ბოდოჯის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბოდოჯის სასახლეცხრაკარა, არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთის ჩრდილო–დასავლეთით, 1,5 კილომეტრზე, პატარა ბორცვზე. ს. ჯანაშიას აზრით, სასახლე კახეთის მეფეს კვირიკე III-ს (1010–1032 წლები) ეკუთვნოდა. კახეთისათვის ბრძოლის დროს, მეფე ბაგრატ IV (1027–1072 წლები), XI საუკუნის 40-იან წლებში, დაარბია და გადაწვა ბოდოჯის სასახლე: „გარდაადგა თიანეთს, და დაწუა დარბაზი ბოდოჯისა, სახლი სახელოვანი, დიდის კუირიკე მეფისაგან აგებული“.

სასახლის სამხრეთ ნაწილის შუაში, აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძზე განლაგებული და ერთმანეთთან დაკავშირებული სხვადასხვა ფართობის ორი ოთახია (37,5 კვადრატული მეტრი და 18 კვადრატული მეტრი); მათგან დასავლეთით მდებარე ოთახს მეორე სართულის კედლების ნაწილიც შემორჩა. დასავლეთ კედელში სარკმლის კვალი მოჩანს. დასავლეთით მდებარე ოთახის ქვედა სართულის კედლები, ზედასთან შედარებით, სქელია, რაც სართულშუა გადახურვის კოჭების დასაყრდენ საფეხურს ქმნის. აღმოსავლეთ და სამხრეთ მხრიდან II სართულის ოთახს, როგორც ჩანს, აივანი ჰქონია, რომელიც ქვედა სართულის ოთახების შესაბამისი კედლების წინ (დაახლოებით 3,5 მეტრის მანძილზე) არსებულ კედლებს (შემორჩენილია მცირე ნაწილი) ეყრდნობოდა. შენობის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ მხარეს სასახლის ეზოა, რომელიც აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან სწორი კედლებით ყოფილა შემოფარგლული.

სასახლის დასავლეთ ნაწილში სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებით განლაგებული სამი ოთახია (შემორჩენილია კედლების კვალი). მათგან ჩრდილოეთით მდებარე ოთახს აღმოსავლეთ კედლის მცირე ნაწილი შემორჩა (სიმაღლე 3 მეტრი). ოთახის ჩრდილოეთ კედელზე, გარედან, მიშენებული ყოფილა ნახევარწრიული მოხაზულობის კედელი, რომელიც შესაძლოა ჩრდილოეთ კედელში მოწყობილ ბუხარს ეკუთვნოდა.

სასახლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ორი ოთახია. აღმოსავლეთით მდებარე, რომლის აღმოსავლეთ კედელი გალავნის აღმოსავლეთ კედელის ხაზზეა, შედარებით მოზრდილია; იგი ალბათ მისაღებ დარბაზს წარმოადგენდა. ამ ოთახის სამხრეთ კედელში მოჩანს 1 მეტრი სიგანის ამოშენებული ღიობი (შესასვლელი). დასავლეთის ოთახი შედარებით მომცროა (შემორჩენილია კედლების მხოლოდ კვალი). შესაძლებელია, რომ ამ ოთახის დასავლეთით კიდევ არსებობდა ორი ან სამი ოთახი, რომელიც სასახლის გეგმის სწორკუთხედში იყვნენ მოქცეულნი, მაგრამ ამჟამად მათი კვალი არ ჩანს.

1969 წელს იამ ინსტიტუტის ერწო-თიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა რ. რამიშვილი, სასახლეზე ჩაატარა მცირე გათხრები. გაიჭრა რამდენიმე თხრილი: პირველი — დიდ დარბაზში, მეორე — თაღები ან ოთახში, მესამე — ოთახების დასავლეთის ჯგუფის ერთ-ერთ ოთახში გათხრების შედეგად დადგინდა, რომ სასახლეზე ერთფენიანი ძეგლია, მაშასადამე, მან დროის მოკლე მონაკვეთში იარსება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]