ვალერიან მიზანდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მიზანდარი.
ვალერიან მიზანდარი
დაბადების თარიღი 12 მარტი, 1911
ქუთაისი
გარდაცვალების თარიღი 6 დეკემბერი, 1982 (71 წლის)
საქმიანობა მოქანდაკე
ჯილდოები საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი

ვალერიან ლევანის ძე მიზანდარი (დ. 12 მარტი, 1911, ქუთაისი — გ. 6 დეკემბერი, 1982) — ქართველი მოქანდაკე. საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1980).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალერიან მიზანდარი დაიბადა ქუთაისში 1911 წლის 12 მარტს. მამა - ლევან მიზანდარი ახალგაზრდობაში კადეტთა კორპუსის ორკესტრს ხელმძღვანელობდა და მის ოჯახში ხშირად იყრიდა თავს ქუთაისის მოწინავე ინტელიგენცია: მუსიკოსები, მწერლები, პოეტები. ასეთმა შემოქმედებითმა გარემომ ვალერიანს პატარაობიდანვე ჩაუნერგა ხელოვნების სიყვარული. 1923 წელს შევიდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელთან არსებულ ოთხწლიან სამხატვრო სტუდიაში, რომელსაც ცნობილი პედაგოგი, მხატვარი ივანე ჭეიშვილი ხელმძღვანელობდა. 1928 წელს ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე, სადაც მისი ხელმძღვანელები იყვნენ ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი იაკობ ნიკოლაძე და ნიკოლოზ კანდელაკი. ხატვას იოსებ შარლემანი, ევგენი ლანსერე და მოსე თოიძე ასწავლიდნენ. სტუდენტობის დროს იაკობ ნიკოლაძის სახელოსნოში ცხოვრობდა, სადაც ბევრი ცნობილი ქართველი ხელოვანი და საზოგადო მოღვაწე დადიოდა. სამხატვრო აკადემიის დამთავრების (1932) შემდეგაც მისი ასისტენტი იყო.

1936 წელს ვალერიან მიზანდარი ქუთაისში დაბრუნდა, სადაც შემოქმედებით და პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად აქტიურად იყო ჩაბმული ქალაქის კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1957 წელს მისი თაოსნობით ქუთაისში შეიქმნა მხატვართა კავშირის ორგანიზაცია, რომელსაც 1976 წლამდე თავად ხელმძღვანელობდა. მოქანდაკის სახელთანაა დაკავშირებული ასევე ქალაქის სამხატვრო ფონდის დაარსება და სურათების გალერეის გახსნა.

თავის ძირითად პროფესიასთან შეთავსებით, ვალერიან მიზანდარი ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში მოქანდაკის თანამდებობაზე მუშაობდა. თოჯინების თეატრში გაკეთებული აქვს 50-ზე მეტი პიესის ტიპაჟი. მხატვრულად გააფორმა ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის რამდენიმე სპექტაკლი.

მიზანდარის ცნობილი ნამუშევრებია: „ლენინი სტუდენტობისას“ (1937, ავტორის საკუთრება), „კოლხიდელი ქალიშვილი“ (1939, მარმარილო), „ა. წერეთლის პორტრეტი“ (1964, თაბაშირი), „მეფოლადე ნანიტაშვილი“ (1952, ქვა), „შურისმაძიებელი“ (1964, თაბაშირი - ყველა საქართველოს სსრ სურათების გალერეა, თბილისი); ახალგაზრდა მაიაკოვსკის (1953) და ვასილ კიკვიძის ძეგლი (ორივე გიორგი ნიკოლაძესთან ერთად, ქუთაისი).

გარდაიცვალა 1982 წლის 7 დეკემბერს. დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1980 : საქართველოს სახალხო მხატვარი[1]

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალერიან მიზანდარი და რევაზ გაბრიაძის დის ქმარი, მოქანდაკე გიორგი ნიკოლაძე განუყრელები იყვნენ: ერთად ათვინიერებდნენ თიხას, ერთად უდგამდნენ ქვას სულს, ერთად ნადირობდნენ, ერთად სვამდნენ, ხუმრობდნენ, ქუთაისურ ბოჰემას „საფუძველს უმაგრებდნენ“. თავისი ერთად ყოფნით, თავისდაუნებურად რეზო გაბრიაძის ფილმის სცენარებისთვის მოკლე მონახაზებს ქმნიდნენ. ასე შეიქმნა ელდარ შენგელაიას „არაჩვეულებრივი გამოფენა“, ხოლო გიორგი დანელიას ფილმ „მიმინოს“ მთავარ გმირს, გაბრიაძემ სიმბოლურად ვალიკო მიზანდარი დაარქვა.[2]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვალერიან მიზანდარი, ვერონეზეს ცა (მოთხრობები იაკობ ნიკოლაძეზე). ქუთაისი. 1977. 105 გვ.
  • ვალერიან მიზანდარი, უკვდავი კაცი (ნოველები. მოთხრობები). ქუთაისი. 1983. 252 გვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]