ახალი ფიქცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახალი ფიქციაავანგარდული ლიტერატურული მიმდინარეობა.

ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან მოყოლებული რელისტური ლიტერატურის პარალელურად არსებობს ე.წ. წარმოსახვითი ლიტერატურა. თუკი პირველი გარემომცველი რელობის შეძლებისდაგვარად ადეკვატურ აღწერას გვთავაზობს და დიდ ადგილს უთმობს სოციალურ და ფსიქოლოგიურ საკითხებს, წარმოსახვითი მიმართულება არაცნობიერსა და წარმოსახულს ემყარება. ახალი ფიქცია საყოველთაოდ ცნობილი სამეცნიერო ფანტასტიკური მიმართულების რადიკალიზაციას წარმოადგენს და მიზნად ისახავს ადამიანის სულში არსებული პოეტური სიღრმეების შეცნობას, რისი მიღწევაც შეუძლებელია ყოველდღიური ცხოვრების უბრალო ტრანსკრიფციით. ამისთვის აუცილებელია ქვეცნობიერი თუ წარმოსახვითი ნიღბების თამაში.

ახალ ფიქციაში განასხვავებენ სხვადასხვა ტენდენციებს. ავტორთა ერთი ნაწილი უპირატესობას ანიჭებს დროში მოგზაურობას: ერთი ინტრიგის ფონზე ხდება სხვადასხვა წარსული ეპოქის გაცოცხლება, რაც ხშირად წმინდა ფანტასმაგორიაში იზრდება. ამგვარად სტრუქტურირებული ისტორიული ამბავი სრულიად ახალი კუთხით გაიაზრება, რის საშუალებასაც რეალისტური მიდგომა არ იძლევა. წარსულის ფანტასტიკური გაცოცხლება ხდება ფარაონის სიცილში (ფ. კუპრი, 1984), კონფუცის სიზმარსა (ჟ. ლევი, 1989) თუ შუშის კოშკში (ჟ.ო. შატორეინო, 1994). მწერალთა მეორე ნაწილი სივრცეში მოგზაურობას გვთავაზობს. განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს აღმოსავლური (ტიბეტური ოცნება, პ.კარე, 1994; დიდი იმპერატორი და მისი ავტომატები, ჟ. ლევი, 1985), გერმანული და ებრაული სამყარო. ხშირად მწერალი თავადვე იგონებს ახალ ადგილებსა და ცივილიზაციებს. დროისა და სივრცის ტრანსგრესიას მითოლოგიური პერსონაჟები და სიუჟეტებიც ემატება.

საინტერესოა ახალი ფიქციისათვის დამახასიათებელი თხრობითი კონსტრუქციების თავისებურებაც. მონათხრობი და თხრობის მანერა იმგვარად ირევა ერთმანეთში, რომ ფიქცია თავადვე იქცევა ფიქციის შესახებ მსჯელობად. ამის ნათელი მაგალითია ისეთი რომანები, როგორიცაა: ჩინელი მხედრის ზღაპრები (ფ. კუპრი, 1994), რომლის თითოეული თავი ცალკე ზღაპარს შეიცავს; სტეფანი ფანისტე (ფ. ტრისტანი, 1997), რომელშიც უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო მოანთხრობია ჩართული; სიმაღლის სურნელი (ს. ჟუტი, 1999), სადაც სამი სხვადასხვა, მაგრამ ურთიერთდაკავშირებული ამბავი ერთმნეთის ინტერპრეტაციას წარმოადგენს.