მსახურთუხუცესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მსახურთუხუცესი — მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირი ფეოდალურ საქართველოში. მსახურთუხუცესი პირველად XII საუკუნეში - გიორგი III-ის მეფობის ხანაში იხსენიება, მაგრამ საფიქრებელია, რომ მსახურთუხუცესობა გაცილებით უფრო ძველი თანამდებობა იყო. თავდაპირველად მსახურთუხუცესი ხელშინაურ მოხელედ ითვლებოდა. ქვეყნის გაერთიანებასთან ერთად მეფის მსახურთუხუცესი თანდათან საჯარო სამართლის საწყისებზე მოსაქმე მოხელედ იქცა. XIII საუკუნეში რუსუდან მეფემ მსახურთუხუცესი სავაზიროში შეიყვანა და ამ დროიდან იგი ვეზირად ითვლებოდა, მეჭურჭლეთუხუცესთან ერთად „ორთა ვაზირთა“ ჯგუფს შეადგენდა. მსახურთუხუცესის ფუნქციები მრავალგვარი იყო და სამ ერთმანეთთან ნაკლებად დაკავშირებულ სფეროს — სალაროს, მეფის საწოლსა და მისსავე კერძო მეურნეობას მოიცავდა. მის ერთ-ერთ მოვალეობად ითვლებოდა „შეკაზმვა მეფისა“. მსახურთუხუცესს ექვემდებარებოდნენ „მსახურნი მეფისა“, მოლარეთუხუცესი, მესაწოლეთუხუცესი, ფარეშთუხუცესი, მეხილეთუხუცესი და სხვა სათანადო მოხელეები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნადარეიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 174.
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ.1, ტფ., 1928.