ჭილ-ეტრატის იადგარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭილ-ეტრატის იადგარი
ჭილ-ეტრატის იადგარი
საუკუნე IX საუკუნე
გვერდები 313
ფურცლის ზომა 11,2X10 სანტიმეტრი
დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრი (ფონდი: H-2123)

ჭილ-ეტრატის იადგარიX საუკუნის ქართული ხელნაწერი იადგარი. შინაარსობრივად VII-VIII საუკუნეების იერუსალიმურ პრაქტიკას ასახავს. მისი ბერძნული მოდელი დღეს დაკარგულია. ტექსტი კუთხოვანი ასომთავრულითაა შესრულებული, ახლავს მარგინალური ნიშნები. ერთ-ერთ მინაწერში მოხსენიებულია იოვანე, რომელიც, სავარაუდოდ, გადამწერია. გადაწერილია საბაწმიდის მონასტერში.

ჭილ-ეტრატის იადგარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უპირველესად, საწერი მასალის თვალსაზრისით; მასში ერთდროულად გამოყენებულია როგორც ჭილის (პაპირუსი), ისე ეტრატის ფურცლები. შეიცავს 313 ფურცელს; ფურცლის ზომებია 11,2X10 სანტიმეტრი.

ხელნაწერი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (ფონდი: H-2123).

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ზემოთ ითქვა მისი ზოგი ფურცელი ჭილისაა (184 ფ.), ზოგი – ეტრატის (129 ფ.). სულ ხელნაწერში 313 ფურცელია,[1] რომელიც ამჟამად სამ ნაწილადაა გაყოფილი და ცალ-ცალკე ყდაში ჩასმული. თავში 21 ფურცელი დაკარგულია, აკლია ბოლოშიც.[2] გადარჩენილი ბოლო ფურცლებიც ძალზე დაზიანებულია. ტექსტი ნაწერია ერთ სვეტად, შავი მელნით, სათაურები წითურად. ასოთა მოხაზულობა გარდამავალია მრგლოვანიდან კუთხოვნისაკენ. ხელი ერთია, ოღონდ, როგორც აკაკი შანიძე აღნიშნავს, გადამწერი „ჭილის ფურცლებზე უფრო მსხვილად წერს, ვიდრე ეტრატისაზე, რაც, უთუოდ, საწერი მასალის ბუნებით არის გამოწვეული“. ხელნაწერის ერთ-ერთი საყურადღებო თავისებურებაა ქარაგმიანი სიტყვების მეტისმეტი სიხშირე. დედანი, საიდანაც გადმოუწერიათ ეს იადგარი, მთლად მოსაწონი არ ყოფილა, რასაც მოწმობს გადამწერის შენიშვნები: „ადიდებდითსა ზემო ადამირჩეს და ქუემოთ დავწერენ: დედაი ალქატი იყო“; „ღმერთმან დაგაჯეროს ყოველთა, შე მინდვეთ, ესე დასადებელნი არა ამის ადგილისანი, გარნა დე დანი ურვილნი მქონდეს“. გადამწერი უნდა იყოს ვინმე იოანე, რომელიც ერთ-ერთ მინაწერში იხსენიება: „ღმერთო, შეიწყალე იოვანე. ამენ“.

აღმოჩენა და კვლევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოჩენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გასული საუკუნის შუა წლებამდე იადგარი პალესტინაში საბაწმინდის მონასტერში იყო დაცული. XIX საუკუნის 50-იან წლებში და სინას მონასტრები მოიარა ცნობილმა რუსმა საეკლესიო ისტორიის მკვლევარმა პორფირი უსპენსკიმ, რომელსაც საბას მონასტრიდან წამოუღია ჭილ-ეტრატის იადგარი, მაგრამ არ სცოდნია, რომ ხელნაწერი ქართული იყო და რატომღაც ეთიოპური ჰგონებია იგი. სამ ნაწილად გაყოფილი ხელნაწერი პორფირის ცალ-ცალკე ყდაში ჩაუსმევინებია და ზედ ლათინური წარწერაც გაუკეთებინებია: „ეთიოპიური ხელნაწერი პაპირუსისა“. 1883 წლის იანვარში პორფირის, რომელიც იმ დროს უკვე ეპისკოპოსი იყო, მისი ხელნაწერების კოლექციის გასაცნობად ეწვია პროფესორი ალქსანდრე ცაგარელი, რომელმაც იადგარიც ნახა და აუხსნა მასპინძელს, რომ სინამდვილეში ის ქართული იყო. ამის შემდეგ უსპენსკის პირველი ტომის თავფურცელზე წაუ წერია: ,,Эти три книжицы на папирусе грузинские бого служебные, но не евангелие, и не апостол, и не псалтырь. Е. Порфирий".

