შინაარსზე გადასვლა

ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბაგრატიონ-მუხრანელი, ირაკლი)
ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი (1926)

ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი (დ. 21 მარტი, 1909, თბილისი — გ. 30 ოქტომბერი, 1977, მადრიდი) —ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს შთამომავალი, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ბაგრატიონთა სამეფო სახლის მეთაური ევროპაში.

ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921) ოკუპაციიისთანავე, 1921 წელს, მცირეწლოვანი ბაგრატიონ-მუხრანელი მშობლებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. უმაღლესი განათლება მიიღო გერმანიაში. 1930-იანი წლების შუა ხანებიდან ცხოვრობდა იტალიაში. 1940 წელს რომში დაქორწინდა იტალიელი გრაფის ჰუგო პასკუინის ასულზე — მარია ანტუანეტზე, რომლისგანაც 1944 წლის დამდეგს შეეძინა შვილი გიორგი (ხორხე), ევროპაში ბაგრატიონთა სამეფო სახლის ყოფილი მეთაური (გ. 2008). მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 1944 წლის დამლევს, ბაგრატიონ-მუხრანელი საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა, სადაც 1946 წელს ესპანეთის ბურბონთა სამეფო სახლის წევრი — ინფანტა მარია-მერსედეს გავიერა შეირთო, რომელიც ესპანეთის მეფის ალფონსო XIII-ის დის — მარია ტერეზა ბურბონის ქალიშვილი იყო. მათ ეყოლათ ქალ-ვაჟი — მარიამი (დ. 1947) და ბაგრატი (დ. 1949). ინფანტას გარდაცვალების შემდეგ (1961) ბაგრატიონ-მუხრანელი დაქორწინდა მარია პასკუალზე.

ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი იყო თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. 1939 წელს მან დააარსა დღეს ევროპაში ფართოდ ცნობილი რაინდული ორდენი „მაცხოვრის კვართის ორდენი“, რომლის პირველი დიდოსტატი (Grand Master) თავად იყო (შემდგომ ორდენს ხელმძღვანელობდა გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანელი). ამასთან, იგი იყო „იერუსალიმის წმ. იოანეს ორდენის“ რაინდი.

1942 წელს ი. ბაგრატიონ-მუხრანელის თაოსნობით გერმანიაში დაარსდა ქართული პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“, რომლის უზენაესი მიზანი იყო საქართველოს დახსნა საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან და ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის შემოღება.