ვლადიმერ მაიაკოვსკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვლადიმერ მაიაკოვსკი
Владимир Маяковский
დაბ. თარიღი 19 ივლისი, 1893
დაბ. ადგილი ბაღდათი, საქართველო
გარდ. თარიღი 14 აპრილი, 1930
გარდ. ადგილი მოსკოვი
საქმიანობა პოეტი, დრამატურგი
ეროვნება რუსეთი
პერიოდი 1912-1930
ჟანრი პოეზია, დრამატურგია
მიმდინარეობა ფუტურიზმი.

[http://www.lib.ru ოფიციალური საიტი]

ვლადიმერ ვლადიმერის ძე მაიაკოვსკი ( რუს. Владимир Владимирович Маяковский, (დ. 7 ივლისი/19 ივლისი, 1893, ბაღდათი, საქართველო - 1930წ., 14 აპრილი, 1930, მოსკოვი) საქართველოში დაბადებული რუსი პოეტი, დრამატურგი, რუსული ფუტურიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ვლადიმერ მაიაკოვსკი დაიბადა საქართველოში, სოფელ ბაღდათში (ამჟ. ბაღდათის რაიონი), ვლადიმერ კონსტანინეს ძე მაიაკოვსკის (1857-1906) ოჯახში, რომელიც 1889 წლიდან ბაღდათის სატყეო მეურნეობაში მუშაობდა. პოეტის დედა, ალექსანდრა ალექსეევნა (1867-1954) წარმოშობით კაზაკი იყო. 1902 წელს მაიაკოვსკი ქუთაისის გიმნაზიაში შევიდა. 1906 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ მაიაკოვსკი თავის დებთან ერთად დედამ მოსკოვში წაიყვანა საცხოვრებლად და სწავლაც იქვე განაგრძო. 1908 წელს გიმნაზია მიატოვა და რევოლუციური მოღვაწეობა დაიწყო.

მაიაკოვსკის ოჯახი

1908 წელს შევიდა რუსეთის სოცილ-დემოკრატიულ მუშათა პარიაში და სამჯერ იქნა დაპატიმრებული. 1909 წელს, ციხეში ყოფნისას ლექსების წერა დაიწყო. 1911 წელს მოეწყო მოსკოვის სამხატვრო სასწავლებელში. ამ პერიოდში გაიცნო დავიდ ბურლიუკი და დაუახლოვდა კუბოფუტურისტების პოეტურ წრეს. პირველი მისი გამოქვეყნებული ლექსი, "ღამე" (1912), შევიდა ფუტურისტულ კრებულში "სილის გაწვნა საზოგადოებრივ გემოვნებას". 1913 წელს წერს და დგამს ტრაგედიას "ვლადიმერ მაიაკოვსკი", რომელშიც თავადვე ასრულებს მთავარ როლს.

1914 - 1915 წლებში მუშაობს პოემაზე "შარვლიან ღრუბელს", რომელიც ფუტურიზმის ერთგვარ მანიფესტადაა მიჩნეული.

1915 წელს დაწერილი "ფლეიტა-ხერხემალი", მაიაკოვსკის ლირიზმის მწვერვალად ითვება და ეძღვნება პოეტის საყვარელ ქალს, ლილი ბრიკს (ელზა ტრიოლეს და), რომელიც, მისდა საუბედუროდ, მისივე გამომცემლის, ოსიპ ბრიკის მეუღლე იყო.

ვლადიმერ მაიაკოვსკი და ლილია ბრიკი

ამავე პერიოდში იქმნება ომის საწინააღმდეგო ლირიკა: "დედა და გერმანელების მიერ მოკლული საღამო", "მე და ნაპოლეონი", პოემა "ომი და მშვიდობა". სატირული ნაწარმოებები: "ჰიმნების" ციკლი.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იგი თავის ტალანტს ხელისუფლების სამსახურში აყენებს, წერს პოემას, "ლენინი", 1918 წელს იდგმება "მისტერია-ბუფი", რომელიც ეძღვნება რევოლუციის წლისთავს.

მაიაკოვსკი იყო მემარცხენე მხატვრების გაერთიანებების ლიდერი.

1918 - 1919 წლებში პეტროგრადიდან გადადი მოსკოვში, წერს პოემას "150 000 000", რომელშიც განავითარებს მსოფლიო რევოლუციის თემას.

მაიაკოვსკის საფლავი ნოვოდევიჩიში

1923 წელს ჩამოაყალიბა ჯგუფი "ლეფი" Леф (Левый фронт, მარცხენა ფრონტი) და იმავე სახელწოდების ჟურნალი. 1927-28 წლებში გამოიცა ჟურნალი "ნოვი ლეფი" (რუს. "Новый леф"), რომლის 24 ნომერი გამოვიდა. 1928 წელს მაიაკოვსკი იმედგაცრუებული ტოვებს ორგანიზაციას და ჟურნალს.

1930 წლის 14 აპრილს, დილის 10:15 საათზე, მოსკოვში, საკუთარ ბინაში მაიაკოვსკიმ თავი მოიკლა რევოლვერით. ეს ყოველივე თვითმკველობას ჰგავდა, თუმცა არსებობს მკვლელობის ვერსიებიც.

ვლადიმერ მაიაკოვსკი დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე

შემოქმედება[რედაქტირება]

მაიაკოვსკის შემოქმედებაზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა უიტმენის პოეზიამ, კერძოდ მისმა ვერლიბრმა, რომელიც ხშირად გვხვდება მაიაკოვსკის პოეზიაში. თუმცა ეს უკანასკნელი თავისი ფორმით მაინც უნიკალურადაა მიჩნეული.

მიუხედავად იმისა, რომ 1917 წლის რევოლუციით აღფრთოვანებულმა მაიაკოვსკიმ ჭეშმარიტი სოციალისტური მითი შექმნა პოეზიაში, ბევრი მკვლევარი ამტკიცებს, რომ 1920-იან წლებში პოეტს იმედგაცრუება დაეწყო სოციალისტური წყობის რეალურობის მიმართ. თუმცა სიმხნევით აღსავსე, კოლექტივიზაციისა და სოციალისტური იდეალისადმი მიმართული ლექსების წერას სიცოცხლის ბოლომდე განაგრძობდა. პოეტის კიდევ ერთი ორიგინალობა უკავშირდება უნაზესი ლირიზმისა და მწარე სატირის ურთიერთშერწყმას. ყოველივე აქედან გამომდინარე მაიაკოვსკი ზოგისთვის უდიდესი ლირიკოსია, ზოგი კი მას პარტიის ინტერესების გამტარებელ რუპორად მიიჩნევს.

მაიაკოვსკი და ფუტურიზმი[რედაქტირება]

მაიაკოვსკი პირველმა იხმარა ტერმინი "ფუტურიზმი" 1913 წლის 24 თებერვალს, თანამედროვე ხელოვნების შესახებ დებატებში. თუმცა ამ სიტყვის სლავური ნეოლოგიზმი "ბუდეტლიანინი" (მომავლის ხალხი), რომელიც პოეტმა ვიქტორ ხლებნიკოვმა შემოიტანა, იმ დროისთვის უფრო წარმატებული აღმოჩდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]