არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმე
კოორდინატები: 42°28′03″ ჩ. გ. 42°27′03″ ა. გ. / 42.4675694° ჩ. გ. 42.4508750° ა. გ. / 42.4675694; 42.4508750
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მარტვილის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 790 მ
სიგრძე 1300 მ
ამგებელი ქანები კირქვა
არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმე — საქართველო
არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმე
არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმე — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმე

არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმე, ტობის II მღვიმეკარსტული მღვიმე საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ასხის კირქვული მასივის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ტობის აუზში, სოფელ მეორე ბალდის ჩრდილო-აღმოსავლეთით 5 კმ-ზე, ზღვის დონიდან 790 მ სიმაღლეზე. აქვს დერეფნის ფორმა.[1]

შესასვლელი ქარაფის გასწვრივ იხსნება. ჯამური სიგრძე 1300 მ აღემატება. საშუალო სიმაღლე 9 მ, საშუალო სიგანე 5 მ. 100 მ-ზე აჩენს 550 მ სიგრძის მეანდრს, ხოლო 850 მ-ზე იკეტება სიფონური ტბით, რომლის ფართობია 150 მ². მღვიმის ჭერის სიმაღლე მერყეობს 8–30 მ ფარგლებში. მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ძირითადი მაგისტრალი ინვითარებს განშტოებებს. პირველი განშტოება შესასვლელიდან 100 მ-ზეა, მეორე პირველი განშტოებიდან 40 მ-ით მაღლაა.[2]

გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებიან კირქვებში. სამიარუსიან, მრავალგანშტოებიან მღვიმეში რამდენიმე დარბაზია, რომელთა შორის გამოირჩევა: „ნონას დარბაზი“, „სალონი“, „ნანას დარბაზი“, „უნივერსიტეტი-50“, „ტბიანი“ და სხვა დარბაზები.[1] მღვიმიდან გამომავალი მდინარე საქართველოში ყველაზე მაღალ — 234 მ სიმაღლის ტობის ჩანჩქერს აჩენს.[3]

არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმე მდიდარია ჰემოგენური ნალექებით. ქიმიური ნალექები მრავალფეროვანი ფორმებით არის წარმოდგენილი. გვხვდება სტალაქტიტები, სტალაგმიტები, სვეტები; მექანიკური ნალექებიდან ნგრევის ადგილობრივი მასალა — ლოდები და ალუვიონი. ჰავა დინამიკურია. ჰაერის ტემპერატურა შესასვლელთან 14,4°C, 1000 მ-ზე 13°C, 400 მ-ზე 12,4°C. მღვიმეში გაედინება მიწისქვეშა ნაკადი, რომლის დებიტია 0,276 მ³/წმ, ხოლო წყლის ტემპერატურა 10,2°C.[2]

არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმე ძნელად მისადგომია და სპეციალური აღჭურვილობის გარეშე იქ ასვლა არ არის რეკომენდებული, ხოლო შიგნით სამოგზაუროდ საჭიროა რეზინის ნავი. შედგენილია გეგმა. ბუნების ძეგლია.[4]

მღვიმეს სახელი ეწოდა ქართველი სპელეოლოგის არსენ ოქროჯანაშვილის სახელი, რომელიც 1965 წელს ტრაგიკულად დაიღუპა ამ მღვიმის გამოკვლევის დროს. 1966 წლის სამეცნიერო ნაშრომში — „საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი“, აღნიშნული მღვიმე რეგისტრირებულია არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის სახელით.[2]

2023 წელს დაცული ტერიტორიების სააგენტომ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დახმარებით მღვიმის მდგრადი განვითარების პროექტის განხორციელება დაიწყო.[5]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 კუკური წიქარიშვილი. საქართველოს კარსტული მღვიმეები, თბ., 2013, გვ. 24–25
  2. 2.0 2.1 2.2 ავტორთა კოლექტივი. საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966, გვ. 79–80.
  3. საქართველოს სსრ წითელი წიგნი, „საბჭოთა საქართველო“, 1982, გვ. 224
  4. დაცული ტერიტორიების სააგენტო | ტობის ჩანჩქერისა და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების ძეგლები
  5. დაცული ტერიტორიების სააგენტო არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის მდგრადი განვითარების პროექტს ახორციელებს