მისიონერების ღვთისმშობლის საფარველის პირველი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მისიონერების ღვთისმშობლის საფარველის პირველი ეკლესია

გადაღებულია 1901 წლამდე

მისიონერების ღვთისმშობლის საფარველის პირველი ეკლესია — საქართველო
მისიონერების ღვთისმშობლის საფარველის პირველი ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°41′43″ ჩ. გ. 44°48′36″ ა. გ. / 41.69528° ჩ. გ. 44.81000° ა. გ. / 41.69528; 44.81000
რელიგიური კუთვნილება საქართველოს საეგზარქოსო
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

მისიონერების ღვთისმშობლის საფარველის პირველი ეკლესია — თბილისში, კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღდგენის საზოგადოების მიერ აშენებული პირველი სამლოცველო სახლი-ეკლესია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის და საძმოს წევრის მამა ისიდორეს ინიციატივით მისიონერების მოღვაწეობა თბილისში დაიწყო 1891 წლის აგვისტოდან, როდესაც იხსნება მისიონერების ღვთისმშობლის საფარველის პირველი ეკლესია, თბილისის ღარიბ და არაკეთილმოწყობილ უბანში — რიყეზე.

რიყე მდებარეობდა მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ავლაბარსა და ჩუღურეთს შორის. აქ გადიოდა რუსეთს მიმავალი გზა — ავჭალის დიდი გზა. XIX საუკუნეში აქ მდებარეობდა ბაზარი, ქარვასლა, მკალავების, ხარაზების და მღებავების სახელოსნოები. მტკვრის ადიდებისას რიყეს ტერიტორია ხშირად იტბორებოდა, წყლის გაბრუნების შემდეგ ქუჩებში ბევრი ლამი რჩებოდა და ამიტომ აქ მცხოვრებლებმა მას “პესკები” შეარქვეს. ამუბანში ცხოვრობდა მრავალი ეროვნებისა და, შესაბამისად, სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანი. იმის გამო, რომ თბილისის ამ უბანში არ იყო არცერთი ეკლესია, მართლმადიდებელი მრევლი ადვილად გადადიოდა სხვა აღმსარებლობაზე. რიყეზე საკმაოდ კარგად ჰქონდა ფეხი მოკიდებული ქრისტიანობის სხვადასხვა მიმართულებების წარმომადგენლებს — მოლოკნებს, სუბოტნიკებს, შტუნდისტებს და სხვა. სწორედ აქედან დაიწყეს მისიონერებმა თავისი მოღვაწეობა თბილისში.

თავდაპირველად მამა ისიდორე ქადაგებდა მოლოკნების სამლოცველო სახლში, ხოლო 1892 წლიდან კი ქადაგება გააგრძელა ციციანოვის აღმართის დასაწყისში, რიყის ქ. №47-ში მდებარე ბრიხნიჩევის სახლის ერთ ოთახში, რომელშიც წირვა მხოლოდ კვირაობით და სადღესასწაულო დღეებში იმართებოდა. მამა ისიდორე (მიხაილოვსკის) თხოვნით კავკასიაში ქრისტიანობის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოუყო თანხა ბრიხნიჩევის სახლის მთლიანად ქირაობისათვის და მასში სამლოცველოს მოსაწყობად. უკვე 1892 წლის იანვარში მოხერხდა სამლოცველო სახლის გახსნა, რომელიც ღვთისმშობლის საფარველის სახელობაზედ ეკურთხა და მას მისიონერების პირველი ეკლესია ეწოდა. 1892 წლის 1 სექტემბრის „საქართველოს საექსარხოსოს სასულიერო მოამბეში“ ვკითხულობთ, რომ: „ეკლესია ამდროისათვის წარმოადგენს ერთ დიდ დარბაზს, რომელიც განათებულია ქუჩის მხრიდან ხუთი ფანჯრით, ხოლო ეზოდან ორით. ქუჩაში გამავალ სახლის აივნის ადგილას მოწყობილია საკურთხეველი. კანკელში ჩადგმულია მაცხოვრის, ღვთისმშობლის და სხვა ხატები, რომლებიც ეკლესიას შესწირა კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის გამავრცელებელმა საზოგადოებამ. კედლებზე სხვადასხვა ზომის შემოწირული ხატებია. დარბაზის შუაში აღმართულია ბიზანტიური სტილის გრანდიოზული გუმბათი, რომელსაც პილასტრებს შორის წაგრძელებული ფანჯრები აქვს. გუმბათი გარედან მოჭედილია თეთრი რკინით, ამიტომ მისიონერების ეკლესია თბილისის სხვადასხვა ადგილიდან მოჩანს. …ეს ეკლესია ყოველთვის სავსეა მომლოცველებით. აქ ვერ შეხვდებით ე. წ. ინტელიგენციის წარმომადგენლებს, ეკლესიის მრევლი მხოლოდ უბრალო ხალხია, ამიტომ ისინი აქ თავს თავისუფლად, როგორც საკუთარ სახლში გრძნობენ“. უკვე 1892 წლის ნოემბერში ეკლესიასთან იხსნება სამრევლო სკოლა ვაჟებისა და გოგონებისათვის.

საქართველოს ეგზარქოსის კურთხევით 1898 წლის 20 ნოემბრიდან ეკლესიაში მსახურებას იწყებს მისიონერი ა. ლევიცკი და სასულიერო სემინარიის მასწავლებელი ს. მურახოვსკი. 1899 წლის შემოდგომიდან ეკლესიის წინამძღვრად ინიშნება ი. სინეოკოვ–ანდრეევსკი, რომლის შემდეგი წყება ამ ეკლესიის აღორძინება. საძმოს 1908 წლისანგარიშში ვკითხულობთ, რომ “თვითონ შენობა საკმაოდ უბადრუკად გამოიყურებოდა, იყო ისეთივე ჭუჭყიანი, როგორც მის გვერდით მდებარე შენობები”. იმის გამო, რომ ეს ტერიტორია, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ხშირად იტბორებოდა, სამისიონერო საზოგადოებამ გადაწყვიტა მახლობლად ახალი საკუთარი შენობის აგება.

ფოტოგრაფ პროკუდინ გორსკის 1910 წლის თბილისის პანორამულ ფოტოებზე კ. ხეთაგუროვის (ყოფ. რიყის), შ. გამცემლიძის და ნ.ჩხეიძის ქუჩებით შემოფარგლულ ტერიტორიაზე მოჩანს რუსული სტილის მრავალგუმბათიანი ეკლესია, რომელიც ჯერკიდევ არარის აღბეჭდილი XX საუკუნის დასაწყისის საარქივო ფოტოებსა და თბილისის გეგმებზე.

იგი იყო აგურით აგებული, ტიპური რუსული არქიტექტურის იერის მქონე სატაძრო ნაგებობა, მცირე გუმბათებით აქცენტირებული დასახსრული სტრუქტურით, რომელთა შუაში აღმართული იყო ცენტრალური სპეციფიკური ფორმის გუმბათი. ეს ტაძარი პირველად აღნიშნულია თბილისის 1913 წლის გეგმაზე როგორც მისიონერების ეკლესია და 1924 წლის გეგმაზე იგი უკვე აღარ ჩანს. საფიქრელია, რომ ეს მრავალგუმბათიანი ეკლესია სამისიონერო საზოგადოების მიერ 1908-1910 წლებშია აგებული. სავარაუდოა, რომ იგი მალევე დაანგრიეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მ. ქუთათელაძე, გ. წერეთელი, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 472-473