შინაარსზე გადასვლა

ხორას მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხორას მონასტერიბიზანტიური ეპოქის მონასტერი სტამბოლში. 1948 წლიდან გახსნილია ტურისტებისათვის. შედის სტამბოლის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

ამჟამად არსებული ეკლესია აგებულია 1077-1081 წლებში მარია დუკას მიერ, რომელიც იყო იმპერატორ ალექსი I კომნენოსის სიდედრი. ნახევარი საუკუნის შემდეგ, სავარაუდოდ მიწისძვრის გამო, ეკლესიის კამარა ჩამოიშალა და იმპერატორ ალექსის უმცროსმა შვილმა მისი სარესტავრაციო სამუშაოები დააფინანასა.

1315-1321 წლებში ხორას მონასტერი კიდევ ერთხელ გადააკეთეს პალეოლოგოსების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ტაძრის ქტიტორი იყო თეოდორე მეტოხიტი, რომელმაც თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა მონასტერში, როგორც უბრალო ბერმა. მონასტრის მოზაიკა და ფრესკები არის პალეოლოგოსების რენესანსის მხატვრული მიღწევა.

1453 წელს, კონსტანტინოპოლის ალყის დროს ტაძარში დააბრძანეს ღვთისმშობლის ხატი ოდიგიტრია. ნახევარი საუკუნის განმავლობაში ოსმალებმა თეთრად გადაღებეს ბიზანტიური პერიოდის მხატვრობა და ტაძარი 1511 წელს მეჩეთად გადააკეთეს[1]. მონასტერს 1945 წლიდან მუზეუმის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.

თურქეთის სახელმწიფო საბჭომ ბიზანტიური ეპოქის მონასტრისათვის მინიჭებული მუზეუმის სტატუსი ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს გააუქმა. 2020 წელს პრეზიდენტის განკარგულებით, ტაძარი რელიგიის საკითხთა დირექტორატს გადაეცემა და ის მეჩეთად გადაკეთდება[1][2].