სუფიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისლამის თემები
Allah1.png
ისლამი

რწმენები

ალაჰი · ღმერთის ერთსახოვნება
მაჰმადი · ისლამის წინასწარმეტყველები

პრაქტიკა

შაჰადა · სალათი
მარხვა · ქველმოქმედება · ჰაჯი · ქა'აბა

წერილები და კანონები

ყურანი · სუნა · ჰადისი
კანონები · გზა · წერილთა განმარტებანი · სუფიზმი

ისტორია და ლიდერები

ისტორიის ქრონოლოგია
აჰლ ალ-ბაითი · საჰაბა
სუნიზმი · შიიზმი
მართლმორწმუნე ხალიფები · იმამები

კულტურა და საზოგადოება

მოძღვრებაარქიტექტურახელოვნება
კალენდარიბავშვებიდემოგრაფია
დღესასწაულებიმეჩეთებიფილოსოფია
პოლიტიკამეცნიერებაქალები

ისლამი სხვა რელიგიებთან კონტაქტში

ქრისტიანობა · იუდაიზმი
ინდუიზმი · სიქჰიზმი · ჯაინიზმი

იხილეთ მეტი

კრიტიკა · ისლამოფობია
ისლამური ტერმინები

ისლამის პორტალი
      

სუფიზმი (არაბ.: تصوف “თასავუფ”) წარმოადგენს ისლამის შინაგან, მისტიკურ, ფსიქო-სულიერ განზომილებას. სუფიზმის მიმდევარს სუფი ეწოდება. დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში 70 სუფიური საძმოა და მათ ასობით ათასი მიმდევარი ჰყავს.

დოქტრინა[რედაქტირება]

სუფიური სწავლების ერთ-ერთი ცენტრალური დოქტრინაა “იყო ამ ქვეყანაზე, მაგრამ არა ამ ქვეყნისა”, რაც, რიტუალური ცერემონიების, მარხვისა და ლოცვის მეშვეობით, თვითჩაღრმავების გზით, უმაღლესი მიზნისკენ სვლის - უზენაეს ღმერთთან და მის მადლთან ზიარების საშუალება იყო. სუფიების აზრით, ეს სავსებით შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლეშივე და არა მაინცდამაინც მისი გარდაცვალების, სამსჯავროს წინაშე წარდგომის თუ კაცობრიობის აღსასრულის შემდეგ, როგორც ამის აქცენტირებას ახდენს კლასიკური, ორთოდოქსული ისლამი. სულიერი თვითგანწმენდის გზაზე (იგივე “ტარიკა”, რაც შემდგომში სუფიური საძმოს სინონიმად იქცა) მოწაფეს (“მიურიდი”) ეხმარება მასწავლებელი, მოძღვარი (“შაიხი” ან “მუშრიდი”), რომელიც მას ასკეტიზმისა და სულიერი ცხოვრების საიდუმლოებებს უზიარებს, ასწავლის მას ხორციელი ვნებების დაძლევას, წვრთნის მას საკუთარი ეგოს გადალახვაში, რაც მუსლიმურ ფილოსოფიაში “ალ-ჯიჰად ალ-აკბარ”-ის ტერმინით აღინიშნება (“დიდი ბრძოლა” – “პატარა ბრძოლასთან”, ანუ მტრებთან ბრძოლასთან შეპირისპირებით).

ისტორია[რედაქტირება]

სუფიებმა, თავიანთი სწავლების, ფილოსოფიისა და სიბრძნის თაობიდან თაობამდე გადასაცემად, ხელი მიჰყვეს აქტიურ ლიტერატურულ-მთარგმნელობით საქმიანობას. შედეგად მისტიკოსებმა და ფილოსოფოსებმა, უწევდათ რა უცხო ხალხისთვის მათთვის მშობლიურ ენაზე ღვთის სიტყვის მიწოდება, მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი სხვადასხვა რეგიონებში (მაგალითად, სპარსეთში, XIII საუკუნის ინდოეთში, სამხრეთ აზიაში, თურქეთში) ლიტერატურის და საღვთისმეტყველო აზრის განვითარებას.

მუსლიმური მისტიციზმის განვითარების ისტორიაში სამი ძირითადი ეტაპის გამოყოფა შეიძლება. სუფიზმის თავდაპირველი მიმდევრები, ჯერ კიდევ VII საუკუნიდან, ომაიადთა დინასტიის ზეობის ხანაში, მისტიკოსები იყვნენ ცნობილი იყვნენ ამქვეყნიური ცხოვრების აღსასრულის, უზენაესი სამსჯავროს წინაშე წარდგომის დღეზე მუდმივი მედიტაციითა და ქადაგებით, ამქვეყნიერების, როგორც ”ბოროტების ჭის” უარყოფით. მოგვიანებით სუფიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის შინაარსმა სხვა ფორმები მიიღო – მასში ღვთის სიყვარული აბსოლუტურ ღირებულებად იქცა, ამავე დროს, მისკენ სწრაფვა წინააღმდეგობაში არ მოდიოდა ადამიანის განცდებთან, მგრძნობელობასთან, სიყვარულის ნიჭთან, გამოხატვის ფორმებთან. ეს უკანასკნელი გაცილებით მოქნილი და შეუბოჭავი იყო - კლასიკური, ორთოდოქსული ისლამისგან განსხვავებით, რაც ხშირად სუფიებისადმი ეჭვის თვალით ყურების საფუძველს წარმოადგენდა.

