აჰმედ იასავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აჰმედ იასავი, ხოჯა აჰმად იესევი (დ. დაახლ. 1100, საირამი, ახლანდ. ყაზახეთი, — გ. 1166, ქ. იასი, ახლანდ. ქ. თურქესტანი, ყაზახეთი) — შუა აზიელი თურქულენოვანი სუფი პოეტი და მოაზროვნე.

აჰმედ იასავის შესახებ სარწმუნო ბიოგრაფიული ცნობები ძალზედ მწირია. შემორჩენილია მრავალი ლეგენდა. მამის გარდაცვალების შემდეგ ქალაქ იასიში დამკვიდრდა (აქედან ზედწოდებაც), ხოლო სუფიზმს ბუხარაში ცნობილ მუსლიმ მისტიკოსთან იუსუფ ჰამადანისთან ეზიარა. აჰმედ იასავის მიეწერება ჩაღათაურ ენაზე შექმნილი მისტიკურ-ფილოსოფიური ლექსების ციკლი „წიგნი სიბრძნისა“ („დივან-ი ჰიქმათ“), სადაც პოპულარული ფორმითაა გადმოცემული ისლამის ძირითადი წესები და დოგმები. ქადაგებდა ასკეტიზმს, ძალმომრეობისა და სიღარიბის ატანას და მოთმინებას; ზოგჯერ კიცხავდა დესპოტიზმსაც.

იასავის მიერ შექმნილმა სუფიურმა ორდენმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. მის სწავლებას ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა, რასაც მისი მრავალრიცხოვანი მოწაფეების ფართოდ გავრცელება მოჰყვა. ამგვარად, აჰმედ იასავიმ თავისი მოღვაწეობით დიდი გავლენა მოახდინა შუა აზიის თურქულენოვან სამყაროში ისლამის და სუფიზმის განვითარებაზე. სიცოცხლეშივე წმინდანად მიიჩნეოდა. 1397-1398 წლებში ამირა თემურლენგმა იასიში (ახლანდ. ქ. თურქესტანი, ყაზახეთი) მის საფლავზე დიდებული მავზოლეუმის აგება დაიწყო და მალევე მომლოცველობის ადგილი გახდა (ამჟამად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Beben, Daniel (2020). "Aḥmad Yasavī and the Ismāʿīlīs of Badakhshān: Towards a New Social History of Sufi-Shīʿī Relations in Central Asia". Journal of the Economic and Social History of the Orient. 63 (5–6): 643–681.
  • John G. Bennett (1995). The Masters of Wisdom. Bennett Books. ISBN 978-1-881408-01-7.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]