ვასილ როინაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვასილ როინაშვილი (დ. 25 დეკემბერი, 1879, დუშეთი, — გ. 1958, თბილისი; დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე) — ქართველი ფოტოგრაფი, საზოგადო მოღვაწე.

1897-1898 წლებში თბილისში თავისი ბიძაშვილის, ალექსანდრე როინაშვილის სახელოსნოში სწავლობდა ფოტოხელოვნებას, გიგო გაბაშვილის სტუდიაში კი — მხატვრობას. 1899 წელს სწავლის გასაგრძელებლად მოსე თოიძესთან ერთად გაიგზავნა პეტერბურგის სამხატვრო სკოლაში. 1900-1901 წლებში ფოტოგრაფად მუშაობდა თბილისში, სიღნაღსა და ბუხარაში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ძირითადად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თელავში, სადაც შექმნა იმდროინდელი ქალაქის ცხოვრების ამსახველი ფოტოების სერია. აქტიურად თანამშრომლობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებასთან. ამავე პერიოდში როინაშვილმა შექმნა ტყეში გასული ყაჩაღების ცნობილი ბანდის ფოტოსურათები, რომლებიც შემდგომში საფუძვლად დაედო გიორგი შენგელაიას 1987 წლის ფილმს „ხარება და გოგია“.

1918 წლის დეკემბერში ვასილ როინაშვილი კახეთის მოხალისეთა რაზმის შემადგენლობაში მონაწილეობდა სომხეთთან ომში. შემორჩენილია ამ ისტორიული მოვლენის ამსახველი რამდენიმე ფოტო. მომდევნო წლებში კვლავ თელავსა და თბილისში მუშაობდა. 1940-იან წლებში დიდი როლი შეასრულა ალექსანდრე როინაშვილის მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზებაში, თბილისის კინო-ფოტო-ფონო საბუთების ცენტრალური სახელმწიფო არქივის თელავური კოლექციის შექმნაში. ვასილ როინაშვილის ფოტოები დაცულია თელავის ისტორიის მუზეუმში, კერძო კოლექციონერებთან და ცალკეულ ოჯახებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]