მაშასადამე, სუფიური ასკეტიმზმი მისტიკურ ფილოსოფიაში გადაიზარდა, რომელმაც მოგვიანებით ჰუმანიზმის იდეებიც შეითვისა. ამის გამო სუფიებს მუდმივი კონფლიქტი ჰქონდათ სუნიტურ განხარასთან, ხშირად რელიგიური ძალადობის, დევნის მსხვერპლნიც გამხდარან, თუმცა ეს უფრო მეტი შთაგონების წყაროდ იქცეოდა მათი გზის გამგრძელებლებისათვის.

სუფიზმის განვითარების ისტორიის მესამე ეტაპად მიიჩნევა მისი განტოტვა საძმოებად და სამისიონერო საქმიანობის გააქტიურება. ეს სწორედ იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც მუსლიმურ სამყაროს შეჭირვების ჟამი ედგა – ერთის მხრივ, ქრისტიანების, ხოლო მეორე მხრივ, მომთაბარე, “უკულტურო” ტომების შემოტევის მოგერიება უხდებოდა. ამ დროს მწვავედ დადგა სუფიური და საერთოდ, ისლამური სწავლების, სიბრძნის, მემკვიდრეობის მოფრთხილებისა და გადარჩენის საკითხი, რაც სუფიზმმა იტვირთა.

XII საუკუნისთვის 12 ძირითადი სუფიური ტარიკატი (საძმო, ორდენი) იყო ცნობილი , რომელთაც მუჰამედის სიტყვა მანამდე სრულიად უცნობ, შორეულ საზოგადოებებამდე (მათ შორის, კავკასიამდე) მიჰქონდათ.

ურთიერთობა ისლამთან[რედაქტირება]

სუფიზმის გაჩენის პირველივე წლებიდან მწვავე საკითხად იდგა მისი ”ლეგიტიმურობის”, ისლამის (დოგმატურ) ფარგლებში მოქცევის პრობლემა. ულემის მხრიდან სუფიების მუდმივმა დევნამ და კრიტიკამ მუსლიმ მისტიკოსებს ხელში საპოლემოკო კალამი ააღებინა. პოლემიკა კი ამ საკითხის ირგვლივ დღემდე გრძელდება . ერთი მხრივ, ძნელია სუფიზმის ისტორიასა და თანამედროვეობაში ”თავისუფალი ფორმების” შარიათის წესებთან წინააღმდეგობრიობის უგულებელყოფა, მეორე მხრივ კი – მისი მემკვიდრეობის, მუსლიმური აზრისა და სიტყვის განვითარებაში შეტანილი წვლილის, უდიდესი კულტურულ-სიფოლოფიური წარსულისა და მნიშვნელობის უარყოფა.

სუფიურ ტრადიციაში დაშვებული მრავალი ელემენტი ყურანსა და წმინდა გადმოცემებში ნაკლებ ”გამართლებას” ჰპოვებს. ორთოდოქსი მუსლიმები, დოგმატური თვალსაზრისით, სამართლიანად აკრიტიკებდნენ შეიხებისა და პირების, მათი საფლავებისა და აკლდამების გაკულტების და სარიტუალო მონახულებას (“ზიარათ”) ტრადიციას, მუსიკალური ელემენტის შეტანას ლოცვასა და ღვთისმსახურებაში (ზოგჯერ ყავის და მათრობელი საშუალებების გამოყენებას). კლასიკური სუნიტური სწავლებისათვის სრულიად მოუთმენელი იყო ასევე ზოგიერთი სუფის მხრიდან სასწაულების მოხდენის უნარის მტკიცება (“კარამათ”) – ”კარდიოგნოზია” (”გულისთქმის ცოდნა”), არაფრისგან საკვების მოპოვება, ერთდროულად ორ ადგილას ყოფნა და ა.შ. სუფიზმის კრიტიკის დროს ორთოდოქსული ისლამის მომხრეები ხაზს უსვამენ ადამიანსა და ღმერთს შორის შუამავლის (მუშრიდის) ფენომენის ნეგატიურ მხარეს, მის მეტისმეტად დიდი ავტორიტეტულობასა და სიძლიერეს, ძლიერ გავლენას მოწაფეზე, რომელმაც, მათი აზრით, შეიძლება მახინჯი ფორმები მიიღოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში აქტიურობის შემთხვევაში. თუმცა, მეორე მხრივ, ნათელია, რომ ეს კლასიკური ისლამის კლასიკური პრობლემატიკაცაა.

ტრადიციულად, სუფიზმის უარყოფა და მისი მიმდევრების სექტანტებად გამოცხადება დამახასიათებელი იყო მუსლიმურ სამყაროში არსებული იმ ჯგუფებისათვის, რომლებიც რელიგიური ყოფისა და ტრადიციების განწმენდისა და გაჯანსაღების იდეით იყვნენ გამსჭვალულნი. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან სალაფიტები (ზოგჯერ მოიხსენიებიან ”ვაჰაბიტების” სახელით). საინტერესოა, რომ თავად ალ-სალაფიიაც ბევრი მუსლიმისათვის მეორე უკიდურესობად არის აღირებული.

სუფიზმი ყველაზე უფრო ”მოქნილი” ფორმა იყო მუჰამედის სწავლების გავრცელებისა, ტარიკატები ყველაზე უფრო შემწყნარებელი იყვნენ წინაისლამური და არაისლამური ელემენტებისადმი, რომლებიც საბოლოო სახით უხვად დაილექა სხვადასხვა რეგიონების (მათ შორის კავკასიის) მუსლიმურ რწმენასა და ყოფაში.