ახალდაბის წმინდა გიორგის ეკლესია (ტყიბული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალდაბის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში.

მცირე ზომის დარბაზული ეკლესია აგებულია სხვადასხვა ზომის ქვებითა და კირხსნარით. ეკლესია გარედან მართკუთხა ფორმისაა. იგი დგას კედლებიდან 0.3 მეტრით გამოზიდულ ცოკოლზე. მას დასავლეთისა და სამხრეთის მხარეს აქვს კარის ღიობები. კედლებზე შემორჩენილია, ინტერიერში გაფართოებული ექვსი სარკმელი, მათგან ორ-ორი სამხრეთისა და ჩრდილოეთის მხარესაა, ხოლო თითო-თითო კი დასავლეთისა და აღმოსავლეთის მხარეს. ინტერიერის კედლები შედარებით მომცრო ზომის ქვებითაა ამოყვანილი ვიდრე საფასადე მხარე. ცენტრალური დარბაზის კამარა გადაყვანილია გათლილი მალებითა და ცერზე მდგარი ფილაქვებით, ხოლო საკურთხევლის ცა გამოყვანილია უფრო ფართე, ოთხკუთხა ფორმის ქვებით. იატაკი მოწყობილია სხვადასხვა ზომის ქვებით. ამბიონი იატაკიდან ერთი საფეხურითაა აწეული. ამბიონისა და საკურთხევლის იატაკი შედარებით გვიანდელი გადაწყობილი უნდა იყოს, შესაძლოა XIX საუკუნეშიც კი. საკურთხევლის კედლებში ამოღებულია ორი თახჩა. სამხრეთის კედელში ოთხკუთხა ფორმის, ხოლო ჩრდილოეთის კედელში თაღოვანი. ტრაპეზი მცირე ზომისაა და იგი თანამედროვე დროს უნდა იყოს. ეკლესიის ინტერიერში შეიმჩნევა შელესილობის კვალი, რომელზეც შესაძლოა ფრესკები ყოფილიყო მოხატული. ეკლესიას შემოუყვება კარგად დამუშავებული კარნიზი. ჩრდილო-დასავლეთ ფასადზე კარნიზთან ახლოს აქვს ორნამენტი. დასავლეთის კარების არქიტრავზე გამოკვეთილია ჯვრის გამოსახულება. ჯვრის ჰოროზონტალური მკლავები შემკულია სამ-სამი ფოთლოვანი ორნამენტით. ზედა მკლავი კი ოთხი ფოთლოვანი ორნამენტით. საყრდენი მკლავი კი ნახევარმთვარის გამოსახულებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16101