კარმენი (ოპერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟორჟ ბიზე

კარმენიჟორჟ ბიზეს ოპერა 4 მოქმედებად. ლიბრეტო — ანრი მელიაკი, ლუდოვიკ ჰალევი.

შექმნის ისტორია, პრემიერა და შეფასებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოპერა „კარმენი“ ფრანგმა კომპოზიტორმა ჟორჟ ბიზემ ანრი მელიაკის და ლუდოვიკ ჰალების ლიბრეტოს მიხედვით შექმნა, რომელიც თავის მხრივ პროსპერ მერიმეს ერთსახელიან ნოველას ეყრდნობოდნენ. „კარმენის“ პრემიერა პარიზში, Opera-Comique-ის სცენაზე 1875 წლის 3 მარტს შედგა და წარუმატებელი იყო. ბიზე მალევე გარდაიცვალა და არ მოსწრებია თავისი ოპერის დიდ აღიარებას.[1]

აღსანიშნავია, რომ Opera-Comique არის როგორც საოპერო თეატრის, ასევე ფრანგული ოპერის სპეციალური ჟანრის სახელწოდება. „კარმენი“ Opera-Comique-ის ჟანრშია დაწერილი, სადაც მუსიკალური ნომრები გამიჯნულია ერთმანეთისაგან დიალოგებით და მოგვითხრობს გულუბრყვილო ჯარისკაც დონ ხოსეზე, რომელიც უარს ამბობს შეყვარებულზე და ჯარში მსახურებაზე მგზნებარე ბოშა ქალის, კარმენის გამო. თუმცა ხოსე მალევე კარგავს კარმენს რადგან კარმენმა ტორეადორი აირჩია. ეჭვიანობის ნიადაგზე ხოსე კლავს ბოშა ქალს. პროლეტარული ცხოვრების, უზნეობის და უკანონობის აღწერამ, ასევე მთავარი გმირის სცენაზე ტრაგიკულად სიკვდილმა, ფრანგულ ოპერაში ახალი მიმართულება წარმოქმნა, რაც ძალზედ საკამათო თემად იქცა. პრემიერის შემდეგ რეცენზიების უმრავლესობა კრიტიკული იყო, ფრანგული საზოგადოება კი იდეფერენტული. თავდაპირველად „კარმენმა“ სახელი საფრანგეთის საზღვრებს გარეთ მოიხვეჭა და პარიზში 1883 წლამდე არ დადგმულა. მას შემდეგ ამ ოპერამ დიდი აღიარება მოიპოვა როგორც მშობლიურ ქვეყანაში, ისე უცხოეთში და დღესაც აგრძელებს ტრიუმფალურ მსვლელობას ყველა საოპერო თეატრის სცენაზე. საინტერესოა, რომ მსოფლიოში არსებული მრავალ საოპერო არიას შორის ხალხში ყველაზე პოპულარულია „ჰაბანერა“ „კარმენის“ I მოქმედებიდან და აგრეთვე „ტორეადორის სიმღერა“ ამავე ოპერის II მოქმედებიდან. კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ოპერა „კარმენი“ თავისებური ხიდია Opera-Comique-სა და ვერიზმის რეალიზმს შორის, რაც XIX საუკუნის იტალიური ოპერის დამახასიათებელ საწყისს წარმოადგენდა.

კომპოზიტორის გარდაცვალების შემდეგ ოპერის პარტიტურა შეიცვალა, კერძოდ სალაპარაკო დიალოგები გადაკეთდა რეჩიტატივად. არ არსებობს „კარმენის“ სტანდარტული გამოცემა. „კარმენისადმი“ ინტერესი დღესაც არ ცხრება, კეთდება უამრავი აუდიო და ვიდეო ჩანაწერი, სცენური და კინო ვერსია.

მოქმედი პირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარმენის პარტიის პირველი შემსრულებელი სელესტინა გალი-მარე.
პარტია ხმის ტემბრი შემსრულებელი პრემიერაზე
3 მარტი, 1875
დირიჟორი: ადოლფ დელოფრი
კარმენი მეცო-სოპრანო ან სოპრანო სელესტინა გალი-მარე
დონ ხოსე ტენორი პოლ პერი
ესკამილიო ბარიტონი ჟაკ ბუი
მიქაელა სოპრანო მარგარიტა შაპუი
ცუნიგა ბანი ეჟენ ლუფრიში
მორალესი ბარიტონი ედმონდ დუვერნუა
ფრასკიტა სოპრანო ალისა დუკასი
მერსედესი მეცო-სოპრანო ესტერ შევალე
დანკაირო ბარიტონი პერ-არმან პოტელი
რემენდადო ტენორი ბარნო
ოფიცრები, ჯარისკაცები, ქუჩის ბიჭები, სიგარეტის ფაბრიკაში მომუშავენი,
ახალგაზრდები, ბოშები, კონტრაბანდისტები, ტორეადორები, პიკადორები, ხალხი

მოკლე შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"მოქმედება ხდება ესპანეთში, დაახლოებით 1830 წელს

პირველი მოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სევილიის თამბაქოს ფაბრიკის მახლობლად საგუშაგოა განლაგებული.მოედანზე ნაირგვარი ხალხი ირევა. სოფლიდან ჩამოსული მიქაელა ეძებს თავის საქმროს — სერჟანტ ხოზეს.

