დასავლეთ სომხეთის ოკუპაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასავლეთ სომხეთის ოკუპაციის რუკა, ოკუპირებული ტერიტორიები წარმოდგენილია ყვითლად

დასავლეთ სომხეთის ოკუპაცია (სომხ. Արևմտյան Հայաստան, თურქ. Batı Ermenistan Yönetimi) — პირველი მსოფლიო ომის დროს, 1915-1918 წლებში რუსეთის იმპერიის მიერ ოსმალეთის იმპერიაში შემავალი სომხური ტერიტორიების, ე.წ. დასავლეთ სომხეთის ოკუპაცია, რომელსაც სომხები ხშირად ვანის რესპუბლიკასაც[1][2][3] უწოდებენ. ოკუპაცია საბოლოოდ კრახით დასრულდა და ვერ მიაღწიეს იმ მიზანს, რაც სურდათ, რის შემდეგაც ტერიტორიები კვლავ ოსმალეთს დაუბრუნდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოკუპაცია 1915 წელს, ვანში დაიწყო, როდესაც არამ მანუკიანი სომხური ბატალიონებითა და რუსი დამხმარე ჯარისკაცებით შევიდა ქალაქში და ორ თვეში იქიდან ოსმალები გააძევა[4].

ცხადია, ოსმალურ მხარეს ეს ფაქტი ყურადღების გარეშე არ დაუტოვებია და მალევე ქერიმ ფაშას მეთაურობით მათ ვანის ტბის მიდამოებში კონტრშეტევა წამოიწყეს, სადაც მალაზგირტის ბრძოლაში დაამარცხეს რუსები.

რუსებმა უკან, აღმოსავლეთით დაიხიეს. ამ დროისათვის ქალაქ ვანში 250,000-მდე სომეხი იმყოფებოდა[5]. ამ ადამიანთა უმეტესობა ვანს აფარებდა თავს, რათა გაქცეოდნენ თეჰჩირის კანონით გათვალისწინებულ სომეხთა დეპორტაციას. მოგვიანებით რეგიონში მყოფი სომხები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ რუსებთან ერთად. შიმშილისა და დაღლილობის ფონზე უამრავი სომეხი ლტოლვილი დაავადდა, არაჰიგიენური გარემოს გამო, უმეტესად დიზინტერიით. 1915 წლის 29 დეკემბერს ვანის ვიცე-კონსულმა ერევნის ეპისკოპოსის დახმარებით მოახერხა ლტოლვილთა უკან დაბრუნება[6].

1915 წლის ზამთარში ოსმალებმა კიდევ ერთხელ დაიხიეს უკან, რამაც მანუკიანს საშუალება მისცა ვანში დაბრუნებულიყო და თანამდებობა აღედგინა. იმავე წლის დეკემბერში გუბერნატორმა მკაცრი კანონები შემოიღო არსებული ძარცვისა და ძალადობის აღსაკვეთად. ასევე გაიხსნა საცხობები, დაიწყო დაზიანებული შენობების აღდგენითი სამუშაოები და ასევე მუშაობა განაახლეს ქარხნებმა[7].

1916 წელს სომეხი ლტოლვილები საბოლოოდ დაბრუნდნენ მშობლიურ მიწაზე, მათ დასაცავად კი რუსეთის მთავრობამ საზღვარზე ბარიერები აღმართა[8]. 1916-1917 წლებში დაახლოებით 80,000-100,000 სომეხი დასახლდა ვანსა და მის მიდამოებში. ამავდროულად ვანში გაიხსნა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლი. ეს სახლი არა მხოლოდ იფარებდა და საკვებით უზრუნველყოფდა ბავშვებს, არამედ წერა-კითხვის სწავლასა და განათლების მიღებაშიც ეხმარებოდათ[9].

