ბიოტიტი
| ბიოტიტი | |
|---|---|
| საერთო | |
| კატეგორია | ქარსების კლასის მინერალი |
| ქიმიური ფორმულა | K (Mg, Fe)3[Si3AlO10] [OH, F]2 |
| იდენტიფიკაცია | |
| კრისტალის სინგონია | მონოკლინური |
| სიმაგრე მოოსის სკალით | 2-3 |
| სიმკვრივე | 2800-3400 კგ/მ³ |
ბიოტიტი (Biotite) — ქარსების ჯგუფის მინერალი. ქიმიური შედგენილობა K (Mg, Fe)3[Si3AlO10] [OH, F]2. სტრუქტურის მიხედვით მიეკუთვნება შრეებრივ ალუმოსილიკატებს. თხელ ფირფიტებს აქვს მურა მოშავოდან მურა მომწვანომდე ფერი. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 2-3, სიმკვრივე 2800-3400 კგ/მ³. ბიოტიტი მაგმური და მეტამორფული ქანების ფართოდ გავრცელებული ქანმაშენი მინერალია. ბიოტიტის დიდი (1-1,5 მ) ზომის კრისტალები ზოგჯერ გვხვდება პეგმატიტურ ძარღვებში.
ბიოტიტი შეადგენს დედამიწის ქერქის 2,5-3%. ბიოტიტთან საკმაოდ მჭიდროდ არის დაკავშირებული: კვარცი, მინდვრის შპატი, მუსკოვიტი, რქატყუარა და სხვა მინერალები. იგი საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული პეგმატიტებში.
მინერალს სახელი ეწოდა ფრანგი მეცნიერის ჟან ბიოს (1774-1862) პატივსაცემად. ბიოტიტს იყენებენ ელექტროსაიზოლაციო მასალად, მისი ფხვნილისაგან ამზადებენ ბრინჯაოს საღებავს.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 394, თბ., 1977 წელი.