. პარალელურად სწავლობდა ა. ფაღავას დრამატულ სტუდიაში და ატიურ თეატრალურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იყო ოპერის თეატრის რეჟისორი (დადგა ოპერები: „ჯამბაზები“, „აიდა“, „ტრუბადური“), სიმფონიური ორკესტრის დირექტორი, სანდრო ინანიშვილთან ერთად ჩამოაყალიბა ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრი და წლების მანძილზე ედგა მას სათავეში. 1939 წლიდან ხელმძღვანელობდა ქართულ ესტრადას, სადაც სრულად გამოვლინდა მისი, არა მარტო შემოქმედებითი, არამედ ორგანიზატორული ნიჭიც. როგორც მწერლამა და დრამატურგმა შექმნა საინტერესო იუმორისტული ნაშრომები, სკეჩები, ფელეტონები. შემდეგ ერთ ხანს განაგებდა კ. მარჯანიშვილის ტეატრის სალიტერატურო ნაწილს.

დიდი წარმატებით სარგებლობდა ვ. პატარაიას პიესა „უჩა უჩარდია“, რომელშიც აისახა ახალი ქართული სოფლის ცხოვრება. პიესა დაიდგა რუსთაველის თეატრში და რესპუბლიკის სხვა თეატრების სცენებზე. განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად მარჯანიშვილის თეატრში დრამატურგის პიესას „სანაპიროზე“. ვ. პატარაიას ეკუთვნის აგრეთვე კომედიები: „მელა და მისი კუდი“, „ჭორი“, „ქალიშვილი ზღვის პირას“, „ის მეძახის“, „ხუმრობას ნუ ეხუმრებით“ და სხვა.

ვასო პატარაიას მინიჭებული ჰქონდა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება, დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 298, თბ., 1994