უილსონისეული სომხეთ-თურქეთის საზღვარი

ცხადია, რუსეთის იმპერიას ამ რეგიონების დაკავებისას საკუთარი გეგმებიც ჰქონდა. შავი ზღვისა და მასთან ახლოს მდებარე რეგიონების ნაყოფიერი მიწები, რუსი კოლონისტებისათვის საუკეთესო იყო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოებისათვის. 1916 წლის 18 ივნისს ხელი მოეწერა საზანოვ-პალეოლოგის შეთანხმებას, რომლითაც არამ მანუკიანი ოკუპირებული ტერიტორიების გუბერნატორად დაინიშნა[10].

ოკუპაციის ზრდასთან ერთად, სულ უფრო მეტი სომეხი უბრუნდებოდა წინაპართა მიწას. მხოლოდ 1917 წელს 150,000 სომეხი დაბრუნდა ვანში, ერზრუმში, ბითლისსა და მუშში. სიტუაციის ცვლილება 1917 წლის რუსეთის რევოლუციასთან ერთად დაიწყო. რუსებს აღარ ეცალათ საგარეო პოლიტიკისათვის, ამიტომაც სომხებმა ომში მთავარი მოკავშირე დაკარგეს. 1918 წელს რუსეთსა და ოსმალეთს შორის გაფორმდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავი, რასაც ორ სახელმწიფოს შორის ახალი საზღვრის გავლება მოჰყვა. ხელშეკრულების მიხედვით ვანი, ყარსი, არდაჰანი და ასევე ბათუმი, ოსმალეთს უნდა გადასცემოდა, ტრანსკავკასია კი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცხადდებოდა. ცხადია, ამ შეთანხმებას კავკასიელთა დიდი პროტესტი და მისი არაღიარება მოჰყვა[11].

მას შემდეგ, რაც ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებად დაიშალა, ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. თურქებმა და აზერბაიჯანელებმა ერთობლივი ძალებით დაიწყეს სომხების შევიწროვება. მიუხედავად ამისა, აშშ-ს პრეზიდენტმა უილსონმა წამოაყენა თავისი ხედვები, რომ დასავლეთ სომხეთი სომხეთის რესპუბლიკას უნდა მიერთებოდა, თუმცა 1920 წელს, სომხეთის იძულებით გასაბჭოების პირობებში, სომხური მხარე იძულებული გახდა მთელი დასავლეთ სომხეთი თურქეთისათვის დაეთმო, რითაც საბოლოოდ დასრულდა ამ მხარის ოკუპაცია და აღდგა თურქული მმართველობა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Herrera, Hayden (2005). Arshile Gorky: His Life and Work. Macmillan. p. 78. ISBN 9781466817081.
  2. Aya, Şükrü Server (2008). The genocide of truth. Eminönü, Istanbul: Istanbul Commerce University Publications. p. 296. ISBN 9789756516249.
  3. Onnig Mukhitarian, Haig Gossoian (1980). The Defense of Van, Parts 1-2. Central Executive General Society of Vasbouragan. p. 125.
  4. Kurdoghlian, Mihran (1996). Hayots Badmoutioun (Armenian History) (in Armenian). Hradaragutiun Azkayin Oosoomnagan Khorhoortee, Athens. pp. 92–93.
  5. Shaw, History of the Ottoman Empire" pp.314-316,
  6. Arnold Joseph Toynbee "The Treatment of Armenians in the Ottoman Empire, 1915-1916: Documents Presented to Viscount" the section : "MEMORANDUM ON THE CONDITION OF ARMENIAN REFUGEES IN THE CAUCASUS: ..."
  7. Arnold Joseph Toynbee "The Treatment of Armenians in the Ottoman Empire, 1915-1916: Documents Presented to Viscount" the section : "MEMORANDUM ON THE CONDITION OF ARMENIAN REFUGEES IN THE CAUCASUS: ..."
  8. Garegin Pasdermadjian, Aram Torossian, "Why Armenia Should be Free: Armenia's Rôle in the Present War" page 31
  9. Memories of Eyewitness-Survivors of the Armenian Genocide GHAZAR GHAZAR GEVORGIAN'S TESTIMONY Born in 1907, Van, Armenian valley, Hndstan village
  10. Richard G. Hovannisian, The Armenian People From Ancient To Modern Times. page 284
  11. Richard Hovannisian "The Armenian people from ancient to modern times" Pages 292-293