საქართველოში ჩამოტანა და კვლევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1885 წელს იგი გარდაიცვალა და მისი ხელნაწერები პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკამ შეიძინა. ჭილ-ეტრატის იადგარიც იქ ინახებოდა, ვიდრე მთავრობის დადგენილებით 1923 წელს საქართველოს არ გადმოეცა. პირველი ცნობები ჭილ-ეტრატის იადგარის შესახებ წარმოდგენილია ალექსანდრე ცაგარელის ნაშრომში ,,Памятники rpyзинской crapины в Святой земле и на Синае",[3] რომელიც 1888 წელს დაიბეჭდა პეტერბურგში. მას დამატების სახით ერთვოდა იერუსალიმისა და სინის მონასტრების ქართულ ხელნაწერთა კატალოგები, აგრეთვე ჭილ-ეტრატის იადგარის ექვსი გვერდის ფაქსიმილე. ეს კატალოგები უცვლელად არის დაბეჭდილი ავტორის მეორე ნაშრომში ,,Сведения о памят никах грузинской письменности" (II, CПЬ., 1889), რომელსაც ფაქსიმილესთან ერთად ერთვის იადგარის რამდენიმე გვერდის ფოტოსურათიც. ამ კრებულს ალექსანდრე ცაგარელი „სადღესასწაულოს“ ან „თვენს“ უწოდებს და VII საუკუნეში გადაწერილად მიიჩნევს. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ქართულ ხელნაწერთაგან რომელიმეს დათარიღებას იშვიათად გამოუწვევია ისეთი აზრთა სხვადასხვაობა, როგორიც ჭილ-ეტრატის იადგარს ხვდა წილად.

1905 წ. ჟურნალ „მწყემსში“ დაიბეჭდა კორნელი კეკელიძის წერილი მის მიერ ჭილ-ეტრატის ხელნაწერში გამოვლენილი აბო თბილელის საგალობლების შესახებ.[4] ეს აღმოჩენა საფუძველს აცლიდა ხელნაწერის ცაგარელისეულ დათარიღებას. კორნელი კეკელიძის აზრით, კრებული გადაწერილია „არა უადრეს IX საუკუნის მეორე ნახევრისა, შეიძლება უფრო გვიანაც“. ჭილ-ეტრატის საგალობელთა კრებულს და მის შინაარსს ვრცლად შეეხო კორნელი კეკელიძე თავის ნაშრომში Литургичес кие грузинские памятники в отечественных книгохрони лищах и их научное значение'' (1908 წ.). აქვე წარმოდგენილია საგალობელთა სრული ტექსტების ან ვრცელი ფრაგმენტების სლავური თარგმანი და აბოს საგალობლების მთლიანი ტექსტი ქართულად. იადგარის კვლევას აგრძელებს კორნელი კეკელიძე იერუსალიმური ლექციონარისადმი მიძღვნილ ნაშრომშიც, რომელიც 1912 წელს გამოქვეყნდა. აქ მკვლევარი ყურადღებას ამახვილებს ამ ორი ძეგლის (ლექციონარისა და იადგარის) ლიტურგიკულ კავშირსა და ნათესაობაზე. ჭილ-ეტრატის იადგარიდან სტეფანე პირველმოწამისა და აბო თბილელის საგალობლების ნაწილი შეიტანა აკაკი შანიძემძველი ქართული ენის ქრესტომათიაში“ (1935 წ.).[5] მაშინ მას ხელნაწერი IXX საუკუნეთა მიჯნაზე გადაწერილად მიაჩნდა. IX საუკუნეში გადაწერილად მიაჩნია ჭილ-ეტრატის იადგარი პავლე ინგოროყვას. ასეთივე დათარიღებაა წარმოდგენილი (კ. კეკელიძის ნაშრომის დამოწმებით) საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის H ფონდის ხელნაწერთა აღწერილობაში (ტ. V, 1949 წ.) ხელნაწერის მოკლე აღწერილობა გამოაქვეყნა ილია აბულაძემ პალეოგრაფიულ ალბომში (1-ლი გამ. — 1949 წ., მე-2 გამ. — 1973 წ.), სადაც ძეგლი ხელის მიხედვით IXX საუკუნეებით არის დათარიღებული. ხელოვნებათმცოდნე რენე შმერლინგმა ხელნაწერი შემკულბის მიხედვით X საუკუნის მეორე ნახევარს მიაკუთვნა.

