აჭანდარის დოლმენები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აჭანდარის დოლმენებიძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევრის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლი. მდებარეობს გუდაუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭანდარაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა.

აჭანდარის დოლმენებს, 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

დოლმენები უძველესი მეგალითური სამარხი ნაგებობებია, რომლებიც აღმოჩენილია აფხაზეთის ტერიტორიაზე. აფხაზეთის უძველესი დოლმენები ადრე ბრინჯაოს ხანისაა. მათი მშენებლობა ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევარში დაიწყო. ამ ხანის აფხაზეთის დოლმენები მომცრო და ტლანქად ნაგებია. შუა ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარი) დოლმენები კი უფრო მოზრდილი და უკეთ ნაგებია.

აფხაზეთის დოლმენები აგებულია ოთხ-ოთხი ვერტიკალურად დაყენებული მასიური ბრტყელი ქვისაგან და ასეთივე ქვითაა გადახურული (ცალკეული ქვების წონა 50 ტონას აღემატება). ზოგ დოლმენს იატაკადაც ქვის ფილა აქვს. აფხაზეთის დოლმენების გეგმა ტრაპეციის ფორმისაა. წინა ფართო კედელში, რომელიც უპირატესად მოქცეულია სამხრეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით, გამოჭრილია 0,4 მ. დიამეტრის მრგვალი ხვრელი, რომელიც ქვის საცობით იხურებოდა. გვერდითა კედლებსა და იატაკის ქვებზე სიმკვრივისათვის ხშირად ნარიბანდებია ამოკვეთილი კედლების გასწვრივ, გარედან კი დიდი ქვებია შემოწყობილი.

დოლმენებში, გარდა უწესრიგოდ მიმოფანტული ძვლებისა, აღმოჩენილია ცულები, შუბისპირები, სამკაულები, თიხის ჭურჭელი და ა. შ.

დოლმენების დიდი ნაწილი ახლა სრულიად მოუვლელია. დოლმენების ცალკეული ექსპონატები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]