დეოდონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დეოდონი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Daeodon

დეოდონი (ბერძ. Δαίος, daios „მტრულად განწყობილი“, „საზარელი“ და οδον, odon „კბილები“) — ენთელოდონტ წყვილჩლიქოსანთა გადაშენებული გვარის წარმომადგენელი, რომელიც სახლობდა ჩრდილოეთ ამერიკაში 29-19 მილიონი წლის წინ, გვიან ოლიგოცენურ და ადრე მიოცენურ ეპოქებში. ყველაზე გავრცელებული სახეობა არის Daeodon shoshonensis, უდიდესი და უკანასკნელი ენთელოდონტებს შორის, რომელიც ბინადრობდა აშშ-ს ტერიტორიაზე, თუმცა, მცირე რაოდენობით. ამ სახეობის მოზარდებს ჰქონდათ 90 სმ სიგრძის თავის ქალა.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დეოდონი (daeodon) მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან daios, რაც ნიშნავს „მტრულად განწყობილს“ ან „საზარელს“ და odon, რომელიც ნიშნავს „კბილებს“.

კლასიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვარი დეოდონი აღმოაჩინა ამერიკელმა ანატომისტმა და პალეონტოლოგმა, ედვარდ დრინკერ კოფმა, 1878 წელს. მან დეოდონი კენტჩლიქოსანთა რიგს მიაკუთვნა. ასეთი კლასიფიკაცია შენარჩუნდა 1905 წლის „ელოთერიუმის“ აღწერამდე და 1909 წლამდე, როცა პეტერსონმა დეოდონის სახეობად გამოაცხადა მისი მსგავსი, ამავე ჯიშის, მოცულობით ბევრად დიდი ცხოველი (calkinsi). შედეგად, დეოდონი კლასიფიცირდა ენთელოდონტთა ოჯახის წევრად, თუმცა ზუსტი წარმომავლობა დღემდე სადავოა.

სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველაზე გავრცელებული სახეობაა D. shoshonensis, რომელიც ეფუძნება ქვედა ყბის განამარხს ჯონ-დეის ფორმაციიდან, ორეგონში. მომდევნო ათწლეულებში რამდენიმე სხვა სახეობაც მიეწერა დეოდონთა გვარს, მაგ. D. calkinsi, D. Mento და D. minor. 1998 წლიდან ორი ტაქსონი გამოცხადდა დეოდონის ქვესახეობად, როცა Dinohyus hollandi-ის მთლიანი ჩონჩხი ნებრასკის განამარხიდან და Ammodon leidyanum ერთმანეთისგან განურჩეველი აღმოჩნდა, და თავის მხრივ, ორივე იყო განურჩეველი D. shoshonensis-ისგან. D. Calkinsi-ის გამოკლებით, იქამდე გამოყოფილი სახეობები ასევე დასახელდა D. shoshonensis-ის სინონიმებად.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Daeodon shoshonensis არის ცნობილთაგან ყველაზე დიდი ენთელოდონტი. ჩვენთვის ცნობილ ზრდასრულ ინდივიდებს ჰქონდათ 90 სმ-მდე სიგრძის თავის ქალა და იყვნენ დაახლოებით 1,8 მ სიმაღლის, მხრებამდე. სხვა ენთელოდონტებისგან განსხვავდებოდნენ კბილების უნიკალური კომპლექტით, ხოლო მათი მსგავსი, ჰქონდათ გრძელი და წვრილი კიდურები, წინა კიდურების ძვლები - შეერთებული, და თითოეულ ფეხზე - მხოლოდ ორი თითი. დეოდონებს ასევე ჰქონდათ მათი თავის ზომისთვის შედარებით მსუბუქი აგებულების კისერი. თავის სიმძიმეს კი კუნთები და მყესები აბალანსებდა, რომლებიც შეერთებული იყო გულმკერდის არის მაღალ წამონაზარდებზე, თანამედროვე ბიზონებისა და თეთრი მარტორქების მსგავსად.