არტოზანის ნასოფლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არტოზანის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი თელავის მუნიციპალიტეტში, მდ. თურდოს მარცხენა ნაპირზე.

ტოპონიმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილია, რომ ერთ-ერთი ასურელი მამა, შიო მღვიმეში დასახლებამდე არტოზანში მოღვაწეობდა. იქვე მოღვაწეობდა მარტყოფში დამკვიდრებამდე ანტონ მარტოფელიც. საინტერესოა ტოპონიმი არტოზანი — არტაშანი, რაც ცეცხლთაყვანისცემცემლობას, ნიშნავს. ზოროასტრიზმის მძლავრი კერა იყო ნეკრესში, რაც დასტურდება წერილობითი წყაროებისა და არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით. ამიტომ გასაკვირი არაა აღნიშნულ რეგიონში ასურელ მამათა აქტიური მოღვაწეობა და ამ პატარა ადგილზე ეკლესიების განსაკუთრებული სიმრავლე.

ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არტოზანში შეაწავლილია „ყველაწმინდის ეკლესია“. ის სამეკლესიანი ბაზილიკაა სამი აფსიდით. ეკლესიას დასავლეთიდან აქვს დახურული, უკარო გარსშემოსავლელი. ჩრდილოეთ ნავში გამოყოფილია მართკუთხა ფორმის პასტოფორიუმი. ეკლესია აშენებულია რიყის ქვით კირდუღაბზე. კუთხეებში პილასტრებად გამოყენებულია გათლილი შირიმის ქვა. მთავარი ეკლესია მაღალია და ფართო. აფსიდა გეგმაში ნალისებურია. შუაში დატანებული აქვს ფართო სარკმელი. სარკმლის ორივე მხარეზე ორი ნიშაა. საკურთხეველი გამოყოფილია გვიან აშენებული კანკელით. ცენტრალური ნავიდან გაჭრილია ოთხი გასასვლელი, რომლითაც ის უკავშირდება სამხრეთ და ჩრდილოეთ ნავებს, აგრეთვე გარსშემოსავლელს.

სამხრეთის ეკლესიას (ნავს) აქვს ნალისებური აფსიდა, რომელშიც სარკმელია დატანებული. ეკლესიას (ნავს) სამხრეთიდან აქვს სამი კარი. ჩრდილოეთი ეკლესიის (ნავის) აღმოსავლეთ ნაწილში გამოყოფილია მართკუთხა ფორმის სენაკი-სამსხვერპლო, სარკმლითა და ნიშით. ის კარით უკავშირდება საკურთხეველს. სამსხვერპლოში დგას შირიმის ქვებით ნაგები ოთხკუთხა კვარცხლბეკი. დასავლეთის გარსშემოსავლელი წარმოადგენს ერთ მოგრძო დერეფანს, რომელიც სამივე ნავს აკავშირებდა ერთმანეთთან. საკურთხეველში შეიმჩნეოდა უძველესი მოხატულობის კვალი. უფრო მოგვიანო მოხატულობა შემორჩენილია დერეფანში. ეკლესია თარიღდება VII-VIII საუკუნეებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მინდორაშვილი დ., საქართველოს არქეოლოგია, ნაწილი I, გამომცემლობა „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ბათუმი, 2014, გვ. 178-179