ჭილ-ეტრატის იადგარის სრული ტექსტი გამოსცეს და გამოკვლევა დაურთეს აკაკი შანიძემ, არამ მარტიროსოვმა და ა. ჯიშიაშვილმა. შანიძის რედაქციით („ძველი ქართული ენის ძეგლები“, 15, 1977 წ.).[6] ამჯერად შანიძის გამოკვლევაში ძეგლი ენობრივი ნიშნების მიხედვით XI საუკუნის დასაწყისით არის დათარიღებული. მას შემდეგ, რაც საქართველოში მიღებული იქნა სინურ ხელნაწერთა მიკროფილმები და გაჩაღდა ფართო მუშაობა მათ შესასწავლად, ამ ხელნაწერთა შორის ჭილ-ეტრატის იადგარის ტიპის რამდენიმე ჰიმნოგრაფიული კრებული გამოვლინდა. 1978 წელს გამოიცა ამ ხელნაწერთა ვრცელი აღწერილობა, შედგენილი ელენე მეტრეველის, ცაცა ჭანკიევის, ლილი ხევსურიანისა და ლალი ჯღამაიას მიერ, ხოლო 1980 წელს დაიბეჭდა უძველესი იადგარის ტექსტიც, დადგენილი IXX საუკუნეთა ხუთი ხელნაწერის მიხედვით (მათ შორისაა ჭილ-ეტრატის იადგარიც). იგი გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და საძიებლები დაურთეს ელენე მეტრეველმა, ცაცა ჭანკიევმა და ლილი ხევსურიანმა. მკვლევარ-გამომცემლები თავიანთ ვრცელ გამოკვლევაში გამოთქვამენ საფუძვლიან ვარაუდს, რომ ჭილ-ეტრატის იადგარი გადაწერილი უნდა იყოს IXX საუკუნეთა მიჯნაზე, არა უგვიანეს X საუკუნის დასაწყისისა.

ხელნაწერი ამჟამად დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (ფონდი: H-2123).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 25
  • შანიძე, ა, მარტიროსოვი, ა, ჯიშიაშვილი ა. (1977). ჭილ-ეტრატის იადგარი. თბილისი: „მეცნიერება“.
  • ჭილ-ეტრატის იადგარი. გამოსაცემად მოამზადეს ა. შანიძემ, ა. მარ ტიროსოვმა, ა. ჯიშიაშვილმა. ძველი ქართული ენის ძეგლები. 15. 1977.
  • უძველესი იადგარი. გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და საძიე ბლები დაურთეს ელ .მეტრეველმა, ც. ჭანკიევმა და ლ. ხევსურიანმა. 1980.
  • ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი. ორი ძველი რედაქცია X-XI სს. ხელნაწერების მიხედვით გამოსცა და გამოკვლევა დაურთო ელენე მეტრე ველმა. 1971.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]