ელენ სვოლოუ რიჩარდსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელენ სვოლოუ რიჩარდსი
ინგლ. Ellen Swallow Richards

პორტრეტი წიგნიდან The Life of Ellen H. Richards Caroline L. Hunt, 1912
დაბადების სახელი Ellen Henrietta Swallow (Nellie)
დაბადების თარიღი 3 დეკემბერი 1842
დანტსბალდი, მიდლსექსი, მასაჩუსეტსი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 30 მარტი 1911 (68 წლის)
ბოსტონი აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი Westford Academy
პროფესია საოჯახო მეურნეობა, ქიმია
დამსაქმებელი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი
ჯილდოები ქალთა დიდების ეროვნული დარბაზი (1993)
ხელმოწერა

ელენ ჰენრიეტა სვოლოუ რიჩარდსი (ინგლ. Ellen Henrietta Swallow Richards, 3 დეკემბერი, 1842 –  30 მარტი, 1911) — მე-19 საუკუნის ამერიკელი ქიმიკოსი-ტექნოლოგი და ბუნებრივი გარემოს ქიმიკოსი, ნოვატორი საოჯახო მეურნეობის (კომლის) სფეროში. რიჩარდსმა დაამთავრა ვესტფორდის აკადემია (ისტორიაში მე-2 საშუალო სკოლა მასაჩუსეტში). პირველი ქალი, რომელიც ჩაირიცხა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში,  პირველი ლექტორი ქალი, პირველი ამერიკელი ქალი, რომელიც ჩაირიცხა ტექნიკურ სასწავლებელში და პირველი ამერიკელი ქალი, რომელმაც მიიღო  ხარისხი ქიმიის დარგში. რიჩარდსი იყო აქტიური ფემინისტი და „ეკონომიკური ფემინიზმის“ დამფუძნებელი, რომელიც თვლიდა, რომ ქალის მუშაობა სახლში ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი  ასპექტი გახლდათ.[1][2]

ცხოვრება და სამუშაო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელენ სვოლოუ დაიბადა დანსტაბლში, მასაჩუსეტსი, ფანი ტეილორისა და პიტერ სვოლოუს ოჯახში. (ძველი გვარების წარმომადგენელი მშობლები არ იყვნენ მდიდრები, მაგრამ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ განათლებას). ელენი  გახდა პირველი ქალი, რომელიც მიიღეს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში.[3] ელენ სვოლოუ რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა მასწავლებლად, გუვერნანტად და შინამოსამსახურედ, რათა შეეგროვებინა თანხა ვასარის კოლეჯში (1868) ჩასაბარებლად, სადაც ორი წელი სწავლობდა და რომლის დამთავრების შემდეგაც მან ბაკალავრის ხარისხი მიიღო. მას შემდეგ, რაც კოლეჯის დამთავრების შემდეგ ქიმიკოს-ტექნოლოგის შესაფერისი სამუშაო ვერ იშოვა, იგი შევიდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში( MIT) სწავლის გასაგრძელებლად.[4]

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა შეხვედრის 1870 წლის 14 დეკემბერს ოქმში აღნიშნულია: „რა თქმა უნდა, მისი დაშვება არ ქმნის პრეცედენტს სხვა ქალების მიღებისთვის“. სამი წლის შემდეგ, რიჩარდსმა მიიღო ბაკალავრის ხარისხი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში დისერტაციისთვის „კოლორადოს თიოარსენის და თიოანტიმონური მჟავების ზოგიერთი მარილების შესახებ“ და მაგისტრის ხარისხი ვასარის კოლეჯში რკინის მადნის ქიმიური ანალიზისთვის. ელენ სვოლოუმ განაგრძო სწავლა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში და  დოქტორის წოდების მისაღებად ემზადებოდა, მაგრამ MIT-მა უარი განაცხადა ქალისთვის ამგვარი პატივის მიგებაზე. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტმა ქალების მიმართ ამგვარი პოლიტიკა 1886 წლამდე შეინარჩუნა.

1875 წელს ელენ სვოლოუ დაქორწინდა რობერტ ჰ. რიჩარდსზე, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტის სამთო კათედრის გამგეზე. მეუღლის დახმარებით მან განაგრძო თანამშრომლობა MIT-თან, მოხალისედ. იგი ყოველწლიურად 1000 აშშ დოლარის შემოწირულობას გასცემდა, რათა შეექმნა პროგრამები ქალი სტუდენტებისთვის. 1876 ​​წლის იანვარში დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა  დაუსწრებელი სწავლების  პირველ ამერიკულ  სკოლაში — საშინაო განათლების წამახალისებელ საზოგადოებაში. ასევე 1876 წელს, ბოსტონის ქალთა განათლების ასოციაციის მოწოდებით, MIT-მა დააარსა ლაბორატორია ქალებისთვის, სადაც 1879 წელს რიჩარდსმა დაიწყო მუშაობა ასისტენტად (ანაზღაურების გარეშე) პროფესორ ჯონ მ. ორდუეის ხელმძღვანელობით ქიმიური ანალიზის, სამრეწველო ქიმიის, მინერალოგიის და გამოყენებითი ბიოლოგიის დარგებში. 1883 წელს MIT-მა დაიწყო ქალი სტუდენტების მიღება და მათთვის სამეცნიერო ხარისხის მინიჭება, ამიტომ ლაბორატორია დაიხურა.[5]

1884 წლიდან გარდაცვალებამდე ელენ რიჩარდსი ხელმძღვანელობდა ახლად გახსნილ სანიტარული ქიმიის ლაბორატორიას, რომელსაც  მანამდე  მისი ყოფილი პროფესორი უილიამ რ. ნიკოლსი უდგა სათავეში, ლოურენსის ექსპერიმენტულ სადგურზე, რომელიც პირველი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1887 წელს ლაბორატორიამ, რომელსაც მაშინ მართავდა თომას მესინჯერ დრონი, რიჩარდსის ხელმძღვანელობით ჩაატარა წყლის ხარისხის კვლევა მასაჩუსეტში შტატის ჯანმრთელობის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, რომელიც მოიცავდა 20000-ზე მეტი ნიმუშის დამუშავებას. ეს გახლდათ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული პირველი ამგვარი კვლევა.

რიჩარდსის კვლევამ ხელი შეუწყო წყლის დაბინძურების გამომწვევი მიზეზების და ჩამდინარე წყლების დამუშავების შეცდომების გამოვლენას. შედეგად, მასაჩუსეტმა პირველმა დანერგა ამერიკის შეერთებულ შტატებში  წყლის ხარისხის სტანდარტები და ქალაქ ლოუელმა მიიღო პირველი თანამედროვე ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა. 1872 წლიდან 1875 წლამდე რიჩარდსი იყო მასაჩუსეტსის ჯანმრთელობის სახელმწიფო დეპარტამენტის გამომცდელი, ხოლო 1887 წლიდან 1897 წლამდე იგი გახლდათ შტატის წყლის ოფიციალური ანალიტიკოსი.  ასევე  Mutual Factory Fire Insurance Company-ს მრჩეველი. 1900 წელს ა. გ. ვუდმანთან ერთად დაწერა წიგნი „ჰაერი, წყალი და საკვები სანიტარული თვალსაზრისით“. გარემოსადმი მისი ინტერესის გამო იყო, რომ 1892 წელს ინგლისურ ენაში გაჩნდა სიტყვა „ეკოლოგია“, რაც გერმანულად ნიშნავს „ბუნების ეკონომიკას“.

რიჩარდსს ასევე აინტერესებდა მეცნიერული პრინციპების გამოყენება ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო პირობებში — კვება, ტანსაცმელი, ვარჯიში, სანიტარული პირობები და ეფექტური სახლის მოვლა. ელენი მშობლებს წერდა:

ვიკიციტატა
„ალბათ იმიტომ, რომ მე არ ვიცავ რადიკალურ შეხედულებებს და არ უგულებელვყოფ ქალის მოვალეობებს, მაგრამ პატივად მიმაჩნია დასუფთავება, საცხოვრებლის მოვლა, ტანსაცმლის შეკერვა, მე შემოვიკრიბე უფრო ძლიერი მოკავშირეები, ვიდრე სხვებმა“

ელენმა გამოაქვეყნა წიგნი „სამზარეულოსა და დასუფთავების ქიმია. გზამკვლევი დიასახლისებისთვის“ (1881), შეიმუშავა და აჩვენა სამზარეულოს ნიმუშები, მუშაობდა სასწავლო გეგმებზე  და აწყობდა კონფერენციებს.

1908 წელს იგი გახდა ამერიკის საშინაო ეკონომიკის ასოციაციის პირველი პრეზიდენტი. ამ თემაზე მან დაწერა შემდეგი წიგნები და სტატიები: "კვებითი ნივთიერებები და მათი ფალსიფიკატორები" (1886), "საუბრები სანიტარული მდგომარეობის შესახებ", "კულინარიისა და დასუფთავების ქიმია", "სიცოცხლის ფასი" (1899), "ჰაერი, წყალი და საკვები“ (1900), „საკვების ფასი“, „საცხოვრებლის ფასი“, „სათანადო ცხოვრების ხელოვნება“, „სისუფთავის ფასი“, „ჰიგიენა ყოველდღიურ ცხოვრებაში“ (1907) და „ევთენიკა— გარემოს მართვის მეცნიერება“ (1910).  ამ ნაშრომებიდან ზოგიერთი რამდენჯერმე გამოიცა.[6][7]

1881 წლის 28 ნოემბერს რიჩარდსმა და მარიონ ტალბოტმა (1880 წელს ბოსტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული) მიიწვიეს თხუთმეტი ქალი კოლეჯის კურსდამთავრებულთა შეხვედრაზე ტალბოტის სახლში, ბოსტონში (მასაჩუსეტსი) და ამგვარად გახდნენ  უნივერსიტეტის პედაგოგების ქალთა ამერიკული ასოციაციის  "დამფუძნებელი დედები". ჯგუფი ცდილობდა შეექმნა ორგანიზაცია, რომელიც გააერთიანებდა კოლეჯის კურსდამთავრებულ ქალებს, რათა გაეღოთ კარი უმაღლესი განათლებისკენ  სხვა ქალებისთვის. ასოციაცია (ამჟამად ცნობილია, როგორც AAUW) უკვე   125 წელია, რაც ფუნქციონირებს. დღევანდელი მონაცემებით, ასოციაცია მოიცავს 100000-ზე მეტ წევრს, 1300 განყოფილებას და თანამშრომლობს მსოფლიოს 500 კოლეჯთან და უნივერსიტეტთან.[8][9]

რიჩარდსი მრავალი წლის განმავლობაში ვასარის კოლეჯის სამეურვეო საბჭოს წევრი გახლდათ. მას 1910 წელს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება.

ელენ სვოლოუ რიჩარდსი გარდაიცვალა 1911 წელს.[10]

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტმა მთავარი კორპუსის შენობას მისი სახელი უწოდა. 1973 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დაწესდა მისი სახელობის პროფესორის თანამდებობა, რომელსაც ლექტორი ქალი იკავებენ.

2011 წელს ელენ სვოლოუ რიჩარდსმა  მერვე ადგილი დაიკავა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტის 150 კურსდამთავრებულთა სიაში, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს მეცნიერების განვითარებაში.[11][12]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://en.wikisource.org/wiki/Woman_of_the_Century/Ellen_Henrietta_Richards
  2. "Richards, Ellen Swallow, Residence". National Historic Landmarks Program. April 7, 1991. Archived from the original on October 11, 2012. Retrieved 2013-09-04.
  3. Ogilvie M. B. The Biographical Dictionary of Women in Science Pioneering Lives From Ancient Times to the Mid-20th Century — Routledge, 2003. — Vol. 2. — P. 1095. — 798 p. — ISBN 978-1-135-96342-2
  4. Richardson, Barbara. Ellen Swallow Richards: 'Humanistic Oekologist,' 'Applied Sociologist,' and the Founding of Sociology // American Sociologist   journal. — 2002. — Vol. 33, no. 3. — P. 21—58. — doi:10.1007/s12108-002-1010-6.
  5. Charbonneau, Joanne A.; Rice, Richard E. (2019). "From Miss Swallow's "In soluble Residue" to the discovery of Samarium and Gadolinium". In Lykknes, Annette; Van Tiggelen, Brigitte (eds.). Women in Their Element: Selected Women's Contributions To The Periodic System. Singapore: World Scientific. pp. 145–157.
  6. Richards, Ellen H., ed. (1901–1908), Lake Placid Conference proceedings, Lake Placid Conference, Lake Placid, NY: American Home Economics Association
  7. "Ellen Swallow Richards Papers, 1882-1910". Sophia Smith Collection, Smith College, Northampton, MA: Five College Archives & Manuscript Collections.
  8. Hunt, Caroline Louisa (1912). The Life of Ellen H. Richards: Boston: Whitcomb & Barrows : p. 155
  9. Kohlstedt, Sally Gregory. (September 2005). Nature, Not Books: Scientists and the Origins of the Nature-Study Movement in the 1890s. Isis, Vol. 96, No. 3. pp. 324–352, p. 328.
  10. "Mrs. Ellen H. Richards Dead. Head of Social Economics in Massachusetts Institute of Technology" (PDF). The New York Times. March 31, 1911. Retrieved 2014-03-08.
  11. "Ellen H. Swallow Richards". Science History Institute. June 2016. Retrieved 21 March 2018.
  12. Hunt, Caroline Louisa (1912). The life of Ellen H. Richards (1st ed.). Boston: Whitcomb & Barrows.