გიგო გაბაშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაბაშვილი.
გიგო გაბაშვილი

გიორგი (გიგო) ივანეს ძე გაბაშვილი (დ. 9 ნოემბერი/21 ნოემბერი, 1862, თბილისი ― გ. 28 ოქტომბერი, 1936, ციხისძირი, ქობულეთის რაიონი, აჭარა) — ქართველი ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1929), ახალი ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1882-1883 წლებში სწავლობდა თბილისში, კ. კეპენის კერძო სამხატვრო სკოლაში, თანამშრომლობდა ბატალისტ ფრანც რუბოსთან, რომელიც თბილისის სამხედრო-ისტორიულ მუზეუმისათვის ხატავდა სურათებს. 1886-1888 წლებში სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში აკადემიური მიმართულების პროფესორ ბ. ვილვალდესთან, 1894-1897 წლებში — მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. 1894 წელს იმოგზაურა შუა აზიაში, საიდანაც ჩამოიტანა მრავალი ჩანახატი და ეტიუდი, რომლებიც შემდეგ სურათებისათვის გამოიყენა. 1898 წელს იმყოფებოდა იტალიასა და საბერძნეთში. სამხატვრო ასპარეზზე გამოვიდა 1888 წლიდან. 1891 წელს თბილისში გახსნა პერსონალური გამოფენა.

„შატილი“, 1890-იანი წლები

გაბაშვილის შემოქმედების აყვავების პერიოდია XIX საუკუნის მიწურული და XX საუკუნის პირველი წლები. მისი, როგორც შემოქმედის, ჩამოყალიბებისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, ერთი მხრივ, ქართველ სამოციანელთა მოწინავე იდეებს, მეორე მხრივ, — XIX საუკუნის II ნახევრის რუსულ რეალისტურ მხატვრობას. გაბაშვილმა ერთ-ერთმა პირველმა დაამკვიდრა საბოლოოდ ევროპული მხატვრობის ფორმები საქართველოში, იდეურ-თემატიკურად გააფართოვა და რეალურ ცხოვრებას დაუკავშირა ქართული მხატვრობა.

გაბაშვილი მუშაობდა ზეთის საღებავებით, აკვარელით, აქვს კალმით ნახატებიც. მისი ნამუშევრების თემატიკა მტავალფეროვანია. გაბაშვილმა შექმნა მთელი სერია ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტებისა (ილია ჭავჭავაძე, 1907-1908; აკაკი წერეთელი, 1913; გრიგოლ ორბელიანი, 1913; ყველა საქართველოს მწერალთა კავშირის სახლი; ავტოპორტრეტი, 1932; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; მგალობელ-მომღერალი ფილიმონ ქორიძე გუდალის როლში, 1902-1905, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი); არისტოკრატიის წარმომადგენელთა ტიპიზებული პორტრეტები („უცნობი ქართველი თავადი“, „გრძელულვაშებიანი თავადი“, ორივე საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი; „სამი გენერალი“, 1910, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია). სხვადასხვა სოციალური ფენისა და კუთხის წარმომადგენელთა სახეები („მძინარე ხევსური“, 1898; „მთვრალი ხევსური“, 1899; „მთვრალი ხევსურები“, 1899, ყველა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი; „სამი მოქალაქე“, 1893, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და სხვა).

გაბაშვილი არის პიონერი ქართული ჟანრული და ბატალური მხატვრობისა („ალავერდობა“, 1899; „განთიადზე სასაფლაოს ეკლესიასთან“, 1904; „ბოსტანში“, 1891; „არხოტის დაცვა“, 1898-1901; ყველა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი), პეიზაჟისა („წვიმის შემდეგ“, 1891, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი), ნატურმორტისა. ცალკე დგას მისი შუააზიური ციკლი („ბაზარი სამარყანდში“, 1894; „დივანბეგის აუზი ბუხარაში“, 1895, ორივე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში).

„ბაზარი სამარყანდში“, 1890-იანი წლები

1894 წლის ნახატი „ბაზარი სამარყანდში“ — 2006 წლის აპრილში გაიყიდა ნიუ-იორკის კრისტის აუქციონზე 1 მილიონ 136 ათას დოლარად, არც მყიდველი და არც გამყიდველი ცნობილი არ არის.

გაბაშვილმა ხელი შეუწყო ახალი ქართული მხატვრობის პროფესიული დონის ამაღლებას, პირველმა დაამკვიდრა მხატვრობაში თანამედროვე ცხოვრების მიერ შთაგონებული ეროვნული თემატიკა, საფუძველი ჩაუყარა ძირითადი ფერწერული ჟანრები განვითარებას ქართულ მხატვრობაში. მისი საუკეთესო ნამუშევრები დიდი ფერწერული ოსტატობითა და ცხოველი კოლორიტით გამოირჩევა.

გაბაშვილი ადრევე შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას: 1897 თბილისში დააარსა სამხატვრო სტუდია, 1990-იან წლებში ასწავლიდა „ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების“ ხატვის სკოლაში (1901-იდან დირექტორი). ის იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი პროფესორი (1922).

გაბაშვილის რეალისტურ, დემოკრატიულ ხელოვნებას დიდი ადგილი უჭირავს ქართული კულტურულ მემკვიდრეობაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ამირანაშვილი შ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1971;
  • Беридзе В. В., Езерская Н. А., Искусство Советской Грузии. 1921-1970, М., 1975;
  • ბერიძე ვ., ქსე, ტ. 2, გვ. 603, თბ., 1977

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]