ვასილ ფირცხალავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მღვდელ-მონაზონი ვასილ ფირცხალავა

მღვდელ-მონაზონი ვასილ ფირცხალავა – ერისკაცობაში: ვასილ ალექსის ძე ფირცხალავა (დ. 16 იანვარი, 1923, ზუმი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი — გ. 1960 ბეთანია, კვესეთი) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მღვდელმონაზონი.

გზა მონასტრამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაწყებითი განათლება მიიღო მშობლიურ სოფელში, შემდეგ სწავლა განაგრძო ჯერ ზუგდიდში, შემდეგ წალენჯიხის პედაგოგიურ სასწავლებელში. 1942 წ. ჩაირიცხა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ვასილის გამოსვლა სახელმწიფო გამოცდაზე ფირზე იწერებოდა. სტუდენტობისას მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ბერ-მონაზვნური ცხოვრება არჩია და 1954 წლის 26 ივლისს ბეთანიის მონასტერში მივიდა.[1]

ბეთანიის მონასტერში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამა ვასილი, მამა იოანე, ვანო პაპა და მამა გიორგი. ბეთანიის მონასტერი

ბეთანიის მონასტერში იმ დროისთვის ორი გამოჩენილი ბერი — მამა გიორგი (მხეიძე) და მამა იოანე (მაისურაძე) მოღვაწეობდნენ. მონასტერს ხშირად სტუმრობდა მამა გაბრიელი. მამა ვასილი იყო მამა გაბრიელის თანამებრძოლი; მათ ერთი სულიერი მოძღვარი ჰყავდათ — მამა გიორგი (მხეიძე). 1955 წლის 24 იანვარს ბეთანიის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა იოანემ (მაისურაძე) იღუმენი გიორგის თანაშეწევნით მამა ვასილს შემოსა მცირე სქემა. 1955 წლის 10 აპრილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ ვასილს მღვდელ-მონაზვნად დაასხა ხელი. მამა ვასილს მღვდელმთავრობას სთავაზობდნენ, მაგრამ უარი თქვა: „სიტყვა მაქვს მიცემული, რომ ვემსახურო მამა იოანეს და მამა გიორგის და არ დავტოვო ბეთანიის მონასტერი ჩემს, ან მათ გარდაცვალებამდე“.

დევნა სარწმუნოებისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამა გიორგი და მამა ვასილი

კომუნისტურ ხელისუფლებაში ხრუშჩოვის მოსვლის შემდეგ სასულიერო პირთა დევნა გამძვინვარდა. იმ პერიოდში, როდესაც მამა ვასილი ბეთანიის მონასტერში მივიდა, იქ ყოფნას მოხუცებსაც კი უკრძალავდნენ. ახალგაზრდა კაცის გამოჩენა კი ყველას უკვირდა. ხელისუფლების წარმომადგენლები აიძულებდნენ მამა ვასილს დაეტოვებინა მონასტერი, მაგრამ ღვთის სიყვარულით აღსავსე ბერის ნება ვერ გატეხეს. მამა ვასილი მტკიცედ ამბობდა: „მე მონასტერს არ დავტოვებ“. როდესაც არც დევნამ და არც მუქარამ შედეგი არ გამოიღო, მამა ვასილი სასიკვდილოდ გაიმეტეს. ბერის ტრაგიკული აღსასრულის შესახებ დაიბეჭდა ამერიკაში გამოცემულ ჟურნალ „მართლმადიდებლურ სიტყვაშიც“.

ბერის ანდერძი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამა ვასილი ანდერძის თანახმად, უნდა დაეკრძალათ ბეთანიის მონასტერში მამა იოანეს გვერდით, მაგრამ მისი სურვილი არ აღსრულდა და ის დაიკრძალა მის მშობლიურ სოფელ ზუმში.

მოგონებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „მამა ვასილი ორგზის მოწამეა... ამისთვის ორმაგ ჯილდოს მიიღებს“. — წმ. გიორგი-იოანე (მხეიძე).
  • „ვიყავი სტუდენტი სასულიერო სემინარისა, როდესაც ბეთანიაში მოღვაწეობდა მამა ვასილი. ეს ისეთი დრო იყო, როდესაც იდევნებოდა ეკლესია... მაგრამ იმდენად მტკიცე იყო მისი ნებისყოფა, რომ ბოლომდე დარჩა ბერი.“ — სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II,
  • „მამა ვასილის სიწმინდეში ეჭვი არავის ეპარებოდა“ — არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი).
  • „მამა ვასილი სამეგრელოს განმანათლებელია“ — არქიმანდრიტი ფილარეტი (კუდინოვი).
  • „ბოლოს ისე ასკეტურად ცხოვრობდა, მხოლოდ ყურძენს მიირთმევდა. ვუყურებდი, გამჭვირვალე სხეული ჰქონდა, როცა ქადაგებდა, მისი სხეული მზის სხივებს ატარებდა. ანგელოზი იყო, მუდმივი მლოცველი წმინდანი“ — მამა გაბრიელი (ურგებაძე).

2008 წ. 29 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიიღო მამა ვასილის მშობლიური კუთხიდან ჩამოსული მოსწავლეები, პედაგოგები და ბერის ნათესავები. შეხვედრაზე დაისვა ბერის ანდერძის აღსრულების საკითხი. უწმინდესმა და უნეტარესმა დასძინა, რომ მომავალში მამა ვასილის კანონიზაციის საკითხიც დადგება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „საპატრიარქოს უწყებანი“ № 36, 2006 წ
  • ახალმოწამე მღვდელ-მონაზონი ვასილ ფირცხალავა. თბილისი, 2009

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ძლევამოსილი ღვთისაგან. Orthodoxy.ge. ციტირების თარიღი: 13 ივლისი, 2018.