შესვენების დროს ფაბრიკაში მომუშავე ქალები გარეთ გამოვიდნენ. მათ შორისაა კარმენიც-ეშხიანი, მოხდენილი, თამამი. გამომწვევია მისი მგზნებარე ჰაბანერა. კარმენის შეხვედრა ხოზესთან, რომელიც არა ჰგავს მის დანარჩენ მოტრფიალეებს,მოულოდნელად აფეთქებული, საბედისწერო სიყვარულის დასაწყისი. კარმენის ნასროლმა ყვავილმა სიმშვიდე დაუკარგა ხოზეს.

საცოლის მოსვლამ ხოზეს დროებით დაავიწყა ბოშა ქალი. მიქაელამ დედის გამოგზავნილი წერილი და ბეჭედი გადასცა. ხოზე იგონებს თავის სახლ-კარს, მშობლიურ სოფელს.

კარმენს აპატიმრებენ ფაბრიკაში ატეხილი ჩხუბის გამო. კაპიტანი ცუნიგა (Zuniga) ხოზეს ავალებს კარმენის ციხემდე გაცილებას, მაგრამ კარმენით მოხიბლული ხოზე ბრძანებას არღვევს და ბოშა ქალს გაქცევაში ეხმარება. ხოზეს აპატიმრებენ.

მეორე მოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიზე- კარმენი- ტორეადორის სიმღერა

ტავერნაში ხალხმრავლობაა. ტავერნა კონტრაბანდისტების შეკრების საიდუმლო ადგილია. კარმენი თავის მეგობარ ფრასკიტასა და მერსედესთან ერთად ცეკვა-სიმღერით ართობს სტუმრებს. თაყვანისმცემლების თანხლებით შემოდის მამაცი, თავის თავში დაჯერებული ტორეადორი ესკამილიო, რომლის ცხოვრება ხიფათით არის სავსე. კარმენი მას ყურადღებას არ აქცევს. იგი ელის ხოზეს, რომელიც ციხიდან გამოუშვეს. ბნელდება. ტავერნა თანდათან ცარიელდება. კონტრაბანტისტებს სახიფათო ოპერაციის ჩატარება გადაუწყვეტიათ. კარმენი მათთან ერთდ წასვლაზე უარს ამბობს-იგი ხოზეს ელის. ხანმოკლე აღმოჩნდა მათი შეხვედრა. საყვირის ხმა ხოზეს ყაზარმისკენ უხმობს. მასში ერთმანეთს ებრძვის კარმენის სიყვარული და მოვალეობის გრძნობა. კარმენისათვის გაუგებარია ხოზეს შეშფოთება. კარმენთან შესახვედრად ტავერნაში მოდის ხოზეს უფროსი, კაპიტანი ცუნიგა. ეჭვით შეპყრობილი ხოზე ხმალს იშიშვლებს!.. სამხედრო წესი დარღვეულია! ხოზესთვის უკან დასახევი გზა არ არის... იგი კარმენთან რჩება. ...კონტრაბანტისტები კარმენისა და ხოზეს ნიშნობას აღნიშნავენ. ხოზე ჩუქნის დედისეულ ბეჭედს

მესამე მოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღამეა. კონტრაბანდისტები მთებში დაბანაკდნენ. მათთან ერთად არის კარმენი და ხოზე. გლეხურ ცხოვრებას მონატრებულ ხოზეს სინდისის გრძნობა ქენჯნის. მას მხოლოდ კარმენისადმი სიყვარული აჩერებს კონტრაბანდისტების ბანაკში. ბოშა ქალები მკითხაობენ. ბანქო ფრანსკიტასა და მერსედესს ბედნიერებას, კარმენს კი სიკვდილს უწინასწარმეტყველებს. მოულოდელად გამოჩნდება კარმენით მოხიბლული ესკამილიო, რომელიც მშვენიერ ბოშა ქალს ეძებს. ხოზე თავს ესხმის ტორეადორს. კარმენი აშველებს მეტოქეებს. ხოზე შენიშნავს მიქაელას, რომელიც მის წასაყვანად არის მოსული. კარმენი რწმუნდება, რომ ხოზესთვის ძნელია წარსულთან კავშირის გაწყვეტა, კონტრაბანტისთა წრეში ცხოვრება. იგი ურჩევს ხოზეს ბანაკის დატოვებას, მაგრამ ხოზეს ჰგონია, რომ კარმენს ესკამილიოს გამო სურს მისგან გათავისუფლება, იგი გადაწყვეტს დარჩეს, რათა შური იძიოს. მაგრამ ცნობა მომაკვდავი დედის შესახებ აიძულებს მას დატოვოს კარმენი.

მეოთხე მოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათელი, მზიანი დღეა. მოედანი სავსეა ხალხით. ყველა მოუთმენლად ელის კორიდის დაწყებას. ზარ-ზეიმით ხვდებიან ესკამილიოს, რომელსაც აღფრთოვანებით ესალმება კარმენიც. ფრასკიტა და მერსედესი აფრთხილებენ კარმენს, რომ ხოზეც აქ არის, მაგრამ კარმენი არაფრად აგდებს მათ სიტყვებს. კარმენი ცირკისკენ ისწრაფვის. ხოზე აჩერებს კარმენს. სიყვარულით, მუდარით სავსე სიტყვებით მიმართავს, ამაოდ სთხოვ ახალი ცხოვრბის დაწყებას, შემდეგ ემუქრება, კიდეც, მაგრამ თავისუფლების მოყვარული კარმენი იძულებით სიყვარულს სიკვდილს ამჯობინებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ოპერა "კარმენის-ს ოფიციალური გამომცემელია "Alkos-Edition Kassel Gmbh"/ კარმენი თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეტრი